Baby Bag

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,“- ნეონატოლოგი ნანა ზერაგია

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,“- ნეონატოლოგი ნანა ზერაგია

პედიატრმა, ნეონატოლოგმა ნანა ზერაგიამ ჩვილებში რძის გადაცდენის პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„გადაცდენა ძირითადად გვხვდება ჩვილებში სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, როდესაც ლაქტაცია იმატებს და ბავშვი იწყებს აქტიურად წოვას. ამ დროს რძე მოდის ნაკადით, ბავშვი ვერ ასწრებს რძის გადაყლაპვას და ხდება გადაცდენა. ყლაპვა არის რთული მოტორული აქტი, რომელშიც მონაწილეობს მიმიკური კუნთები, ენა, ხახის კუნთები, საყლაპავის კუნთები. როდესაც ყლაპვა და წოვა არ არის კოორდინირებული, როდესაც ნერვული სისტემა არის უმწიფარი, ამ შემთხვევაშიც შეიძლება გადაცდენას ჰქონდეს ადგილი.“

ნანა ზერაგიას თქმით, ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში:

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. როდესაც ნაკადურად, დიდი რაოდენობით მოდის რძე, საწველი აპარატები არსებობს და აუცილებლად უნდა გამოიწველოს დედამ, რომ ბავშვმა გადაყლაპვა მოასწროს. თუ მაინც გადაცდა ბავშვს, იმ შემთხვევაში, თუ გაწითლდა, გალურჯა, ე.ი. რძე ჩავიდა სასუნთქ გზებში. ამ დროს ბავშვი კი არ უნდა დავაწვინოთ ან წამოვაყენოთ, არამედ თავით ქვემოთ 30 გრადუსიანი კუთხით დავიჭიროთ, ზურგზე რამდენიმეჯერ ბეჭებს შორის დავარტყათ ბავშვს, რომ სასუნთქი გზებიდან გადმოვიდეს გადაცდენილი რძე. ასეთ დროს ის აუცილებლად გადმოვა პირიდან.“

„თუ გადაცდენის შემთხვევები მაინც იმატებს და ხშირია გადაცდენა, ამ შემთხვევაში ნევროლოგს უნდა მიმართოს მშობელმა. ბევრჯერ მინახავს, რომ ბავშვს რძე გადასცდა და დედა წარბებს შორის უსვამს ხელს, რაც არის არასწორი. არაფერი მიზანი ამას არ აქვს, პირიქით, ბავშვს თავი ქვემოთ უნდა ჰქონდეს, რომ გადაცდენილი რძე გადმოვიდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ზერაგიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მივუხვდეთ პატარებს, სანამ ლაპარაკს დაიწყებენ - ჟესტების ენა

როგორ მივუხვდეთ პატარებს, სანამ ლაპარაკს დაიწყებენ - ჟესტების ენა
მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მიუხვდნენ თავიანთ პატარებს მაშინ, როცა ისინი ჯერ ვერ ლაპარაკობენ. კომუნიკაცია ჩვილებთან საკმაოდ რთულია.
თუმცა არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რას საჭიროებს ბავშვი კონკრეტულ მომენტში. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი მშობლებს კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.

გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც სანამ პატარა ლაპარაკს ისწავლის, მისი საჭიროებების მიხვედრაში დაგეხმარებათ:

ტირილი

1.ტირილი ძილის გამო

ძილის ნაკლებობის გამო ყველა ადამიანი გაღიზიანებული და უხასიათოა. ასევე ხდება ბავშვებშიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურთ ძილი და ვერ ახერხებენ დაძინებას. ამ დროს მათ ახასიათებთ გრძელი, გაბმული ტირილი, რომლითაც წუწუნს და უკმაყოფილებას გამოხატავენ.

2. ტირილი შიმშილის გამო

თავიდან ეს „უბრალო“ ტირილია, თუმცა თუ მშობლის მხრიდან საჭირო რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა ისტერიულ ტირილშიც გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ამოძრავებს თავს, ასევე ტუჩების უჩვეულო მოძრაობით გამოსცემს ბგერებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს შია.

3. ტირილი ტკივილის გამო

ასეთ დროს ტირილი ჩვეულებრივზე მეტად ხმამაღალი და ხანგრძლივია. ტკივილის სიძლიერესთან ერთად იმატებს ისტერიულად ტირილიც. როდესაც ბავშვი იღლება, ტირილს დაბალ ხმაზე აგრძელებს.

4. ტირილი დისკომფორტის გამო

როდესაც ბავშვს ძალიან სცივა, სცხელა ან საფენის გამოცვლა სჭირდება, ტირილი უწყვეტი და ძალიან მწყრალია (ემოციური, გაბრაზებული). ასევე დისკომფორტს უკონტროლო მოძრაობებით და ხერხემალში მოხრითაც გამოხატავენ.

5. ტირილი, რომლითაც ახალშობილი თავისთან „გვიხმობს“

თუ ბავშვი 5-6-ჯერ წამოიტირებს, შემდეგ კი წყვეტს და 20 წამში ისევ აგრძელებს, სურს, ვინმემ ხელში აიყვანოს და გაართოს. თუ მასთან არავინ მივა ტირილის ციკლი ისევ გაგრძელდება.

6. ფსიქოლოგიური ხასიათის ტირილი

შებერილობის, გაზების, შარდვის ან დეფეკაციის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს დისკომფორტს, რასაც ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილით გამოხატავს.

7. ტირილი არასასურველი გარემოს გამო


ამ ტიპის ტირილი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ მოსწონს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ის ამ ჟესტით გამოხატავს უკმაყოფილებას.

მოძრაობა

1. ზურგის მოხრილობა (თაღოვანი)


ეს მოძრაობა 2 თვემდე ბავშვებში ძალიან სპეციფიკურია. შესაძლოა, იგი გამოწვეული იყოს, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ახალშობილი უკვე დანაყრებულია თუ ასე საკვების მიღების შემდეგ იქცევა. გარდა ამისა, 2 თვის შემდეგ ბავშვები ამ ჟესტით დაღლილობასაც გამოხატავენ.

2. მუშტის შეკვრა

როგორც წესი, ახალშობილები მუშტს კრავენ შიმშილის დროს. თუ თქვენი პატარას ეს ჟესტი არ გამოგეპარებათ, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ტირილი და სხვა სახის უსიამოვნება.

3. ყურზე ხელის ჩაჭიდება
ეს ჟესტი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი საკუთარ სხეულს იკვლევს და იძიებს ახალ დეტალებს. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება, უმჯობესია, საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს.

4. მხრის უცაბედი შეკუმშვა

ეს მოძრაობა ხშირია შიშის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ესმის ხმამაღალი ხმები ან ხედავს მკვეთრ შუქს.

5. თავის ბრუნვა

ბევრი ბავშვისთვის ეს მოძრაობა დამაწყნარებელია. როდესაც ძილისთვის ემზადებიან ან დამშვიდებას ცდილობენ, პატარები ამ ჟესტს მიმართავენ.

6. ფეხის აწევა

ეს მოძრაობა გამოხატავს მწვავე და ძლიერ ტკივილს. ასე ბავშვები ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამ ჟესტების ცნობა დაგეხამრებათ ზუსტად გაიგოთ, თუ რა სურს ბავშვს. მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნიკაციის სიმცირით გამოწვეულ სტრესს და ხელს შეუწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენსა და ახალშობილს შორის.

წყარო: www.thinkinghumanity.com

ავტორი: მარიამ კვეტენაძე

წაიკითხეთ სრულად