Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს მშობლების საწოლში არ უნდა ეძინოს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვს მშობლების საწოლში არ უნდა ეძინოს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

​​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის მშობელთან ერთად ძილის ჩვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 3-4 წლამდე ასაკის ბავშვს მშობლის საძინებელში უნდა ეძინოს, მაგრამ არა - მის საწოლში:

„რეცეპტები არ მიყვარს, ვითარებას გააჩნია. ზოგადი რეცეპტი არ მუშაობს. კულტურასაც გააჩნია. ადრე დოქტორ სპოკის წიგნი იყო გავრცელებული. ვერ ვიტანდი იმ წიგნს. მასში ეწერა, რომ პატარა ჩვილ ბავშვს ცალკე ოთახში უნდა ეძინოს და გასკდეს ტირილით. ეს არის აბსურდი, მაგრამ 4-5 წლის ასაკის ბავშვი მშობლის საწოლში რატომ უნდა იძინებდეს, ამასაც ვერ ვიგებ.“

თამარ გაგოშიძის თქმით, 3-4 წლის ბავშვს, რომელიც დედასთან ძილს არის მიჩვეული, ამას სწრაფად ვერ გადავაჩვევთ:

„3-4 წლის ასაკში ბავშვი დედასთან ძილს რომ არის მიჩვეული, იმას ასე უცბად ვერ გამოაწეპებ, ამიტომ ჩვილი ბავშვი აუცილებლად მშობელთან ერთად უნდა იყოს, მშობლის საძინებელში. 3-4 წლამდე ბავშვი მშობლის საძინებელში უნდა იყოს, მაგრამ მშობლის საწოლში არ უნდა იყოს. თავიდანვე ასე უნდა მივაჩვიოთ ბავშვი, რომ იქვეა მშობელი და მის საჭიროებას აუცილებლად დააკმაყოფილებს, რომ ბავშვს შფოთვა არ ჰქონდეს. ბევრ მშობელს უთქვამს ჩემთვის და ვერც გაამტყუნებ, რომ ღამე უნდა ადგე, გირჩევნია შენთან იყოს, ​იმასაც ურჩევნია, რომ შენთან იყოს და ასე ეჩვევა ბავშვი. არც ეს არის დიდი კატასტროფა, მაგრამ თადარიგი უნდა დავიჭიროთ, რომ 4 წლისთვის ცალკე საწოლში იწვეს ბავშვი და 6 წლისთვის ცალკე ოთახში, ან ცალკე საწოლში აუცილებლად უნდა იყოს.“

„ჰიგიენური თვალსაზრისითაც არ არის მიზანშეწონილი, რომ პატარა ბავშვს მშობლების საწოლში ეძინოს. ძალიან ხშირია ჩვენს კულტურაში ეს. თავიდანვე ნელ-ნელა, ისე, რომ ბავშვმა არ მიიღოს სტრესი, ეს უნდა განვახორციელოთ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

წაიკითხეთ სრულად