Baby Bag

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები „მედიის ეკონომიკის“ კურსს დაეუფლებიან

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები „მედიის ეკონომიკის“ კურსს დაეუფლებიან

ახალი სასწავლო წლიდან (სექტემბრიდან) მოსწავლეები „მედიის ეკონომიკის“ კურსს დაეუფლებიან. კურსი ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად არის აღიარებული. 

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში „მედიის ეკონომიკის“ კურსის ავტორი „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორი, ცნობილი იტალიელი ტრენერი ალესანდრა ფალკონი ჩამოიყვანა, რომელიც 50 მასწავლებელსა და ტრენერს გადაამზადებს.

პროექტი „მედიის ეკონომიკა“ მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. „მედია ეკონომიკის“ კურსის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ. 

პროექტი ფოკუსირებულია სოციალურ მედიაზე, რომელიც მოზარდების ყურადღებას ამახვილებინებს პირადი ინფორმაციის დაცვის ასპექტებზე, კიბერბულინგსა და ინტერნეტში არსებულ სხვა საფრთხეებზე. ამასთან, პროექტის მიზანია მოზარდები სწორად ინფორმირებულნი იყვნენ საკუთარი ონლაინ პიროვნების შესახებ.

იხილეთ ასევე:

10 რჩევა, რომელიც ბავშვის კიბერბულინგისგან დაცვაში დაგეხმარებათ

შეიძლება დაინტერესდეთ

2020-2021 სასწავლო წელს სკოლები ვალდებულნი ხდებიან, ელექტრონული ჟურნალის წარმოება დაიწყონ

2020-2021 სასწავლო წელს სკოლები ვალდებულნი ხდებიან, ელექტრონული ჟურნალის წარმოება დაიწყონ

2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის ​ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.

ბრძანების თანახმად, 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ყველა საჯარო სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი).

ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ჟურნალში არსებულ ინფორმაციას.

2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება გახდეს სავალდებულო და გაუქმებულ იქნეს ჟურნალების წარმოება - აღნიშნულია განათლების მინისტრის ბრძანებაში. 

იხილეთ ბრძანება დეტალურად - ბრძანება​

წაიკითხეთ სრულად