Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„საოცარი პერიოდია ზაფხულის პერიოდი, ულამაზესი და უტკბილესი... ეს სიკეთის დაგროვების პერიოდია,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ზაფხულში სწორი დასვენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება საუკეთესო დასვენებაა:

„ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ ხვალ შეიძლება ამქვეყანაზე აღარ იყოს. უცებ შეიძლება შენი ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდეს. ვისაც ეს ყველაფერი ესმის, ის ყველა წამსა და წუთს უფრთხილდება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეკლესია ადამიანს გართობას ან დასვენებას უკრძალავს, პირიქით, როდესაც შრომობ ადამიანი, უფლება გაქვს იმისა, რომ დაისვენოს შენმა სხეულმა, შვება ნახო, ზღვაზე წახვიდე, მთაში წახვიდე, ჰაერი ჩაისუნთქო, ოჯახთან ერთად დრო გაატარო. ამაზე კარგი არაფერი არ არის.

იოანე ოქროპირს უწერია, რა სჯობს სწორად მიღებულ სიამოვნებებსო. როდესაც ადამიანი შენს ოჯახთან, შენს მეუღლესთან, შენს შვილებთან ერთად ტყეში გახვალ, ბუნებაში გახვალ, იქ წაიღებ და ბუნებაში გაშლი საკვებს, მიირთმევ ამ საკვებს შენს ოჯახთან ერთად, იმღერებ, სითბოს გამოხატავ, სიყვარულს გამოხატავ, შვილებს ეთამაშები, ასეთ მიღებულ სიამოვნებას რა სჯობს? შენს ოჯახთან ერთად დროს რომ გაატარებ, ბედნიერი და გახარებული ხარ, ამაზე უკეთესი რა არის?!

საოცარი პერიოდია ზაფხულის პერიოდი. ულამაზესი და უტკბილესი პერიოდია. ცოდვის დაგროვების პერიოდი კი არ არის, სიკეთის დაგროვების პერიოდია. ხედავ გაცოცხლდა ყველაფერი, სიცოცხლე თავიდან იწყება. წარმოიდგინე, როგორი ლამაზია! ნაყოფი მოაქვს ბუნებას, ვაშლია, მსხალია, ატამია. ხარობს შენი სული! ამაზე ტკბილი პერიოდი არ არსებობს, როდესაც შენ ამ ყველაფერს სწორად აკეთებ,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად