Baby Bag

„დედობრივი სიყვარულის ნაკლებობა იმას ნიშნავს, რომ ხელი ჰკარი შენს შვილს და გააგდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედობრივი სიყვარულის მნიშვნელობასა და დედასა და შვილს შორის განსაკუთრებული კავშირის არსებობაზე ისაუბრა:

„დედის ხელი სჭირდებათ ბავშვებს. დედის მუცლად ყოფნა, სიმბიოზური კავშირი დიდხანს გრძელდება, უსასრულოდ გრძელდება, არასდროს არ სრულდება. ლაქტაციის პერიოდი, ძუძუთი კვება არ მოაკლოთ ბავშვებს, როდესაც ამის შესაძლებლობა არის. დედის მკერდს შეეხოს ბავშვი. თუ არ არის ასეთი სიტუაცია და დედა ვერ ახერხებს, ბავშვს რომ საწოვარათი აძლევს საკვებს, აუცილებლად თვალებში უყუროს, სახეზე უყუროს. მე მინახავს დედა, ბავშვს ძუძუს აწოვებს, მაგრამ ტელეფონში იყურება. არ არის კავშირი. სიხარულის, ბედნიერების შტრიხები შენს სახეზე სულ უნდა იყოს.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ბავშვი მცირე ასაკიდანვე ყველაფერს გრძნობს:

„არავინ არ იფიქროს, რომ ბავშვი ერთი კვირისაა, ერთი თვისაა და ვერ გრძნობს. ჩვენ რომ იუნგის ფსიქოლოგია წავიკითხოთ, ის არქეტიპულის გამოვლინება როგორ ხდება? ახალშობილი ბავშვი რომ სახეს ჭმუხნის, ხან იცინის, ხან ტირის, რა ხდება? რა სამყაროშია ის? მუცლად ყოფნის პერიოდში იდეალური სამყაროა უმეტეს შემთხვევაში, თუ რაიმე დიდი სტრესი არ აქვს მიღებული დედას. ამიტომ არის ნათქვამი, რომ ფეხმძიმე ქალს ძაღლიც არ შეუყეფსო.“

„დედობრივი სიყვარულის ნაკლებობა იმას ნიშნავს, რომ ხელი ჰკარი შენს პირმშოს, შენს შვილს და გააგდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ის საგნებთან და ფაქტებთან, რომლებიც წინ შეხვდება ცხოვრებაში, ადეკვატური დამოკიდებულებით, მან საკუთარი ცხოვრება უნდა შექმნას. შენ გაუშვი იქეთკენ, რომ ვერ შექმნას ცხოვრება. ამიტომ საჭიროა სიყვარული. ჩაიკარით გულში შვილი, ამოიცანით მისი გრძნობა, აუცილებლად იგრძნოს, რომ სიყვარული და თანადგომა ყოველთვის იქნება თქვენი მხრიდან. ამით შეძლებ, რომ გაუშვა იმ საგნებში, იმ მოვლენებში, იმ ფაქტებში, რომლებთანაც ადეკვატური დამოკიდებულებით ის შექმნის ჭეშმარიტ ცხოვრებას,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​„პოსტ ალიონი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორ მივუჩინოთ კულტურულად თავისი ადგილი არამკითხე, თავგასულ ადამიანს, რომელიც ნერვებს გვიშლის?“ - ინგა ბლესსის რჩევები

„როგორ მივუჩინოთ კულტურულად თავისი ადგილი არამკითხე, თავგასულ ადამიანს, რომელიც ნერვებს გვიშლის?“ - ინგა ბლესსის რჩევები

ფსიქოლოგმა ინგა ბლესსმა თავგასულ ადამიანებთან ურთიერთობის იმგვარ წესებზე ისაუბრა, რომელიც მათთვის კულტურულად ადგილის მიჩენას გვასწავლის:

​როგორ შეიძლება „ნაგლ“ ადამიანს მივუჩინოთ თავისი ადგილი კამათის და ჩხუბის გარეშე? ვგულისხმობთ კულტურულად პასუხის გაცემას, თავის ადგილას რომ დააბრუნებ ამ არამკითხე, თავგასულ პიროვნებას, რომელიც ნერვებს გვიშლის ხოლმე. როდესაც ადამიანი არ გეკითხება და შენ ბრძნული გამომეტყველებით აძლევ რჩევას: „შენ რასაც ამბობ, არ არის სწორი, ასე უნდა მოიქცე, ასე უნდა გააკეთო, ისე უნდა გექნა,“ ამას აკეთებ ყოველგვარი ბილწისტყვაობის გარეშე. თითქოს არაფერი ცუდი არ უთქვამს ადამიანს, მაგრამ დაგამცირა. შენ წაგართვა ენერგია, თავისი თავდაჯერება კი აიმაღლა.“

ინგა ბლესსის თქმით, „ენერგეტიკული სვავები“ ერიდებიან ძლიერ ადამიანებს და სუსტი ადამიანების დამცირებას ცდილობენ:

„რა გავაკეთოთ, რომ კულტურულად, ნერვების მოშლის გარეშე ადამიანს მივუჩინოთ თავისი ადგილი? მსგავსი ენერგოვამპირები ერიდებიან ძლიერ ადამიანებს. ის, ვინც სუსტია, ვინც ახალგაზრდაა, ენერგეტიკული სვავი მაშინვე ხვდება, რომ შეუძლია მას წაართვას ენერგია, დაამციროს. როდესაც ძლიერდები, როდესაც ხდები თავდაჯერებული ეს უფრო ნაკლებად ხდება.“

„ეს სიტუაციები, რომლებიც დისკომფორტს გიქმნით, ერთხელ და ორჯერ არ ხდება. კარგად დაფიქრდით, როგორ გინდათ, რომ უპასუხოთ ასეთ ადამიანს, ნაცვლად იმისა, რომ გაიქცე და შენთვის ჩუმად კუთხეში იტირო. წინასწარ მოამზადეთ ეს პასუხი. გონებაში ათჯერ უნდა დაატრიალოთ, რომ ის ასე მექცევა, მე კიდევ ასე დახვეწილად, თავდაჯერებულად ვპასუხობ და მივუთითებ თავის ადგილზე. ​მნიშვნელოვანია წინასწარ რეაგირების შაბლონი რომ გამოიმუშავოთ. ამის შემდეგ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ზიანი მოგაყენონ, შესაბამის პასუხს გასცემთ,“ - აღნიშნა ინგა ბლესსმა.

წყარო: ​IBEL ACADEMY

წაიკითხეთ სრულად