Baby Bag

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,“- ნეონატოლოგი ნანა ზერაგია

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,“- ნეონატოლოგი ნანა ზერაგია

პედიატრმა, ნეონატოლოგმა ნანა ზერაგიამ ჩვილებში რძის გადაცდენის პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„გადაცდენა ძირითადად გვხვდება ჩვილებში სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, როდესაც ლაქტაცია იმატებს და ბავშვი იწყებს აქტიურად წოვას. ამ დროს რძე მოდის ნაკადით, ბავშვი ვერ ასწრებს რძის გადაყლაპვას და ხდება გადაცდენა. ყლაპვა არის რთული მოტორული აქტი, რომელშიც მონაწილეობს მიმიკური კუნთები, ენა, ხახის კუნთები, საყლაპავის კუნთები. როდესაც ყლაპვა და წოვა არ არის კოორდინირებული, როდესაც ნერვული სისტემა არის უმწიფარი, ამ შემთხვევაშიც შეიძლება გადაცდენას ჰქონდეს ადგილი.“

ნანა ზერაგიას თქმით, ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში:

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. როდესაც ნაკადურად, დიდი რაოდენობით მოდის რძე, საწველი აპარატები არსებობს და აუცილებლად უნდა გამოიწველოს დედამ, რომ ბავშვმა გადაყლაპვა მოასწროს. თუ მაინც გადაცდა ბავშვს, იმ შემთხვევაში, თუ გაწითლდა, გალურჯა, ე.ი. რძე ჩავიდა სასუნთქ გზებში. ამ დროს ბავშვი კი არ უნდა დავაწვინოთ ან წამოვაყენოთ, არამედ თავით ქვემოთ 30 გრადუსიანი კუთხით დავიჭიროთ, ზურგზე რამდენიმეჯერ ბეჭებს შორის დავარტყათ ბავშვს, რომ სასუნთქი გზებიდან გადმოვიდეს გადაცდენილი რძე. ასეთ დროს ის აუცილებლად გადმოვა პირიდან.“

„თუ გადაცდენის შემთხვევები მაინც იმატებს და ხშირია გადაცდენა, ამ შემთხვევაში ნევროლოგს უნდა მიმართოს მშობელმა. ბევრჯერ მინახავს, რომ ბავშვს რძე გადასცდა და დედა წარბებს შორის უსვამს ხელს, რაც არის არასწორი. არაფერი მიზანი ამას არ აქვს, პირიქით, ბავშვს თავი ქვემოთ უნდა ჰქონდეს, რომ გადაცდენილი რძე გადმოვიდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ზერაგიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 12-16 წლამდე განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის ბავშვების ვაქცინაციას დავიწყებთ,“ - თემურ მიქელაძე

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 12-16 წლამდე განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის ბავშვების ვაქცინაციას დავიწყებთ,“ - თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ 12-16 წლამდე განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის მქონე ბავშვებში ვაქცინაციის დაწყება დააანონსა:

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ​12-დან 16 წლამდე განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის ბავშვების ვაქცინაციას დავიწყებთ. რამოდენიმე ერთეულ ბავშვს სპეციალური მომართვის საფუძველზე ჩვენ უკვე ჩავუტარეთ ვაქცინაცია 12 წლის ასაკშიც, იყო ნევროლოგიური დარღვევა, იყო ორგანო გადანერგილი. გამოიყოფა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები, ტიპი 2 დიაბეტის მქონე ბავშვები, ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებები, ნეირო-კოგნიტური მოშლილობები. ეს არც ისე მცირე ჯგუფია პაციენტების. რა თქმა უნდა, ეს ვაქცინაცია ჩატარდება მშობლის ინფორმირებული თანხმობის შედეგად.“

თემურ მიქელაძის თქმით, საქართველოში 16-49 წლის ასაკის უფრო მეტი ადამიანია აცრილი, ვიდრე 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები:

„16-დან 49 წლამდე არის უფრო მეტი აცრილი, ვიდრე 60 წელს გადაცილებული. ჩვენი მთავარი სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა. ფატალური გამოსავალი სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფშია. ბავშვებს კოვიდი ისედაც მსუბუქად გადააქვთ. მე პანდემიის დაწყებიდან 4500-მდე პაციენტი გავატარე, აქედან მქონდა მხოლოდ 27 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა. იქიდანაც არცერთ ბავშვთან არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული სიმძიმე.“

​ჩვენ რაც გვქონდა ბავშვებში ლეტალობის შემთხვევა, აქ იყო თანდაყოლილი პათოლოგიები, ნერვული სისტემის დაზიანება, თანდაყოლილი მანკი ან დაგვიანებული მიმართვა. სწორედ ამიტომ უნდა გამოიყოს ეს რისკ-ჯგუფის ბავშვები, რადგან ისინი ისედაც ცხოვრობდნენ და ას წლამდე იცხოვრებდნენ. მათ ქრონიკულ დაავადებას მართავს ოჯახის ექიმი. რომ არა კოვიდი, ისინი იქნებოდნენ ჯანმრთელად. ჩვენ გრიპის ვაქცინასაც, პირველ რიგში, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებში ვაკეთებთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად