Baby Bag

ბავშვებში სლინგისა და კენგურუს გამოყენების წესები - როგორ შევარჩიოთ და რა გავითვალისწინოთ გამოყენებისას?

ბავშვებში სლინგისა და კენგურუს გამოყენების წესები - როგორ შევარჩიოთ და რა გავითვალისწინოთ გამოყენებისას?

ბავშვებში სლინგისა და კენგურუს გამოყენების წესებსა და საჭიროებაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ორთოპედი ქეთევან გოცირიძე. 

- რამდენად გვირჩევთ კენგურუს ან სლინგის გამოყენებას ბავშვის ხელში ჭერის ნაცვლად?

- კენგურუ ან სლინგი კომფორტული დამხმარე საშუალებაა. იგი ეხმარება დედას, ჰქონდეს ხელები თავისუფალი და ჰყავდეს ბავშვი თავისთან ახლოს, რაც ხელს უწყობს ბავშვთან კავშირის ჩამოყალიბებას. ამ დროს ბავშვი თავს გრძნობს უსაფრთხოდ, არის მშვიდად.

- რა პერიოდიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ კენგურუ და როგორ ავარჩიოთ?

- კენგურუს ან სლინგის გამოყენება შეიძლება 4 თვის ასაკიდან, დროულად დაბადებულ ბავშვებში. ამ დროს ბავშვს უნდა შეეძლოს კისრის დამოუკიდებლად დაჭერა. სხვადასხვა ნევროლოგიური ან ორთოპედიული დაავადებების დროს უმჯობესია ამ საკითხზე გავიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

თუმცა არის კენგურუ და სლინგი ახალდაბადებულობიდან გამოსაყენებლად.

ბავშვის სატარებელი დამხმარე საშუალება - სლინგი, კენგურუ თუ ერგონომიული კენგურუ უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, რომელია დედისთვის და ბავშვისთვის უფრო კომფორტული.

ჩვენ მეტად ვურჩევთ სლინგს. თითქოს ბავშვისთვის სლინგში ყოფნა უფრო ბუნებრივია. შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების წესები. შევარჩიოთ ბავშვის ასაკის შესაბამისი სლინგი თუ კენგურუ.

ამ დამხმარე საშუალებების გამოყენების დროს აუცილებელია ვიყოთ ყურადღებით! ბავშვს სასუნთქი გზები უნდა ჰქონდეს თავისუფალი, არ უნდა უჭირდეს სუნთქვა.

- რომ შევადაროთ - რომელია უფრო ოპტიმალური და რა პერიოდშია სლინგი რეკომენდებული და რა ასაკში კენგურუ?

- ჯანმრთელი ბავშვის ტარებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საშუალებას გამოვიყენებთ, მთავარია გამოვიყენოთ სწორად, ბავშვს ამ დროს ქვედა კიდურები უნდა ჰქონდეს განზიდული.

ბავშვებისთვის, მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზით, უმჯობესია სლინგის გამოყენება, რადგან ამ დროს მათ ქვედა კიდურები კარგად აქვთ განზიდული და სწორედ ესაა აღნიშნული დაავადების მკურნალობა.

- რა დოზით არის დაშვებული მათი გამოყენება დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ზაფხულში?

- როგორც აღვნიშნეთ, დიდი დროით ბავშვის კენგურუში ან სლინგში ყოფნა რეკომენდებული არ არის. უმჯობესია მივცეთ თავისუფლად განვითარების, სამყაროს აღქმის საშუალება, 4 თვის ასაკიდან დავაწვინოთ იატაკზე. ზაფხულში უმჯობესია ნაკლები დროით გამოვიყენოთ აღნიშნული საშუალებები, რადგან თავიდან ავირიდოთ ოფლიანობა, არის საზაფხულო სლინგი თხელი, ბუნებრივი ნაჭრისგან დამზადებული, რომლის გამოყენებაც ზაფხულშიც კომფორტულია.

ესაუბრა ელენე ოვაშვილი