Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, უცებ ასტკივდა მუცელი და 24-48 საათში უკვე საოპერაციოში ხვდება,“- ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია აპენდიციტის ნიშნებზე

ბავშვთა ქირურგმა მალხაზ კარტოზიამ ბავშვებში აპდენდიციტის ნიშნები დაასახელა და მშობლებს მოუწოდა, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პედიატრს მიმართონ:

„პატარა ბავშვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ორი წლის ასაკიდან, რომელიც ჭირვეულობს, აუხსნელია ტკივილი, თუ ჭირვეულობის მიზეზი, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, აქ მიმდინარეობდეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია, როგორიც არის აპენდიციტი. თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, დახტის, უცებ ასტკივდა მუცელი და ეს პაციენტი, 24-48 საათში უკვე სტაციონარში ხვდება, საოპერაციოში ხვდება.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ არ გამოგვეპაროს ქირურგიული პათოლოგია. პატარა ბავშვებში როდესაც იწყება მუდმივი ჭირვეულობა, როდესაც ბავშვს ცხელება წამოუვა, როდესაც ღებინების ეპიზოდია, როდესაც უძილო ღამეა, მშობლები ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ პირველივე ასეთ სიტუაციაში მივმართოთ პედიატრს,“- მოცემულ საკითხზე მალხაზ კარტოზიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად