Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოსწავლეების საკლასო ოთახებში დასაბრუნებლად იწყება კვლევების ჩატარება მუნიციპალიტეტებში და სოფლად,“ - განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე

„მოსწავლეების საკლასო ოთახებში დასაბრუნებლად იწყება კვლევების ჩატარება მუნიციპალიტეტებში და სოფლად,“ - განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე

განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ჯანდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ დადგეგმილი ერთობლივი კვლევის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში კოვიდ-19-ის გავრცელების პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შემდეგ გადაწყდება სწავლის საკლასო ოთახებში განახლება:

„ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ყოველდღიური მუშაობის საფუძველზე, არსებობს მოლოდინი, რომ ოთხ ოქტომბრამდე დაიწევს ინფიცირების მაჩვენებელი. ჩვენ ვხედავთ დინამიკაში, რომ ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. ორ უწყებას შორის თანამშრომლობით იწყება კვლევების ჩატარება მუნიციპალიტეტებში და სოფლად. მოხდება იდენტიფიცირება იმ სოფლების, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი არის ოთხ პროცენტზე დაბალი. ამ კვლევის შედეგები უნდა წარმოადგინონ სწორედ სექტემბრის ბოლოს. არის მოლოდინი, რომ ​ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა არ გააგრძელებს პროცესს დისტანციურად. არის დაშვება იმისა, რომ გარკვეული მოსწავლეები დაბრუნდნენ სასწავლო ოთახებში.“

ეკატერინე დგებუაძის თქმით, განათლების სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მოსწავლეების სკოლაში დაბრუნების საკითხი:

„ბავშვებში ხდება ამ ინფექციის გავრცელება. ​ჩვენ დავბრუნდებით თუ არა საკლასო ოთახებში, დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე. განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ყველა ნაბიჯს დგამს. შესწავლილი გვაქვს ინტერნეტთან წვდომა, გარემო, ტექნიკის მდგომარეობა. ყველა ამ გათვლასთან ერთად დაიწყება კვლევა. გვინდა მივცეთ თითოეულ ოჯახს, თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში.“

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ განათლება მიიღოს სასწავლო ოთახში. ეს არის პირველი ამოცანა, რომელსაც აყენებს განათლების სისტემა. თუ ​მასწავლებლების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სკოლის ტექნიკური პერსონალის 80 % იქნება აცრილი, ეს მოსწავლეებს ვერ დაიცავს. შესაძლებელია, მოსწავლემ მოიტანოს და მან გაავრცელოს ინფექცია სკოლებში. ჩვენ გვინდა თემში შემცირდეს პროცენტული მაჩვენებელი და ამის შემდეგ მივცეთ მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნების შესაძლებლობა,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​ტელეკომპანია „იმედი“

წაიკითხეთ სრულად