Baby Bag

რომელ კლასებში ჩატარდება გაზაფხულზე გამოცდები?

რომელ კლასებში ჩატარდება გაზაფხულზე გამოცდები?

მე-4, მე-6 კლასებში შეფასებები პილოტირების რეჟიმში, 2020 წლის გაზაფხულზე ჩატარდება და მთლიანად ელექტრონული ფორმატის იქნება.  მე-10 კლასში კი პილოტირება 2021 წლისთვის იგეგმება. აღნიშნულის შესახებ 1TV-ის ​გადაცემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ისაუბრა. 

როგორც სოფო გორგოძე აცხადებს, მე-4 და მე-6 კლასებში შეფასებითი ტესტები სრულად, სავარაუდოდ, 2021 წელს დაინერგება: 

ჩვენ გვსურს, რომ შეფასებები, რომლებსაც დავიწყებთ მე-4 და მე-6 კლასებში ელექტრონული ფორმატით ჩატარდეს. გვინდა, რომ სკოლაში ჩავატაროთ და ტესტი სრულად კომპიუტერული იყოს, ანუ მოსწავლეს არ ჰქონდეს პასუხების ფურცელი. თუმცა ტესტები  მხოლოდ ე.წ შემოსახაზი სახით არ იქნება, არამედ ღია ბოლოიანი დავალებებიც, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ეს უნარები გააჩნდეთ. 

შეფასების მთავარი მიზანი იქნება ის, რომ შემდეგ სკოლებმა, მშობლებმა და თავად მოსწავლეებმა მიიღონ ანგარიში, თუ სად გაუჭირდათ და რა მიმართულებები დაძლიეს წარმატებით. ამ შეფასებებით ასევე სახელმწიფოს უნდა მივცეთ მონაცემები, თუმცა არა თითოეული მოსწავლის ან სკოლის დონეზე, რომ შემდგომ ამას რაიმე დასჯის მექანიზმი არ მიებას, არამედ სოფლისა და ქალაქის სკოლებში რა ხდება, დიდ და პატარა სკოლებში რა მდგომარეობაა. ამ მიმართულებით მივაწვდით სამინისტროს ანალიზს, რომ შემდგომ ამის მიხედვით მოხდეს სწავლის გაუმჯობესება,“ - აღნიშნა ნაეკის დირექტორმა. 

სოფო გორგოძე ასევე განმარტავს, თუ რატომ ხდება აღნიშნული შეფასებები მე-4 კლასიდან:

„მე-4 კლასში ვაკეთებთ, რადგან უფრო ადრეულად შევძლოთ ინტერვენციების განხორციელება, რადგან მეექვსე კლასში შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს, რადგან მეექვსე კლასამდე თუ ისე მივიდა ბავშვი, რომ წერა-კითხვას ვერ ახერხებს ნორმალურად, შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს,“ - დასძინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა. 



შეიძლება დაინტერესდეთ

ნოემბრის გამოცდებზე დარეგისტრირებული პირების საყურადღებოდ

ნოემბრის გამოცდებზე დარეგისტრირებული პირების საყურადღებოდ

2019 წლის ნოემბერში დანიშნული საგნის გამოცდის ჩასაბარებლად და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად დარეგისტრირებული პირების საყურადღებოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.

„ნოემბერში დანიშნულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულნი არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები. არაერთ მათგანს რეგისტრაციის პერიოდში (2019 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით) შეეცვალა სტატუსი (ან ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ ბაზაში განახლდა რეგისტრაციის დაწყების შემდეგ). ამიტომ ეს პირები არ თავისუფლდებიან რეგისტრაციის გადასახადისაგან.


რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული საფასური მათ უნდა გადაიხადონ მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 10:00 საათიდან 7 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.
თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება და ისინი ტესტირებაზე არ დაიშვებიან,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაიკითხეთ სრულად