Baby Bag

განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მეცხრე-მეთორმეტე კლასელებისთვის ესეების კონკურსი “მომავლის ევროპელი” - “Imagining the European of the future?” გამოაცხადა.

კონკურსის შინაარსსა და მასში მონაწილეობის პიროებებთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ, 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას ისაუბრეს. სტუმრებმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხეს.

კონკურსის “მომავლის ევროპელი” - “Imagining the European of the future?” ფარგლებში, მოსწავლეები შექმნიან ესეს სახის ნამუშევრებს, რომელშიც შეეცდებიან წარმოაჩინონ ევროპელი, რომლის ცხოვრების წესი და ფასეულობები ევროპული ღირებულებების გამომხატველია: ღირსების ხელშეუხებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და ტოლერანტობა, თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებები, კანონის, კულტურისა და ენობრივი მრავალფეროვნების პატივისცემა, გარემოზე ზრუნვა და დისკრიმინაციის მიუღებლობა.

კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.

კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX – XII კლასის მოსწავლეები. კონკურსში მონაწილე მოსწავლემ უნდა შექმნას ესეს ფორმის ლიტერატურული ნაშრომი ქართულ ენაზე, (ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი მოსწავლეები საკუთარ ენაზე ქართული თარგმანის თანხლებით) რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს, როგორც ნაბეჭდი ასევე ხელნაწერის სახით. მოსწავლეების ნაშრომი უნდა იყოს თავისუფალი ფორმატის ნააზრევი. ნაშრომი უნდა ასახავდეს მოსწავლის ხედვას ევროპული ღირებულებების და მომავალში მისი განვითარების შესახებ; რაც მოიცავს ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას. ასევე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინკლუზიურობას, ტოლერანტობას, სამართლიანობას, სოლიდარობასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

ირინა აბულაძის განცხადებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები. ასევე, კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული, ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად, დაჯილდოვდება ევროპის საბჭოს მიერ გაცემული დიპლომით, რომლის გადაცემაც მოხდება 2019 წლის ოქტომბერში, ქ. სტრასბურგში, 70-ე საიუბილეო ღონისძიებაზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

პედაგოგთა გამოცდების ჩატარების მიზნით 12 საჯარო სკოლაში დამატებით არდადეგები გამოცხადდება

პედაგოგთა გამოცდების ჩატარების მიზნით 12 საჯარო სკოლაში დამატებით არდადეგები გამოცხადდება

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ამასთანავე, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

იმ სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები ასევე მასწავლებლები (იხ. სკოლების ჩამონათვალი).

როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება.
წაიკითხეთ სრულად