Baby Bag

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

''მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა'' - აღნიშულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ რეგისტრაცია 3-დან 10 თებერვლის ჩათვლით იყო გამოცხადებული. თუმცა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტს მიმართეს მოქალაქეებმა, რომლებმაც სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო დადგენილ ვადებში ვერ შეძლეს ექსტერნად რეგისტრაცია. სამინისტრომ თხოვნა გაითვალისწინა და მათთვის რეგისტრაციის დამატებითი ვადები განისაზღვრა.

შეგახსენებთ რომ, ექსტერნის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს აღემატება და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

ექსტერნატის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.

დამატებით, მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა 1-დან 5 ივნისის ჩათვლით, ხოლო გამოცდები მათთვის 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.

სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია, რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლე და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.

პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ.

წაიკითხეთ სრულად