Baby Bag

„როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში,“- შალვა ამონაშვილი

„როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ადამიანის ცხოვრებაში კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„კულტურა ნიშნავს სინათლის თაყვანისცემას. სინათლე არის ყველაფერი კარგი ჩვენში, ადამიანში. კულტურა ადამიანთა ცხოვრების გზაა. ამ გზით უნდა იაროს ადამიანმა, კულტურის გზით. მან უნდა თაყვანი სცეს, აშენოს, ის, რაც ლამაზია. მწყინს, რომ ხანდახან ავიწროვებენ ამ სიტყვას, ავიწროვებენ მარტო ეთიკით, როგორ უნდა იდგე, იჯდე, ილაპარაკო. არიან ადამიანები, რომლებსაც თვითონ მოაქვთ კულტურა. ჩემთვის კულტურა, პირველ რიგში, ადამიანთა ურთიერთობის წესია.“

„რითი აღვზარდოთ ბავშვი? ჩვენი კულტურით. როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში. კულტურული ადამიანი ვერავის ზიანს ვერ მოუტანს. მას არ შეუძლია, ვინმე დააზიანოს. უკულტურო კი ყველას დააზიანებს. ყველაზე კარგი იქნება, ჩავუფიქრდეთ ჩვენს კულტურას, ქცევა-ყოფას. იქ დავინახავთ, რა ვართ ჩვენ. როგორ მიყვარს მეზობელი, ეს ჩემი კულტურაა. რა აზრებით მიტრიალებს, ეს ჩემი კულტურა. არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ უკვე აღზრდილები ვართ. აღზრდას არ აქვს ბოლო. კანონი არის ასეთი: ბავშვის აღზრდის ჭეშმარიტება საკუთარი თავის აღზრდაშია. საკუთარი თავის კულტურა ბავშვის კულტურად იქცევა მერე. კულტურას სწავლა უნდა და არ უნდა გვეზარებოდეს, რომ მართლა კულტურული ადამიანები ვიყოთ და არ ავიფაროთ კულტურული ხალხის ნიღბები,“- აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ფილტვების მარტივი სავარჯიშო თაბახის ფურცლის გამოყენებით - რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას რჩევები

ფილტვების მარტივი სავარჯიშო თაბახის ფურცლის გამოყენებით - რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას რჩევები

​რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ფილტვის დაზიანების შემთხვევაში სუნთქვითი ვარჯიშების მნიშვნელობაზე საუბრობს:

„სუნთქვითი ვარჯიშისთვის შეიძლება უბრალოდ თაბახის ფურცელი ავიღოთ, მაღლა ავწიოთ და როგორც სანთელს ვუბერავთ, შევუბეროთ სული. ვეცადოთ, რომ ფურცელი რაც შეიძლება დიდხანს ავწიოთ მაღლა. შემდეგ ვარჯიშს უფრო ვართულებთ. ფურცელი უნდა გავწიოთ ცოტა უფრო წინ. თუ ვარჯიშის შესრულება გვიჭირს, ფურცელი ახლოს უნდა მოვიტანოთ. ​თუ რესპირატორული სიმპტომები უფრო გამოხატულია, ხველაა, ტემპერატურაა და ფიქრობთ, რომ ფილტვი დაზიანებულია, ამ ვარჯიშს ვაკეთებთ საათში ერთხელ, თუ არა - დღეში რამდენჯერმე.“

​არჩილ მარშანია კოვიდ-19-ით თავადაც იყო ინფიცირებული. მისი თქმით, მას ყნოსვა და გემო 100 %-ით ჰქონდა დაკარგული:

„მე ყნოსვის და გემოს დაკარგვა გამომივლინდა სიმპტომების დაწყებიდან მეოთხე-მეხუთე დღეს. მქონდა ყნოსვის და გემოს 100 %-იანი დაკარგვა. ორივე სამ-ოთხ დღეში აღდგა თავისით. სხვადასხვა არომატებს ვცდიდი, აჯიკაც ვცადე. ამ დროს არ უნდა გამოვიყენოთ მძაფრი სუნის მქონე ქიმიური საშუალებები. მსუბუქ და ასიმპტომურ კოვიდს არ სჭირდება არც გამოკვლევები და არც მკურნალობა. ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც მივიღე, იყო იბუპროფენი. მქონდა ცხელება და კუნთების ტკივილი. ​მაქვს ქრონიკული სინუსიტი და ვიყენებდი ცხვირის სპრეის. სხვა არანაირი მედიკამენტი არ მიმიღია. მე არც ანალიზები ჩამიტარებია. თუ რამის გადამოწმება გსურთ, ანალიზით არაფერი შავდება. ხშირად საუბრობენ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. კომპიუტერული ტომოგრაფია არაფრის მომცემია მსუბუქ პაციენტებში. ის საჭიროა ჰოსპიტალში გადაყვანილი მძიმე პაციენტებისთვის, როდესაც ეჭვი გვაქვს თრომბოემბოლიაზე ან მძიმე ბაქტერიულ გართულებებზე.“

„რამდენიმედღიანი მაღალი ცხელება არ არის იმის ნიშანი, რომ გამოკვლევები გჭირდებათ. თუ არის ცხელება და რაიმე თანდართული დაავადება, ამის მიხედვით ექიმმა უნდა გადაწყვიტოს რა ანალიზები გჭირდებათ. მხოლოდ ცხელება რაიმეს ნიშანი არ არის. ვირუსულ ინფექციებს ზოგადად ახასიათებს ცხელება. ​38,5 ცხელებაზე მაღლა თუ არ არის ტემპერატურა, მედიკამენტიც არ გვჭირდება. ესეც ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა. თუ სერიოზული დისკომფორტი გაქვთ, თავი არ უნდა დაიტანჯოთ და მიიღოთ მედიკამენტი,“ - აცხადებს არჩილ მარშანია.

წყარო: ​დილა ფორმულაზე

წაიკითხეთ სრულად