Baby Bag

„როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში,“- შალვა ამონაშვილი

„როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ადამიანის ცხოვრებაში კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„კულტურა ნიშნავს სინათლის თაყვანისცემას. სინათლე არის ყველაფერი კარგი ჩვენში, ადამიანში. კულტურა ადამიანთა ცხოვრების გზაა. ამ გზით უნდა იაროს ადამიანმა, კულტურის გზით. მან უნდა თაყვანი სცეს, აშენოს, ის, რაც ლამაზია. მწყინს, რომ ხანდახან ავიწროვებენ ამ სიტყვას, ავიწროვებენ მარტო ეთიკით, როგორ უნდა იდგე, იჯდე, ილაპარაკო. არიან ადამიანები, რომლებსაც თვითონ მოაქვთ კულტურა. ჩემთვის კულტურა, პირველ რიგში, ადამიანთა ურთიერთობის წესია.“

„რითი აღვზარდოთ ბავშვი? ჩვენი კულტურით. როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში. კულტურული ადამიანი ვერავის ზიანს ვერ მოუტანს. მას არ შეუძლია, ვინმე დააზიანოს. უკულტურო კი ყველას დააზიანებს. ყველაზე კარგი იქნება, ჩავუფიქრდეთ ჩვენს კულტურას, ქცევა-ყოფას. იქ დავინახავთ, რა ვართ ჩვენ. როგორ მიყვარს მეზობელი, ეს ჩემი კულტურაა. რა აზრებით მიტრიალებს, ეს ჩემი კულტურა. არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ უკვე აღზრდილები ვართ. აღზრდას არ აქვს ბოლო. კანონი არის ასეთი: ბავშვის აღზრდის ჭეშმარიტება საკუთარი თავის აღზრდაშია. საკუთარი თავის კულტურა ბავშვის კულტურად იქცევა მერე. კულტურას სწავლა უნდა და არ უნდა გვეზარებოდეს, რომ მართლა კულტურული ადამიანები ვიყოთ და არ ავიფაროთ კულტურული ხალხის ნიღბები,“- აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნებისმიერი სიმსივნისგან თავის დაცვის უამრავი მარტივი გზა არსებობს,“ - გიორგი ღოღობერიძე

„ნებისმიერი სიმსივნისგან თავის დაცვის უამრავი მარტივი გზა არსებობს,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე თავისი ცხოვრების წესისა და დღის რეჟიმის შესახებ საუბრობს:

„ახლა არის დილის ხუთი საათი. მიუხედავად იმისა, რომ ვიძინებ ღამის სამ საათზე, კარგ შემთხვევაში ორზე, ხუთ საათზე მეღვიძება ყოველთვის. რომ გავიღვიძებ, ძალიან სწრაფად მოვდივარ გონზე. მიყვარს გამეორება, რომ არასდროს არაფერი არ დამავიწყდეს. რაც პირველივე ხელში მომყვება, იმას ვიცმევ და ეგრევე გავრბივარ. რომ გითხრათ, დღეში სამჯერ ვჭამ-მეთქი, მოგატყუებთ.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, კლინიკაში ის თავს უფრო მშვიდად და მყუდროდ გრძნობს, ვიდრე სახლში:

„კლინიკის კედლები არის სახლი ფაქტობრივად. სახლში შეიძლება ისე მშვიდად და მყუდროდ არ იყო, როგორც კლინიკის კედლებში, იმიტომ, რომ ეს ის ადგილია, სადაც თავს გრძნობ ყველაზე საჭიროდ. პირობა იყო დედაჩემისთვის ის, რომ ​მისი სახელით დავხმარებოდი ძლიან ბევრ ადამიანს. ეს ისეთი პირობაა, რომ ეს ყოველდღე, ყოველ წამს, ყველა პაციენტთან უნდა შევასრულო, არა როგორც ექიმმა, არამედ როგორც მოტივატორმა, რომ მისი დაავადება არ არის განაჩენი და ბრძოლას აზრი აქვს.“

„დღის განმავლობაში დაახლოებით 500-მდე ადამიანი რეკავს. ნებისმიერი სიმსივნისგან თავის დაცვის უამრავი მარტივი გზა არსებობს. პირველ რიგში, ეს გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს. ამიერიდან მე ვარ ჩვეულებრივი კლინიკური ონკოლოგი,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა ნანუკა“

წაიკითხეთ სრულად