Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ილიამ და ოლღამ ერთმანეთი კარგად შეავსეს, ამიტომაც შედგა მათი წყვილი ასე საფუძვლიანად,“- ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე

„ილიამ და ოლღამ ერთმანეთი კარგად შეავსეს, ამიტომაც შედგა მათი წყვილი ასე საფუძვლიანად,“- ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე

ფსიქოლოგმა ილია ნიკაჭაძემ მყარი სიყვარულის საფუძვლებსა და წყვილებს შორის როლების გადანაწილების საკითხზე ისაუბრა. მან მყარი სიყვარულის ერთ-ერთ მაგალითად ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის ურთიერთობა მოიყვანა:

„ილია თავისი არსით როგორი ფსიქოტიპი იყო? მებრძოლი იყო, გამოწვევები სწყუროდა. სამყარო მისთვის ბრძოლის ველი იყო. სახლში მას სჭირდებოდა მხარდამჭერი, ის, ვინც ყველაზე მეტად ირწმუნებდა მის იდეებს და ძალას. ზუსტად ასეთი იყო ოლღა. ამიტომაც შედგა მათი წყვილი ასე საფუძვლიანად. მათ ერთმანეთი კარგად შეავსეს.“

„ძალიან მნიშვნელოვანია ოლღა რას იღებდა ამ ურთიერთობაში? ოლღასთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მას ეკავა როლი ამ დიდ საქმეში. საკუთარ მნიშვნელობას ხედავდა დიდ საქმეში. იმ შემთხვევაში, როდესაც ოლღა კარგავდა ილიას ცხოვრებაში მნიშვნელობას, მას საკმაოდ ისტერიული რეაქცია ჰქონდა. არის ძალიან ცნობილი მოგონება, როდესაც ილია ჭავჭავაძემ წყლის მოტანა მოურავს დააბარა. ამაზე ოლღა ძალიან გაბრაზდა, აბა მე რას ვაკეთებ აქო?! ოლღას და ილიას შემთხვევაში როლების გადანაწილება არის ძალიან ცალსახა. XXI საუკუნეში როლები ასე ცალსახად არ არის გადანაწილებული, ამიტომ წყვილებს შორის სიმყარე ნაკლებია. ხშირად ხდება როლების აღრევა. წყვილებს არ ესმით, მე რა ფუნქცია მაქვს ამ ოჯახში, შენ რა ფუნქცია გაქვს,“- აღნიშნულ საკითხზე ილია ნიკაჭაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად