Baby Bag

მზად, გვერქვას მასწავლებელი...

მზად, გვერქვას მასწავლებელი...
მასწავლებლების ოჯახში გავიზარდე. ბებია - მასწავლებელი, დედა - მასწავლებელი, ბაბუა - ინჟინერი, მაგრამ ცხოვრების მასწავლებელი, მამა - გზების ინჟინერი, მაგრამ ლექსების მასწავლებელი. ყველგან მასწავლებლები. მეც ავდექი და ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. რა მასწავლებელი?!

ოთხი წელი „კარგად“ ვისწავლე. ძალიან კარგად. ისეთი თბილი იყო მეექვსე კორპუსის ცისფერი კედლები. ძალიან ლამაზი დიპლომიც ავიღე და დიდი ხანია უჯრაში მიდევს. მგონი ნელ-ნელა ფერიც გადასდის. ღია ვარდისფერიც მოუხდება. არა უშავს.

მერე ორი წელი ვიმუშავე. თან საკუთარი პროფესიით. ჰო, საოცარია, გამიმართლა. მეც ასე ვფიქრობდი, სანამ მივხვდი, რომ ცხოვრებაში უფრო მეტს ვიმსახურებდი. ავდექი და წამოვედი.

ორი წელი ვწერდი სკოლებზე, მასწავლებლებზე, მოსწავლეებზე, დირექტორებზე, იმათზე, ვისაც უყვარდა ეს პროფესია და იმათზეც, ვისაც ეზიზღებოდა. კომფორტის ზონიდან ვერგამოსულ, მუდამ მოწუწუნე, მომთხოვნ მასწავლებლებზეც.

მაშინ მოვიდა ფიქრი, ფიქრი, რომ მხოლოდ გარეგანი დაკვირვებით და ჩართულობით, მხოლოდ ამბების შელამაზებით და გამხატვრულებით ცვლილებები ვერ მოხდებოდა, რადგან ყველა ცვლილება შიგნიდან იწყება. იქ მოსახვედრად კი...

ფორმალურად უფროსი მასწავლებელი ვარ. არაფორმალურადაც - უფროსი მასწავლებელი. ჯერ სკოლაში ვერ ვასწავლი, რადგან ჯერ იყო და თავის დროზე უარი ვთქვი და სწავლა ვარჩიე. ახლა სწავლას მოვრჩი და მაინც ვერ ვასწავლი. რატომ? ეს სხვა დროს, ახლა ამაზე ხომ არ ვსაუბრობ?!

ვისწავლე ყველაფერი, რაც მომავალში უნდა გამომადგეს და გამოვიყენო. რა ვიცი, ასე მითხრეს და მეც მჯერა. მჯერა, რომ ერთმა მერცხალმა თუ გაზაფხული ვერ მოიყვანა, არა უშავს, რადგან მარტს მაინც მოიყვანს.

ჯერ თავს ვერ ვგრძნობ განსაკუთრებულად. ან რა დროს ეგაა, მხოლოდ ერთი გაკვეთილი მაქვს ჩატარებული, ისიც დისტანციურად, ისიც კურსის ფარგლებში. ისე, მსმენია, ამბობენ, ეს პროფესია განსაკუთრებულიაო, ბავშვების სიყვარულიო, მეგობრობაო, მათი ღიმილიანი თვალებიო, მათი ფიქრებიო. კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ამის საპირწონედ აუცილებლად მახსენდება გაკვეთილის გეგმებიო, სწავლების სტრატეგიებიო, მოზარდთა ფსიქოლოგიაო, მშობლებიო, ჯერ კიდევ მტრულად განწყობილი სასკოლო საზოგადოებაო და თავბრუ მეხვევა. ამ ყველაფრის გამო კი ცოტა მეშინია.

მეშინია მოსწავლეების. მათთან ურთიერთობა ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ამდენი ხანი ვაკეთებდი. ისინი ჭკვიანები და ცნობისმოყვარეები არიან. ისინი ბევრ კითხვას სვამენ და პასუხებს ითხოვენ. ისინი მომთხოვნები არიან. ზოგჯერ მკაცრებიც და სასტიკებიც.

მათთან ურთიერთობა ძალიან ჰგავს თეატრალურ წარმოდგენას, სადაც ჩვენ რეჟისორები ვართ, მოსწავლეები მაყურებლები, ხოლო გაკვეთილი კი - სცენა და სპექტაკლი. როგორც ყველა სპექტაკლი არ იქნება ერთნაირად კარგი, ისევე ვერ იქნება ყველა გაკვეთილი ყოველთვის ერთი და იმავე ხარისხის. მაყურებელი კი ყოველთვის უკეთეს სანახობას ითხოვს. უკეთესი სანახაობისთვის კი აუცილებელია რეჟისორმა და მაყურებელმა თანმიმდევრულად და შეთანხმებულად იმუშავონ.

შიშებს რომ დავუბრუნდეთ...

შიშს მაშინაც ვგრძნობდი, როდესაც ჩემს ელფოსტას ვხსნიდი და ლექტორების უამრავი დავალება მხვდებოდა, რომელთა შესრულების გარეშე მასწავლებელი ვერ გავხდებოდი. მეც ვწერდი და ვწერდი, ვსაუბრობდი და ვსაუბრობდი და ასე, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მინდოდა წრის ნაწილი გავმხადარიყავი.

ისე, საერთოდ არაა მარტივი, ადგე და ამ მოჯადოებული წრის რომელიღაცა ნაწილში მოსახვედრად იბრძოდე. თან, მარტო კი არ ხარ, შენ გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ამას და ამ მარათონში საბოლოოდ ან გამარჯვებული გამოდიხარ, ან ისევ სხვა საქმის მოძებნა გიწევს გადასარჩენად. ამაზეც ცოტა ვრცლად მოგვიანებით...

მასწავლებლობა მარტივი არაა. მით უმეტეს, ეს ის საქმე არაა, მცდარი აზრების გარემოცვაში გაზრდილმა ადამიანებმა რომ უნდა შეასრულონ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბავშვობაში ასე ჩააგონეს. გახსოვთ, ხომ ბავშვობაში მოსმენილი ფრაზები იმის შესახებ, რომ ქალს მასწავლებლობა უხდება. იქვე აუცილებლად ახსენებდნენ, რომ, არა, კაცსაც უხდება, მაგრამ მაინც უფრო ქალს და ასე ხდებოდნენ ჩვენი დედები, დები, დეიდები, ბებიები და მეზობლები მასწავლებლები...

არადა... ეს პროფესია ჩვენს არჩევანსა და შესაძლებლობებს შორის დგას, ჩვენს სიყვარულის უნარსა და მოთმინებას შორის დგას და აქ ყველას ადგილი ნამდვილად არაა.

ამ პროფესიაში ძალიან მამაცი ადამიანების ადგილია. ადამიანების, რომლებსაც ბოლომდე ესმით მასწავლებლობის და განიცდიან მას. ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა და შეეჭიდონ ურთულეს საქმეს. ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი მოსწავლეების, არ ეზიზღებათ ისინი და სულმოუთქმელად არ ელიან დროს, როდესაც მათგან თავისუფლები იქნებიან.

როდესაც ამ ყველაფერს გააცნობიერებთ, მაშინ თავად მიხვდებით, რომ მზად ხართ. მზად, გერქვათ მასწავლებელი და ასწავლოთ სხვას. სხვას, უკეთესი სპექტაკლის დასადგმელად და სხვას, უკეთესი მომავლისთვის.

