Baby Bag

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,“- ნეონატოლოგი ნანა ზერაგია

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,“- ნეონატოლოგი ნანა ზერაგია

პედიატრმა, ნეონატოლოგმა ნანა ზერაგიამ ჩვილებში რძის გადაცდენის პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„გადაცდენა ძირითადად გვხვდება ჩვილებში სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, როდესაც ლაქტაცია იმატებს და ბავშვი იწყებს აქტიურად წოვას. ამ დროს რძე მოდის ნაკადით, ბავშვი ვერ ასწრებს რძის გადაყლაპვას და ხდება გადაცდენა. ყლაპვა არის რთული მოტორული აქტი, რომელშიც მონაწილეობს მიმიკური კუნთები, ენა, ხახის კუნთები, საყლაპავის კუნთები. როდესაც ყლაპვა და წოვა არ არის კოორდინირებული, როდესაც ნერვული სისტემა არის უმწიფარი, ამ შემთხვევაშიც შეიძლება გადაცდენას ჰქონდეს ადგილი.“

ნანა ზერაგიას თქმით, ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში:

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. როდესაც ნაკადურად, დიდი რაოდენობით მოდის რძე, საწველი აპარატები არსებობს და აუცილებლად უნდა გამოიწველოს დედამ, რომ ბავშვმა გადაყლაპვა მოასწროს. თუ მაინც გადაცდა ბავშვს, იმ შემთხვევაში, თუ გაწითლდა, გალურჯა, ე.ი. რძე ჩავიდა სასუნთქ გზებში. ამ დროს ბავშვი კი არ უნდა დავაწვინოთ ან წამოვაყენოთ, არამედ თავით ქვემოთ 30 გრადუსიანი კუთხით დავიჭიროთ, ზურგზე რამდენიმეჯერ ბეჭებს შორის დავარტყათ ბავშვს, რომ სასუნთქი გზებიდან გადმოვიდეს გადაცდენილი რძე. ასეთ დროს ის აუცილებლად გადმოვა პირიდან.“

„თუ გადაცდენის შემთხვევები მაინც იმატებს და ხშირია გადაცდენა, ამ შემთხვევაში ნევროლოგს უნდა მიმართოს მშობელმა. ბევრჯერ მინახავს, რომ ბავშვს რძე გადასცდა და დედა წარბებს შორის უსვამს ხელს, რაც არის არასწორი. არაფერი მიზანი ამას არ აქვს, პირიქით, ბავშვს თავი ქვემოთ უნდა ჰქონდეს, რომ გადაცდენილი რძე გადმოვიდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ზერაგიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გამოვიცნოთ ჩვილის ტირილის მიზეზი? - პედიატრი გასწავლით

როგორ გამოვიცნოთ ჩვილის ტირილის მიზეზი? - პედიატრი გასწავლით

ტირილის დეკოდერი - როგორ გამოვიცნოთ ჩვილის ტირილის მიზეზი - აღნიშნულ თემაზე ​პედიატრი თამარ ობგაიძე წერს:

,,მშია!

გამოვლინება:

წყვეტილი, რიტმულად განმეორებადი ტირილი, რასაც თან ახლავს ტუჩების წკლაპუნი, წოვითი მოძრაობები,თითების პირში ჩადება და წოვა.

რა უნდა გააკეთოთ:

თუ ბუნებრივ კვებაზე გყავთ, დაყოვების გარეშე მიეცით ძუძუ, ხელოვნური კვებაზე მყოფ პატარას კი სასწრაფოდ მოუმზადეთ ხელოვნური ნარევი. თუ თბილი წყალი უკვე მზად გაქვთ, შედარებით იოლად გადარჩებით.

დავიღალე!

გამოვლინება:

არ გაგიკვირდეთ, პატარებიც იღლებიან და გაცილებით მალე, ვიდრე ჩვენ. ამ შემთხვევში მისი ტირილი არ არის ხმამაღალი და ზედმეტად პრეტენზიული, ტირის დაბალი ხმით, შეუსვენებლად, ისრესს თვალებს.

რა უნდა გააკეთოთ:

ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარას ძუძუ შესთავაზეთ, ხელოვნურ კვებისას კი, თუ პატარა უკვე ნაჭამია, მატყუარა საწოვარი მიეცით და ჩააწვინეთ ლოგინში. არ დატოვოთ ჩაძინებამდე, დაარწიეთ და ჩაძინებაში მიეხმარეთ.

იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ დააძინებთ, დაბალი ტონალობის ტირილი სრულფასოვან ისტერიკაში გადავა და ბავშვის დაძინება უფრო გაგიჭირდებათ.

დისკომფორტი მაქვს!

გამოვლინება:

იწყება ერთეული წამოყვირებით, რაც გადადის გამუდმებულ ტირილში შესვენების გარეშე, რომლის ინტენსივობა თანდათან მატულობს.

შეამოწმეთ საფენი. შეცვალეთ, თუ ის შარდითაა გაჟღენთილი. ნაწლავთა მოქმედების შემთხვევაში, ჩაბანეთ, გაამშრალეთ და მცირე ხნით დააყოვენთ ჰაერზე უსაფენოდ, შემდეგ კი ახალი საფენი მოარგეთ. აიყვანეთ ხელში, დაუყვავეთ და დაამშვიდეთ.

თუ საფენი მშრალია, დაფიქრდით ხომ არ სცივა ან სცხელა. პატარები ამ დროსაც ტირიან. ჩახურებული პატარას ტანსაცმელი შეუცვალეთ. სიცივის დროს კი დაათბუნეთ.

მუცელი მტკივა!

გამოვლინება:

ძლიერი შეტევითი ტირილი, რასაც თან სდევს მუცლისაკენ ქვედა კიდურების მოხრა, სხეულის მოძრაობები, ჭმხუნის სახეს, წითლდება.

რა უნდა გააკეთოთ:

გაუკეთეთ თბილი ხელით მასაჟი მუცლის არეში. დააწვინეთ მუცელზე. მიეცით ძუძუ ან საწოვარი.

თუ ტირილი არ წყდება, ექიმს დაურეკეთ.

კოლიკა მაქვს!

გამოვლინება:

ძლიერი განუწყვეტელი ტირილი, არ ჩუმდება, იწყება საღამოს საათებში, იგრიხება. დამახასიათებელი ტირილის ამ შეტევების განვითარება 3 კვირიდან 3 თვემდე ასაკში, უპირატესად საღამოს საათებში.

რა უნდა გააკეთოთ:

აიყვანეთ, შესთავაზეთ ძუძუ, ჩასვით თბილ წყალში წელამდე. მოეფერეთ, მიიხუტეთ, გაატარ-გამოატარეთ ოთახში. განსკუთრებით მტირალებს გარეთ, სუფთა ჰაერზე გაყვანა შველით, ზოგსაც მანქანით სეირნობა აწყნარებს.

ავად ვარ!

დაბალი ტონალობის წამოტირება. პერიოდულად ჩუმდება და ისევ იწყებს ტირილს დაბალ ხმაზე, თითქოს დაღილილია.

რა უნდა გააკეთოთ:

პირველ რიგში გაზომეთ ტემპერატურა, დააკვირდით. და თუ რაიმე ცვლილებას შენიშნავთ, ექიმს დაუკავშირდით.

ყური მტკივა!

გამოვლინება:

ტირის მაღალი ხმით, იქნევს თავს. უარს ამბობს წოვაზე, რადგან ამ დროს ტკივილი უძლიერდება.

რა უნდა გააკეთოთ:

მიეცით პარაცეტამოლი, რომელიც არჩევის პირველი ჯგუფის პრეპარატია ტკივილისა და ცხელების დროს და დაუკავშირდით ექიმს.

და რაც ყველაზე მთავარია, გახსოვდეთ ორი რამ:

პატარები უმიზეზოდ არ ტირიან. ტირილი მათი კომუნიკაციაა და ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ.

და კიდევ, ტირილისა და ჭირვეულობის დროს ხშირად საუკეთესო წამალი ძუძუს მიცემაა!'' - აღნიშნავს თამარ ობგაიძე. 


წაიკითხეთ სრულად