Baby Bag

თუ ბავშვი საათობით არ ითხოვს საკვებს, შეგვიძლია თუ არა, რომ მას საკვები არ მივცეთ? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

თუ ბავშვი საათობით არ ითხოვს საკვებს, შეგვიძლია თუ არა, რომ მას საკვები არ მივცეთ? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობლის კითხვას უპასუხა, რომელსაც აინტერესებდა უნდა მიეცა თუ არა საკვები ბავშვისთვის, რომელიც საათობით არ ითხოვს საკვებს:

„წარმოიდგინეთ, რომ ბოლო კვებიდან 10 საათი გავიდა. ბავშვი კანკალებს, მშიერია და გთხოვთ, რომ საკვები მისცეთ. თუ ბავშვი დაიღალა, მშიერია და უენერგიოდაა, ცხადია, მშობელი მას გამოკვებავს. ვითარება განსხვავებულია, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში უჭმელი ბავშვი ენერგიულად დარბის, თამაშობს და არაფერზე წუხს.

თქვენ გსურთ, რომ ევგენი კომაროვსკისგან აიღოთ ნებართვა გამოკვებოთ თუ არა ბავშვი, რომელსაც არ შია? თუ ადამიანს საკვების მიღება არ სურს, მან არ უნდა მიირთვას. თუ ადამიანს არ წყურია, მან წყალი არ უნდა დალიოს. თუ ბავშვს ქოთანზე დაჯდომის სურვილი არ აქვს, ვალდებული არ არის ქოთანზე იჯდეს. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები მათი არსებობის შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნული წესებიდან გამონაკლისები ძალიან ცოტაა. თუ საქმე ეხება მოავადე ბავშვს, რომელსაც საკვების მიღების ძალა არ აქვს, ცხადია, ექიმს უნდა დაუკავშირდეთ. ასე უნდა მოიქცეთ მაშინაც, თუ ბავშვი წყლის მიღებას ვერ ახერხებს.

როდესაც აღნიშნავთ, რომ ბავშვი ჯანმრთელია და აქტიურად მოძრაობს, მაშინ მას საკვები არ უნდა დააძალოთ, თუ საკვებს თავად არ გთხოვთ,“ - წერს ევგენი კომაროვსკი.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად