Baby Bag

მზად, გვერქვას მასწავლებელი...

მზად, გვერქვას მასწავლებელი...
მასწავლებლების ოჯახში გავიზარდე. ბებია - მასწავლებელი, დედა - მასწავლებელი, ბაბუა - ინჟინერი, მაგრამ ცხოვრების მასწავლებელი, მამა - გზების ინჟინერი, მაგრამ ლექსების მასწავლებელი. ყველგან მასწავლებლები. მეც ავდექი და ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. რა მასწავლებელი?!

ოთხი წელი „კარგად“ ვისწავლე. ძალიან კარგად. ისეთი თბილი იყო მეექვსე კორპუსის ცისფერი კედლები. ძალიან ლამაზი დიპლომიც ავიღე და დიდი ხანია უჯრაში მიდევს. მგონი ნელ-ნელა ფერიც გადასდის. ღია ვარდისფერიც მოუხდება. არა უშავს.

მერე ორი წელი ვიმუშავე. თან საკუთარი პროფესიით. ჰო, საოცარია, გამიმართლა. მეც ასე ვფიქრობდი, სანამ მივხვდი, რომ ცხოვრებაში უფრო მეტს ვიმსახურებდი. ავდექი და წამოვედი.

ორი წელი ვწერდი სკოლებზე, მასწავლებლებზე, მოსწავლეებზე, დირექტორებზე, იმათზე, ვისაც უყვარდა ეს პროფესია და იმათზეც, ვისაც ეზიზღებოდა. კომფორტის ზონიდან ვერგამოსულ, მუდამ მოწუწუნე, მომთხოვნ მასწავლებლებზეც.

მაშინ მოვიდა ფიქრი, ფიქრი, რომ მხოლოდ გარეგანი დაკვირვებით და ჩართულობით, მხოლოდ ამბების შელამაზებით და გამხატვრულებით ცვლილებები ვერ მოხდებოდა, რადგან ყველა ცვლილება შიგნიდან იწყება. იქ მოსახვედრად კი...

ფორმალურად უფროსი მასწავლებელი ვარ. არაფორმალურადაც - უფროსი მასწავლებელი. ჯერ სკოლაში ვერ ვასწავლი, რადგან ჯერ იყო და თავის დროზე უარი ვთქვი და სწავლა ვარჩიე. ახლა სწავლას მოვრჩი და მაინც ვერ ვასწავლი. რატომ? ეს სხვა დროს, ახლა ამაზე ხომ არ ვსაუბრობ?!

ვისწავლე ყველაფერი, რაც მომავალში უნდა გამომადგეს და გამოვიყენო. რა ვიცი, ასე მითხრეს და მეც მჯერა. მჯერა, რომ ერთმა მერცხალმა თუ გაზაფხული ვერ მოიყვანა, არა უშავს, რადგან მარტს მაინც მოიყვანს.

ჯერ თავს ვერ ვგრძნობ განსაკუთრებულად. ან რა დროს ეგაა, მხოლოდ ერთი გაკვეთილი მაქვს ჩატარებული, ისიც დისტანციურად, ისიც კურსის ფარგლებში. ისე, მსმენია, ამბობენ, ეს პროფესია განსაკუთრებულიაო, ბავშვების სიყვარულიო, მეგობრობაო, მათი ღიმილიანი თვალებიო, მათი ფიქრებიო. კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ამის საპირწონედ აუცილებლად მახსენდება გაკვეთილის გეგმებიო, სწავლების სტრატეგიებიო, მოზარდთა ფსიქოლოგიაო, მშობლებიო, ჯერ კიდევ მტრულად განწყობილი სასკოლო საზოგადოებაო და თავბრუ მეხვევა. ამ ყველაფრის გამო კი ცოტა მეშინია.

მეშინია მოსწავლეების. მათთან ურთიერთობა ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ამდენი ხანი ვაკეთებდი. ისინი ჭკვიანები და ცნობისმოყვარეები არიან. ისინი ბევრ კითხვას სვამენ და პასუხებს ითხოვენ. ისინი მომთხოვნები არიან. ზოგჯერ მკაცრებიც და სასტიკებიც.

მათთან ურთიერთობა ძალიან ჰგავს თეატრალურ წარმოდგენას, სადაც ჩვენ რეჟისორები ვართ, მოსწავლეები მაყურებლები, ხოლო გაკვეთილი კი - სცენა და სპექტაკლი. როგორც ყველა სპექტაკლი არ იქნება ერთნაირად კარგი, ისევე ვერ იქნება ყველა გაკვეთილი ყოველთვის ერთი და იმავე ხარისხის. მაყურებელი კი ყოველთვის უკეთეს სანახობას ითხოვს. უკეთესი სანახაობისთვის კი აუცილებელია რეჟისორმა და მაყურებელმა თანმიმდევრულად და შეთანხმებულად იმუშავონ.

შიშებს რომ დავუბრუნდეთ...

შიშს მაშინაც ვგრძნობდი, როდესაც ჩემს ელფოსტას ვხსნიდი და ლექტორების უამრავი დავალება მხვდებოდა, რომელთა შესრულების გარეშე მასწავლებელი ვერ გავხდებოდი. მეც ვწერდი და ვწერდი, ვსაუბრობდი და ვსაუბრობდი და ასე, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მინდოდა წრის ნაწილი გავმხადარიყავი.

ისე, საერთოდ არაა მარტივი, ადგე და ამ მოჯადოებული წრის რომელიღაცა ნაწილში მოსახვედრად იბრძოდე. თან, მარტო კი არ ხარ, შენ გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ამას და ამ მარათონში საბოლოოდ ან გამარჯვებული გამოდიხარ, ან ისევ სხვა საქმის მოძებნა გიწევს გადასარჩენად. ამაზეც ცოტა ვრცლად მოგვიანებით...

მასწავლებლობა მარტივი არაა. მით უმეტეს, ეს ის საქმე არაა, მცდარი აზრების გარემოცვაში გაზრდილმა ადამიანებმა რომ უნდა შეასრულონ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბავშვობაში ასე ჩააგონეს. გახსოვთ, ხომ ბავშვობაში მოსმენილი ფრაზები იმის შესახებ, რომ ქალს მასწავლებლობა უხდება. იქვე აუცილებლად ახსენებდნენ, რომ, არა, კაცსაც უხდება, მაგრამ მაინც უფრო ქალს და ასე ხდებოდნენ ჩვენი დედები, დები, დეიდები, ბებიები და მეზობლები მასწავლებლები...

არადა... ეს პროფესია ჩვენს არჩევანსა და შესაძლებლობებს შორის დგას, ჩვენს სიყვარულის უნარსა და მოთმინებას შორის დგას და აქ ყველას ადგილი ნამდვილად არაა.

ამ პროფესიაში ძალიან მამაცი ადამიანების ადგილია. ადამიანების, რომლებსაც ბოლომდე ესმით მასწავლებლობის და განიცდიან მას. ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა და შეეჭიდონ ურთულეს საქმეს. ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი მოსწავლეების, არ ეზიზღებათ ისინი და სულმოუთქმელად არ ელიან დროს, როდესაც მათგან თავისუფლები იქნებიან.

როდესაც ამ ყველაფერს გააცნობიერებთ, მაშინ თავად მიხვდებით, რომ მზად ხართ. მზად, გერქვათ მასწავლებელი და ასწავლოთ სხვას. სხვას, უკეთესი სპექტაკლის დასადგმელად და სხვას, უკეთესი მომავლისთვის.

ავტორი: მარიამ გვარამია 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს თუ ყველაფრის გაკეთების უფლებას მივცემთ, ამით თავისუფლების იდეას ვუღალატებთ,“ - მარია მონტესორის რჩევები მშობლებს

„ბავშვს თუ ყველაფრის გაკეთების უფლებას მივცემთ, ამით თავისუფლების იდეას ვუღალატებთ,“ - მარია მონტესორის რჩევები მშობლებს

მარია მონტესორის სწავლებისა და აღზრდის მეთოდებმა დროის გამოცდას გაუძლო. ჩვენს სტატიაში ცნობილი იტალიელი პედაგოგის გამონათქვამებს გაგაცნობთ, რომლებიც ბავშვის სწორად აღზრდაში დაგეხმარებათ.

1. „დამეხმარე, რომ საკუთარი თავის დახმარება შევძლო.“

ბავშვები უამრავ რამეს გააკეთებდნენ თავისუფლად, თუ მშობლები მათ შესაბამის გარემოს შეუქმნიდნენ. თქვენს შვილს მცირე ზომის სამუშაო იარაღები აჩუქეთ, რათა დამოუკიდებლად შრომას მიეჩვიოს. სახლში დაბალი თაროები უნდა გქონდეთ, რომ მან ნივთების დალაგება თავისუფლად შეძლოს. ბავშვს ისეთი ტანსაცმელი უყიდეთ, რომელიც კომფორტულია და რომლის ჩაცმას ის დამოუკიდებლადაც შეძლებს. მარია მონტესორი ამბობდა: „არასდროს დაეხმაროთ ბავშვს იმ დავალების შესრულებაში, რომელსაც ის დამოუკიდებლად გაუმკლავდება.“

2. „გარეგანი ობიექტების სიმარტივე და ნაკლულობა ბავშვის აქტივობისა და სისწრაფის განვითარებას უწყობს ხელს.“

ბავშვებს განვითარებისთვის განსაკუთრებული სათამაშოები არ სჭირდებათ. უმჯობესია, თუ ისინი გარესამყაროს ბუნებრივ ობიექტებზე დაკვირვების შედეგად შეისწავლიან. ბავშვს უბრალო სათამაშოები უყიდეთ. მთავარია, რომ სათამაშო უსაფრთხო იყოს და ბავშვი მისი დახმარებით ახალი ცოდნის შეძენას ახერხებდეს.

3. „ბავშვისთვის თავისუფლების მინიჭება მის თავის ნებაზე მიშვებას არ გულისხმობს.“

მონტესორი აღნიშნავდა: „ბავშვის თავისუფლება გარკვეულ სტრუქტურაში უნდა მოვაქციოთ. ბავშვს თუ ყველაფრის გაკეთების უფლებას მივცემთ, როდესაც მას კონტროლის მექანიზმები გამომუშავებული არ აქვს, ამით თავისუფლების იდეას ვუღალატებთ.“ ბავშვს შინაგანი დისციპლინა უნდა განუვითაროთ. თავისუფლებამ ის გარკვეულ შედეგამდე უნდა მიიყვანოს. ბავშვს არჩევანის თავისუფლება უნდა ჰქონდეს, მას ამისთვის სათანადო პირობები უნდა შეუქმნათ.

4. „ბავშვის დახმარება თუ გვსურს, მას ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, სადაც ის თავისუფლად განვითარებას შეძლებს.“

ბავშვებს ისეთი გარემო სჭირდებათ, სადაც გარკვეული წესრიგი არსებობს. ასწავლეთ თქვენს შვილს საკუთარი სივრცის მოწესრიგება. ყოველთვის უერთგულეთ განრიგს და რუტინას. ეს ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეამცირეთ ბავშვის ოთახში სათამაშოების რაოდენობა. ბევრი სათამაშოს ქონა ბავშვის წარმოსახვის უნარს აქვეითებს.

5. „როდესაც ბავშვი რამით ინტერესდება, ის არასტაბილურ ხასიათს კარგავს და კონცენტრაციის უნარს იძენს.“

ბავშვი ყველაზე უკეთ იმას სწავლობს, რაც მას აინტერესებს. ბავშვს შესაძლებლობა მიეცით აირჩიოს, რისი კეთება სურს. ის უკეთ ისწავლის, თუ ეცოდინება, რომ არჩევანის გაკეთების უფლება აქვს. ყურადღებით შეისწავლეთ თქვენი შვილის ინტერესები. მას ისეთი აქტივობები შესთავაზეთ, რომლებიც მის ინტერესებთან შესაბამისობაშია.

6. „იმიტაცია ფხიზელი გონების პირველადი ინსტინქტია.“

ბავშვი კვლევითა და იმიტაციით უამრავ რამეს სწავლობს. ბავშვს თავგადასავლები შესთავაზეთ. მას შესაძლებლობა მიეცით საკუთარი პატარა ბაღი გააშენოს. დაიხმარეთ შვილი ყოველდღიურ საქმეებში. შესაძლებლობა მიეცით ბავშვს ითამაშოს განსხვავებულად: ბრინჯით, მარცვლეულით. ლობიოს მარცვლებით და ა.შ.

7. „ბავშვის შინაგანი სამყარო იმ შთაბეჭდილებებისგან იგება, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს.“

პატივი ეცით ბავშვს, როდესაც მასთან ურთიერთობთ. თქვენს შვილს თვალებში უყურეთ და ისე ესაუბრეთ. ასწავლეთ ბავშვს რთული ემოციების გამოხატვის სხვადასხვა გზა. მიეცით ბავშვს სწორი მაგალითი, რათა ის შედეგი მიიღოთ, რომელიც გსურთ.

8. „ტრადიციულად დისციპლინას უწოდებენ არა აქტივობას, არამედ სიჩუმესა და უძრაობას. ეს დისციპლინა არ არის, ეს ტანჯვაა, რომელიც ბავშვში მეამბოხურ განცდებს აძლიერებს.“

დისციპლინასა და დასჯას შორის განსხვავება არსებობს, რომლის ამოცნობა უნდა შეგეძლოთ. გახსოვდეთ, რომ ბავშვი ბავშვია, მისგან ზრდასრულის ქცევას ნუ ელით. დისციპლინას გარკვეული მიზანი უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს მიზანი ბავშვის დასჯა არ უნდა იყოს.

9. „მხოლოდ ბავშვის სიყვარული მასწავლებლისთვის საკმარისი არ არის. მას, პირველ რიგში, სამყარო უნდა უყვარდეს და მისი შეცნობის სურვილი ჰქონდეს. მასწავლებელმა ამაზე ბევრი უნდა იმუშაოს.“

სიყვარული საკმარისი არ არის, თუ საკუთარ თავზე არ ვმუშაობთ. გარკვეულ ღირებულებებზე რეფლექსია აუცილებელია. რა თვისებები უნდა განვუვითაროთ ბავშვს? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? აუცილებელია, მეტი დემოკრატიულობა და ბავშვისთვის ღირსეული მაგალითის მიცემა.

10. „არ არსებობს აღწერა ან სურათი წიგნიდან, რომელიც ნამდვილი ხეებისა და ტყის რეალურ ხატს, მათ რეალურ სახეს ჩაანაცვლებს.“

ბავშვები ყველაზე უკეთ ბუნებაზე დაკვირვებით სწავლობენ. შესაძლებლობა მიეცით შვილს შეისწავლოს მის ირგვლივ არსებული სამყარო, შეაგროვოს ფოთლები, ქვები, დააკვირდებს მწერების ცხოვრებას, მის ირგვლივ არსებულ ფერებს.

მომზადებულია​ parent.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად