Baby Bag

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ ბავშვის სქესის წინასწარი დაგეგმვის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მეთოდები მედიცინაში არ არსებობს:

„ბავშვის სქესს განსაზღვრავს მამაკაცი. ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრის არც უსაფრთხო და არც ეფექტიანი მეთოდი არ არსებობს. ეს არის მითი. სისხლის განახლების მეთოდით სქესის დადგენის მტკიცებულებები არ არსებობს. ეს მეთოდი არ არის მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული. ეს, რა თქმა უნდა, ხალხში გავრცელებული მითია, თუმცა რაღაც ლოგიკა შიგნით შეიძლება იყოს. რაღაც დამთხვევები არსებობს.“

დავით გაგუას თქმით, ფოლიკულის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ როდის არის განაყოფიერება შესაძლებელი:

„ფოლიკულის მონიტორინგი ხდება სამედიცინო თვალსაზრისითაც, როდესაც უშვილობასთან გვაქვს საქმე, ან არ ვიცით, როდის არის ოვულაცია. ფოლიკულის მონიტორინგს აქვს ზუსტად ეს მნიშვნელობა, რომ დადგინდეს, როდის იქნება განაყოფიერების შესაძლებლობა.“

„სქესი ყალიბდება ჩასახვისთანავე. უკვე განპირობებულია, რომელი სქესის ახალშობილი იქნება. 6-7 კვირაზე ყალიბდება საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები. ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპი არის მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კვირა. ეს არის, როდესაც ხდება შიდა და გარე გენიტალიების ჩამოყალიბება. 11-12 კვირაზე ცდომილება ძალიან დიდია. სქესის განსაზღვრა ზუსტად შეიძლება 16 კვირის შემდეგ,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,გრიპის ვირუსით ინფიცირებამ შესაძლოა, ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნას ორსულის ჯანმრთელობას" - მეან-გინეკოლოგი

,,გრიპის ვირუსით ინფიცირებამ შესაძლოა, ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნას ორსულის  ჯანმრთელობას" - მეან-გინეკოლოგი

,,​რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ორსული იყოს ჯანმრთელი. მაგრამ აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რაც უნდა ჯანმრთელი იყოს ის, სეზონური, გრიპის ვირუსით ინფიცირებამ შესაძლოა, ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას", - ამის შესახებ მეან-გინეკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ნოდარ ზალდასტანიშვილმა ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა. 

,,ვირუსი გავრცელდება ზედა სასუნთქ, ქვედა სასუნთქ გზებში.  დიდია ალბათობა, რომ ჯანმრთელი ორსული უფრო ადვილად დაამარცხებს ამ ვირუსს, ვიდრე - საწყისი, ფონური დაავადების მქონე ორსულობის შემთხვევაში - უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფონური დაავადებებია დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პრობლემები, სასუნთქი სისტემის პრობლემები, რომლებიც შეიძლება, ჰქონდეს ორსულს. ვადებთან მიმართებით, რასაკვირველია, ორგანოგენეზის პროცესში უფრო შეასაძლოა, იყოს მეტი საფრთხე გრიპის ვირუსთან მიმართებით, ეს არის პირველი, მეორე ტრიმესტრის დასაწყისი. 

ძალიან ხშირად აღწერილია შემთხვევები, როდესაც გრიპის ვირუსმა შესაძლოა, გამოიწვიოს ორსულობის დროზე ადრე დასრულება ან შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობა - გააჩნია, რა ვადაზე განვითარდება ინფექცია. აღწერილია შემთხვევები, რომ თუ ადრეულ ვადებშია გრიპის ვირუსით დაინფიცირება, შესაძლოა, იყოს მაღალი ტემპერატურა - ამ დროს შესაძლოა, ნაყოფთან მიმართებით განვითარდეს გარკვეული პრობლემები; ეს არის განვითარების პრობლემები, განსაკუთრებით, ნერვული  სისტემის მხრივ. არის მთელი რიგი კვლევები, რაც არ არის მტკიცებითი მედიცინით დადასტურებული. რასაკვირველია, ადრეულ პერიოდში უფრო არის შესაძლებელი, არსებობდეს საფრთხე ან შემდგომ უკვე ახალშობილთან მიმართებით. მაგრამ ნაყოფის სიმახინჯის გამომწვევი გრიპის ვირუსი არ არის, თუმცა, რასაკვირველია, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა ორსულს - როგორც ჯანმრთელს, ისე არაჯანმრთლებს, სეზონის პერიოდში  ვურჩევთ გრიპის ვაქცინაციას. ასევე, მნიშვნელოვანია, თავი შეიკავოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან, დაიცვათ ჰიგიენა, ხშირად გაანიავოთ ოთახი", - აღნიშნავს ნოდარ ზალდასტანიშვილი.

წყარო: ,,​პირადი ექიმი მარი მალაზონია"


წაიკითხეთ სრულად