Baby Bag

საზაფხულო სკოლები გრძელდება - რა სიურპრიზი ელოდებათ საუკეთესო მოსწავლეებს

საზაფხულო სკოლები გრძელდება - რა სიურპრიზი ელოდებათ საუკეთესო მოსწავლეებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ სამეცნიერო და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები მოინახულა, მოსწავლეებს შეხვდა და ნორჩ გამომგონებელთა ნამუშევრებს გაეცნო.

პროექტი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - „თბილისის“ ბაზაზე ხორციელდება და მასში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში საუკეთესო შედეგების მქონე 750 მოსწავლე მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საზაფხულო სკოლაში მოსწავლეების აქტივობები ორ ნაწილად იყოფა: დღის პირველ ნახევარში ისინი ძირითადად აკადემიური ნაწილით არიან დატვირთულნი, მეორე ნახევარში კი, აქვთ განტვირთვის საშუალება მრავალფეროვანი სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, ექსკურსიებითა და გასვლითი ღონისძიებებით.

სამეცნიერო საზაფხულო სკოლის პროგრამა ძირითადად მათემატიკისა და ინფორმატიკის თემატიკას უკავშირდება. მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციებს სამეცნიერო სფეროდან, უტარდებათ მრავალფეროვანი ლექციები და სემინარები მოწვეულ ლექტორებთან, დარგის სპეციალისტებთან.

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში კი, აკადემიური ნაწილი მოიცავს როგორც ინგლისური ენის, ასევე დიდი ბრიტანეთის კულტურისა და ტრადიციების შესწავლას. ზოგადი ინგლისურის გაკვეთილებზე მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა თემებს, ისეთი როგორიცაა მოგზაურობა, მუსიკა, სარეკლამო სფერო, კინოინდუსტრია და სხვა. საგაკვეთილო პროცესი დატვირთულია ბევრი სახალისო აქტივობით, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

სამეცნიერო ბანაკის თითოეულ ნაკადში ბანაკის მონაწილეთაგან საუკეთესო მოსწავლეები შეირჩევიან, რომელთა ნაწილი შვეიცარიაში, CERN-ში (ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი) გაემგზავრება, ნაწილი კი - პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, ინგლისური ენის ბანაკის მოსწავლეებიდან საუკეთესოები კი, დიდ ბრიტანეთში, ბაქსვუდის სკოლაში გაემგზავრებიან.

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგებს აქვეყნებს.

ცენტრის ცნობით, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
„შეგახსენებთ: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 27 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. აბიტურიენტებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილირომელიც გვიჩვენებს, რა ქულა შეესაბამება აპელაციებისა და გათანაბრების შემდეგ ტესტის თითოეულ საგანსა და ვარიანტში მიღებულ ნედლ ქულას.

წაიკითხეთ სრულად