ავტორი: მარიამ გვარამია 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე არ ვარ მომხრე, რომ ჩვენ დავაძალოთ ბავშვებს ლექსის სწავლა. თუ არ სწავლობს ბავშვი ლექსს, ნუ ისწავლის, არ არის ეს პრობლემა,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში ლექსის დასწავლის სირთულეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მშობლებისა და აღმზრდელების გადაჭარბებული მოთხოვნილება, რომ ბავშვებს ლექსები ასწავლონ, არ არის სწორი მიდგომა:

„ძალიან ხშირად მშობლებსაც და საბავშვო ბაღის აღმზრდელებსაც აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნილება, რომ ბავშვებს ასწავლონ ლექსები. ლექსის სწავლა არაფერს არ მატებს ჩვენს ტვინს, გარდა იმისა, რომ ბავშვებს ისედაც აქვთ კარგი მეხსიერება. თუ არ სწავლობს ბავშვი ამ ლექსს, ნუ ისწავლის, არ არის ეს პრობლემა. პრობლემა იმაშია, რომ ლექსის რითმი თანმიმდევრობას გულისხმობს, ამ თანმიმდევრობის დახსომება ჯერ ბავშვისთვის არ არის მისაწვდომი. ეს არის კავშირში ფონოლოგიურ უნარებთან. მას შეიძლება არ ჰქონდეს იმ ასაკისთვის ​კარგად მომწიფებული ფონოლოგიური მეხსიერება, რაც სპეციფიკური მეხსიერებაა. ეს არ არის კატასტროფა. ეს არის განვითარებადი. მე არ ვარ მომხრე, რომ ჩვენ დავაძალოთ ბავშვებს მაინცდამაინც ლექსის სწავლა. ბავშვებს ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ. როდესაც ბავშვს ლექსის მიმართ პროტესტი აქვს, ეს არის მიმანიშნებელი, რომ ამ ტიპის, ​ასე დალაგებული ინფორმაციის აღქმა და შენახვა, ჯერ კიდევ ნაკლებად მისაწვდომია. ეს არ არის პრობლემა. ეს არის გავარჯიშებადი, ოღონდ არა ლექსების სწავლით ან ძალადობით, მოთხოვნით, რომ ისწავლოს და დაიზეპიროს.“

​თამარ გაგოშიძემ დასწავლის უნარის დაქვეითების შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხშირად აღნიშნული პრობლემა საზოგადოების მეტისმეტად მკაცრი მოთხოვნებით არის გამოწვეული:

„დასწავლის უნარის დაქვეითება ხშირად აქვთ ბავშვებს, რომლებსაც არაფერი სხვა პრობლემა არ აქვთ. ვერ უპოვის ექიმი დასწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვს ვერაფერს.​ ძალიან ხშირად, როდესაც ბავშვის უნარების რეალიზება ვერ მოახდინეს საკლასო სიტუაციაში, არის დასწავლული უსუსურობა. ძალიან ხშირად ვხვდებით ბავშვებს, რომლებიც თვლიან, რომ არ შეუძლიათ, ვერ გააკეთებენ. ეს არის ნამდვილი კატასტროფა. ქართულ საზოგადოებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეცდომის უფლება არ გაქვს, წარუმატებლობის უფლება არ გაქვს. უნდა იყო სულ ფორმაში, კითხვა არ უნდა დასვა, არასდროს არაფერი არ უნდა შეგეშალოს. ეს არის კატასტროფა. ეს აფერხებს განვითარებასაც, სწავლასაც და ყველაფერსაც.“

„ბავშვი თავისი ბუნებით არის ძალიან კრეატიული. ის სწავლობს გამოძიებით. თუ ბავშვმა გამოძიებით არ ისწავლა, დაზეპირებული როგორც დაიზეპირა, ისე გაქრება მისი მეხსიერებიდან. როდესაც ნიჭიერებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პიროვნებას ვზრდით. ​ჩვენ ექსპლუატაცია არ უნდა გავუწიოთ ბავშვის ნიჭსა და უნარებს. აი, ეს არის მთავარი,“ - აღნიშნულ თემებზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად