მშობლის, როგორც სრულფასოვანი, ინფორმირებული პარტნიორის როლი სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობისთვის აუცილებელი პირობაა, ამ აცილებლობის დანახვისთვის მოდით თანმიმდევრულად გავცეთ პასუხი რამდენიმე შეკითხვას.
რა არის სწავლა - სწავლების პროცესი? მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული სწავლის და სწავლების პროცესი, რომელიც მოიცავს საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო აქტივობებს მაგალითად: საკლუბო მუშაობას, სასწავლო ტრენინგ-კურსებს, სასწავლო და საზოგადოებრივ პროექტებს, საზაფხულო სკოლის მუშაობას და ა.შ.
რა არის სწავლა - სწავლების მიზანი ზოგადასაგნმანათლებლო დაწესებულებაში? ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სწავლა - სწავლების პროცესში გვაქვს: ზოგადი განათლების მიზნები, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მიზნები, თითოეული საგნისთვის ინდივიდუალურად შემუშავებული მიზნები საფეხურების მიხედვით საგნობრივი სტანდარტიდან გამომდინარე და სამიზნე ცნებები.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანია: სათანადო ცოდნით, გონებრივი და ფიზიკური უნარებით აღჭურვილი, სამოქალაქო ცნობიერების მქონე თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელსაც სრულად აქვს გააზრებული ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო, ლიბერალურ - დემოკრატიული ღირებულებები და მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია: აღზარდოს წიგნიერი, ეთიკური, პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, დროსა და სივრცეში ორიენტირების, მეწარმეობის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, კვლევის, სწავლის სწავლის, დამოუკიდებლად საქმიანობის, ინიციატივების გამოვლენის და საქმედ ქცევის უნარები.
დაწყებითი საფეხურის მიზნებია: მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა. წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების უნარების განვითარება. გარემოს და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შექმნა და ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობად გარდაქმნა.
საბაზო საფეხურის მიზნებია: მოსწავლის ინტერესების და მიდრეკილებების გამოვლენა, დამოუკიდებლად სწავლისა და შრომის უნარის განვითარება. აქტიური მოქალაქის ფორმირება, რომელსაც აქვს მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნა.
საშუალო საფეხურის მიზნებია: მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფრომირებული, პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელსაც აქვს სისტემური, სიღრმისეული ცოდნა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, მიღწევების გამოყენების, ახალი მატერიალური ინტელექტუალური სულიერი ღირებულებების შექმნის უნარები.
ასევე გვაქვს თითოეული საგნისთვის ინდივიდუალურად შემუშავებული მიზნები საფეხურების მიხედვით საგნობრივი სტანდარტიდან გამომდინარე. მაგ: იხ. საბაზო საფეხურისთვის შემუშავებული მიზნები გეოგრაფიაში, ისტორიაში, მოქალაქეობაში.
თითოეულ საგანში, საგნის სტანდარტიდან გამომდინარე შემუშავებულ მიზნებთან ერთად გვაქვს თითოეულ საფეხურზე სიღრმისეულად დასამუშავებელი სამიზნე ცნებები. სამიზნე ცნებები: ის მაკრო ცნებებია, რომლების სიღრმისეული გააზრება-გამოყენებაც სწავლა - სწავლების პროცესის ერთ - ერთი მთავარია მიზანია. მაგ:
გეოგრაფიაში საბაზო საფეხურზე გვაქვს ხუთი სამიზნე ცნება: გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი, გეოგრაფიული გარსი, გეოგრაფიული მოვლენა და პროცესი, მოსახლეობა და მეურნეობა, მდგრადი განვითარება.
ისტორიაში, საბაზო საფეხურზე გვაქვს ექვსი სამიზნე ცნება: ისტორიული წყარო და წყაროს ინტერპრეტაცია, დრო, სივრცე, საზოგადოება, ძალაუფლება, ისტორიული მოვლენა და პროცესი.
სამოქალაქო განათლებაში საბაზო საფეხურზე გვაქვს ხუთი სამიზნე ცნება: სოციალიზაცია, დემოკრატია, ინიციატივა და მეწარმეობა, სამოქალაქო მონაწილეობა, მდგრადი განვითარება.
სწორედ ეს მიზნებია ჩვენი ორიენტირი სწავლა - სწავლების პროცესში, ამ მიზნების მიღწევისთვის ვახორციელებთ საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო, საკლუბო აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სასწავლო და საზოგადოებრივ პროექტებს, რომლებსაც თავის მხრივ აქვთ კონკრეტული მიზნები.
რას ველით სწავლა - სწავლების პროცესში მშობლების ჩართულობისგან?
ველით მხარდაჭერას ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევისკენ მიმავალ გზაზე. მხარდაჭერის მიღებისთვის კი საჭიროა გულწრფელობა, ინფორმირებულობა, პასუხისმგებლობის, აზრების და ინიციატივების გაზიარება.
მშობლის აქტიური ჩართულობა სწავლა - სწავლების პროცესში, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მხოლოდ მშობლისა და მასწავლებლის ეფექტიან კომუნიკაციას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლისა და შვილის ყოველდღიური ხარისხიანი კომუნიკაცია სწავლა - სწავლების პროცესის და ზოგადად სასკოლო ყოველდღიურობასთან დაკავშირებით, როდესაც მშობელი ყოველდღიურად გამოხატავს ინტერესს შეკითხვებით, რჩევებით და აზრთა გაზიარებით.
