Baby Bag

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2020 წლის 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, აცხადებს რეგისტრაციას I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

ექსტერნატის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.

დამატებით, მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა 1-დან 5 ივნისის ჩათვლით, ხოლო გამოცდები მათთვის 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. 

რეგისტრაციის უფლება აქვთ პირებს, რომელთა ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, თუ მათ დაძლეული აქვთ წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინოს რესურსცენტრში.

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველი პირი, თუ სწავლობს სკოლაში, მან განაცხადი უნდა წარადგინოს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადების წარდგენა ხდება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს მასპინძლობს

მასწავლებლის სახლი  მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს მასპინძლობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს "ჩხირკედელას" მასპინძლობს, რომელშიც 40-მდე გუნდი მონაწილეობს.

ტურნირი მოიცავს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას და მისი მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

8-9 თებერვალს ბიოლოგიის მიმართულებით გამარჯვებული გუნდებიც გამოვლინდა:

I -  დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა" - გუნდი ''Cerebellum'';
II - სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესს" - გუნდი "კათიონები";
III - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა - გუნდი "ჰელიქსი";

"ჩხირკედელა" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტია. მოსწავლეები სპეციალური ხელსაწყოებით აღჭურვილ ლაბორატორიებში მუშაობენ და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტს ქმნიან.

ტურნირის ფარგლებში მათი ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.

წაიკითხეთ სრულად