Baby Bag

მე-5 და მე-7 კლასებში გადასული 2000-ზე მეტი მოსწავლე საცდელ ტესტირებაში მიიღებს მონაწილეობას

მე-5 და მე-7 კლასებში გადასული 2000-ზე მეტი მოსწავლე საცდელ ტესტირებაში მიიღებს მონაწილეობას
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12-16 ოქტომბერს მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად საცდელი ტესტირება ჩატარდება. მათივე ცნობით, ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი მთელი საქართველოს მასშტაბით 300-მდე სკოლამ გამოთქვა. მათგან ამ ეტაპზე პილოტირების პროცესში 100-მდე სკოლა ჩაერთვება - საცდელ ტესტირებაში მონაწილეობას 2000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.

„პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთა მიღწევების შეფასებას ქართულსა და მათემატიკაში. პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები მე-5 კლასის დასაწყისში შეფასდება, პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული წარმატებები კი - მე-7 კლასელების ტესტირების შედეგად.
დიაგნოსტიკური შეფასება დაეხმარება სკოლებს შესაბამისად დაგეგმონ ახალი სასწავლო წელი. საცდელი ტესტირების შედეგები ასევე გამოყენებული იქნება ელექტრონული პლატფორმისა და ტესტირების ფორმატის დასახვეწად იმ მიზნით, რომ ის მაქსიმალურად ასახავდეს სკოლის საჭიროებებს,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდება: მოსწავლეები ელექტრონულად შეასრულებენ ტესტურ დავალებებს, შეფასების შედეგებს კი ასევე ელექტრონულად მიიღებენ.
შეფასების შედეგები წარმოდგენილი იქნება, როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასის დონეზეც. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიებიდან ჩაერთონ შეფასების პროცესში.
პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია მეოთხე და მეექვსეკლასელი მოსწავლეების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ელექტრონული პლატფორმის დახმარებით. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს, როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

2020 წლის დასაწყისში ჩატარდა ცალკეული დავალებების აპრობაცია, ახლა კი მიმდინარეობს პროექტის ელექტრონული პლატფორმის გამოცდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

დაისვენებენ თუ არა სკოლები 14 ოქტომბერს?

დაისვენებენ თუ არა სკოლები 14 ოქტომბერს?

14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული)  აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი ერთი დღით შეჩერდება. წელს 14 ოქტომბერი წელს ხუთშაბათ დღეს ემთხვევა. 

იხილეთ ასევე სხვა  ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში:

1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;

7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;

19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

3 მარტი – დედის დღე;

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

23 ნოემბერი – გიორგობის დღე;

წაიკითხეთ სრულად