Baby Bag

„თუ ბავშვი ორ წლამდე საერთოდ არ ლაპარაკობს, ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ სპეციალისტს მივმართოთ,“ - მეტყველების თერაპევტი თიკო ანთიძე

„თუ ბავშვი ორ წლამდე საერთოდ არ ლაპარაკობს, ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ სპეციალისტს მივმართოთ,“ - მეტყველების თერაპევტი თიკო ანთიძე

მეტყველების თერაპევტმა თიკო ანთიძემ ბავშვებში დაგვიანებული მეტყველების პრობლემებზე ისაუბრა:

„ორი წლის ასაკში ბავშვმა 100 სიტყვამდე წესით უნდა იცოდეს. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ბავშვები დროს ხანდახან გაჯეტებთან ატარებენ. ამან, შესაძლოა, შეაფერხოს ეს ყველაფერი. შესაბამისად, ნორმები, შესაძლოა, ძალიან ცვალებადი იყოს. მთავარია, რამდენად ფუნქციურად იყენებს ბავშვი ამ ყველაფერს. შეიძლება, ბავშვმა იცოდეს 50 სიტყვა. გავიდეს პერიოდი და უცებ იმდენი სიტყვა წამოიღოს, რომ თვითონაც გაგვიკვირდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა ვნახოთ ზღვარი. თუ ბავშვი ორ წლამდე საერთოდ არ ლაპარაკობს, ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ სპეციალისტს მივმართოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის განაჩენი.“

„ის, რომ სამი წლის ასაკში ბავშვი არ საუბრობს, ეს უკვე ნამდვილად პრობლემაა. მარტო იმით ვერ დავიმშვიდებთ თავს, რომ მღერის. სიმღერა რეალურად მოტორული უნარია. სიმღერა არ არის სქემა. რაღაც მოვისმინე, დავიზეპირე და ვიმეორებ. ეს უფრო სხვა უნარია. ის, რომ მე ლინგვისტურად მქონდეს უნარი, რომ გამოვიყენო სიტყვები, წინადადება შევადგინო, ეს უკვე სხვა უნარია. კარგია, რომ ბავშვს სიმღერა შეუძლია, მაგრამ ამით ვერ დავიმშვიდებთ თავს,“- აღნიშნულ საკითხზე თიკო ანთიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმდის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საბავშვო ბაღებში ბავშვების ენერგიაზე მოსაყვანად და გასართობად ტელევიზორის გამოყენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ბავშვის განვითარებას ხელს არ უწყობს და პატარების გართობა ან ენერგიაზე მოყვანა ალტერნატიული საშუალებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი:

„ბოლო დროს მშობლებისგან ხშირად მესმის, რომ საბავშვო ბაღში არის ტელევიზორები, ალბათ, უფრო საჯაროში. მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები. თითქოს ეს არის ბავშვების გართობის საშუალება, ენერგიაზე მომყვანი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ცოტა გამხიარულებას. არ მგონია, რომ ეს ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას. ბავშვს ისედაც დიდი ექსპოზიცია აქვს ტელევიზორის სახლშიც. საბავშვო ბაღის გარემო მაინც უნდა იყოს ეკრანისგან თავისუფალი.“

„ტელევიზორის მაგივრად სხვანაირად შეიძლება ბავშვის სტიმულირება, თუნდაც იგივე მუსიკით, დაკვრით, აქტივობებით. არ ღირს, რომ სკოლამდელი განათლების ძვირფასი დრო დაიხარჯოს ტელევიზორის ყურებაში და რაღაც მულტფილმების ყურებაში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„დიალოგოსი“

წაიკითხეთ სრულად