მნიშვნლელოვანია, ბავშვი ხედავდეს რომ მშობლის შეკითხვები არ შემოიფარგლება მხოლოდ შეფასების და დავალების მომზადება არ მომზადების საკითხებით, „ნასწავლი გაკვეთილების აუცილებლად ჩაბარების“ ტრადიციის დაცვით, რადგან ამ გზით ბავშვს ვაჩვენებთ რომ არ ვენდობით არც მას და არც მის მასწავლებელს, მთავარი შემფასებლებები ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა ვიყვეთ კმაყოფილნი. ამ გზით ბავშვი კარგავს პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი თავისა და სასკოლო საზოგადოების, სწავლა - სწავლების პროცესის მიმართ.
მოსწავლის, სასწავლო მოტივაცია რომ გაიზარდოს უნდა ხედავდეს, რომ მშობელს სიღრმისეულად აინტერესებს სწავლა - სწავლების, საკლასო და სასკოლო სივრცეში მიმდინარე პროცესები, აინტერესებს მისი შეხედულებები, არგუმენტები, დასკვნები. ძალიან ეფექტიანია, როდესაც მშობელი და შვილი არგუმენტირებულად განიხილავენ ისეთ თემებს როგორიც არის: პერსონაჟის ქმედება მოთხრობაში, ავტორის განწყობა ლექსის წერის დროს, ისტორიული გადაწყვეტილების მიზეზ-შედეგობრიობა, პიროვნების როლი საზოგადოებაში და ა.შ. ამგვარი არსობრივი საუბრები აღრმავებს მოსწავლის მოტივაციას და ჩართულობას სწავლა - სწავლების პროცესში, ამასთან საინტერესოს ხდის მშობლის და შვილის ურთიერთობებს.
ამგვარად, მშობლებისგან მხარდაჭერით და აქტიური ჩართულობით ველით სწავლა - სწავლების პროცესის ხარისხობრივ გაუმჯობესებას შემდეგი მიმართულებებით: მოსწავლეთა დასწრება და აკადემიური მოსწრება, ეფექტიანი კომუნიკაცია, პოზიტიური ქცევა, ნდობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები;
როგორ გავზარდოთ მშობლის ჩართულობა სწავლა- სწავლების პროცესში?
როცა ახალი აქტივობის განხორციელება გვინდა ნათლად უნდა ავუხსნათ როგორც მოსწავლეებს, ისე მათ მშობლებს თუ რა მიზნით გვსურს ახალი აქტივობის შემოტანა სასწავლო სივრცეში, მაგალითად როდესაც ახალი აქტივობის - ფაზლების შემოტანა დავისახე მიზნად, ვიდრე ამ აქტივობას განვახორციელებდი ჯერ ჩემს მოსწავლეებს მივეცი ნათელი ინსტრუქციები ფაზლების მომზადების და აწყობის შესახებ, იქვე ავუხსენი თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ აქტივობის განხორციელება და რა შედეგებისთვის გვჭირდებოდა ის, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ ფაზლებით მუშაობა. შემდეგ ეტაპზე ერთობლივად დავგეგმეთ და განვახორციელეთ ღია გაკვეთილი სადაც მშობლები ჩავრთეთ და ასე კეთების პროცესის გაზიარებით ნათელი გახდა, რომ ფაზლებით მუშაობა კონკრეტული საკითხებისა და თემების სიღრმისეულ გააზრებასთან ერთად მნიშვნელოვნად ავითარებს ისეთ უნარებს როგორებიც არის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა და კომუნიკაცია.
სასკოლო ცხოვრებაში და სწავლა-სწავლების პროცესში მშობელთა აქტიურად ჩართვაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება როგორც მხოლოდ მშობლებისთვის ორგანიზებული აქტივობები, მაგ: საინფორმაციო შეხვედრები, სადისკუსიო კლუბი, სასწავლო ტრენინგ-კურსები, კონფერენციები, ასევე ისეთი აქტივობები, სადაც მშობლები მოსწავლეებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას მაგ: ღია - საჩვენებელი გაკვეთილები მშობლებისთვის, სახალისო კონკურსები, ლიტერატურული კლუბი, კონფერენციები, გამოფენები, ცხობის დღე, სასწავლო რესურსები ერთობლივად შექმნის კვირეული, საგანმანათლებლო შინაარსის ექსკურსიები და ა.შ.
ნებისმიერი სიახლე მიზეზ-შედეგობრიობის სრული და ნათელი განმარტების გარეშე მარტივად შეიძლება გადაიქცეს ბუნდოვან, გაურკვეველ აქტივობა/პროცესად და გადაულახავ ბარიერად იქცეს სწავლა-სწავლების პროცესში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესში სიახლეების ეფექტიანად დანერგვისთვის გავითვალისწინოთ, რომ მშობელი, როგორც სრულფასოვანი, ინფორმირებული პარტნიორი სწავლა - სწავლების პროცესის წარმატებით განხორციელების და შედეგად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სასწავლო მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი პირობაა. მშობელს და მასწავლებელს საერთო მიზნები გვაქვს, რომელთა მიღწევისთვისაც საჭიროა ინფორმირებული, თანმიმდევრული, შეთანხმებული ქმედებები.
ავტორი: ანა ანუშიძე