Baby Bag

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

ტექსტში ბევრი რჩევაა, თუ არ გიყვარს ასეთი ნაწერების კითხვა და გირჩევნია შენსავე შეცდომაზე ისწავლო, ნუ წაიკითხავ, ჩემიანი ხარ.

კოლფილდივით, სელინჯერის პერსონაჟივით, შევდივართ ახალგაზრდა მასწავლებლები საკლასო ოთახებში: „მე მინდა კლდის პირზე, ჭვავის ყანაში უამრავ მოთამაშე ბავშვს ვუყურებდე და როგორც კი რომელიმე მათგანი გადავარდნას დააპირებს, ვიჭერდე“ - ზუსტად ამ ენთუზიაზმით. ძალიან გვინდა სწავლა-სწავლების პროცესი თამაშს ჰგავდეს, თამაში ხომ წარმოსახვაა, თავისუფლება, ბევრი სივრცე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ბავშვებს უყვართ და სჭირდებათ განვითარებისთვის. ჰოლდენმა იცის, რომ გადავარდნის საფრთხე გარდაუვალია, უნდა რომ უყურებდეს მათ და იჭერდეს - მეტი არაფერი.

მაშ, პირველი და მთავარი რჩევა: დაივიწყე ეს ენთუზიაზმი, ჯერ უნდა მიგიღონ. პრაგმატულად შეხედე ყველაფერს და შეისწავლე სიტუაცია, ოღონდ არ დაგავიწყდეს მთავარი: შენ მაგალითი ხარ მოსწავლეებისთვის, როგორადაც მოიქცევი, ისე მოგექცევიან, ამიტომ იყავი ზრდილობიანი, პატივი ეცი მათ წინარე ცოდნას, სურვილებს, ინტერესებსა და დამოკიდებულებებს. მოსწავლეს ვერ „აჯობებ“! არც მოინდომო, რომ ხმას აუწევ და ასე გააჩუმებ. საკლასო ოთახში ბუზის გაფრენის ხმა კი არა, ბავშვების სილაღის, მათი თავისუფლების და აზრების ხმა უნდა გესმოდეს, ნუ დათრგუნავ მათ, ასე პატივისცემას დაკარგავ - „თუ ბავშვში ცელქს ჩაკლავ, ბრძენს ვეღარ აღზრდი“.

გაიცანი. დააცადე, რომ გაგიცნონ. მაშინათვე ნუ გამოიყენებ შენს ახალ მეთოდებს, სტილს, უნივერსიტეტში ნასწავლის დამკვიდრებას ნუ შეეცდები. იქ ხომ იმასაც გვასწავლიდნენ, რომ თითოეულ კლასს თავისი დინამიკა აქვს, წარსული გამოცდილება, ღირებულებათა სისტემა. ხოდა, ეცადე, დააკვირდე და შეისწავლო. მხოლოდ შემდეგ მიხვდები, რა უნდა შეცვალო და როგორ. იყავი დამკვირვებლის პოზიციაში, მეტად მოისმინე. ზოგიერთი კლასი მაშინვე მიგიღებს, ზოგიერთი - ვერ, დრო დასჭირდება.

შენ თუ გსიამოვნებს კონკრეტულ თემაზე საუბარი, კონკრეტული გაკვეთილის ახსნა, არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ეს სჭირდებათ. როცა გაკვეთილზე შედიხარ, გქონდეს გეგმა, დღის, კვირის, თვის მიზნები. გაკვეთილის დასრულებისთანავე საკუთარ თავს ჰკითხე, უახლოვდები თუ არა მიზანს, გაზომე შედეგები, იკვლიე მოსწავლეების საჭიროებები, იმოქმედე ამის მიხედვით.

კარგად გაეცანი ეროვნულ სასწავლო გეგმას, კანონს ზოგადი განათლების შესახებ, იკითხე პროფესიული ლიტერატურა. ხშირად გადაიკითხე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, დააკვირდი: იქ არსად წერია, რომ ზმნის ყველა კატეგორიის სწავლა სავალდებულოა თითოეული მოსწავლისთვის, სამაგიეროდ, აუციელებელია ერთმანეთის პატივისცემას, მოსმენას მივაჩვიოთ და ა. შ. ხშირად დაფიქრდი გეგმის თითოეულ პუნქტზე.

ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმები და მაქსიმალურად დეტალურად ახსნილი დავალების პირობა. მხოლოდ გვერდებს ნუ მიუთითებ. აუხსენი, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა შეასრულონ. მათ უნდა იცოდნენ, რაში და როგორ ვაფასებთ. ეს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მოსწავლეებში უსამართლობის განცდას აგარიდებს. თავადაც შექმნან კრიტერიუმები. მოიფიქრე აქტივობები (საკლასო, საშინაო), რომლებიც შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობას გააზრებინებს მოსწავლეებს. 

გაიხსენე ბლუმის ტაქსონომიაც. ნუ დასვამ მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციაზე ორიენტირებულ კითხვებს. გაიაზრონ, გამოიყენონ, შეაფასონ, გამოთქვან საკუთარი აზრი, რეალურ ცხოვრებასთან დააკავშირონ, პირად გამოცდილებასთან. ჩვენ ხომ ცოდნასთან ერთად უნარებსა და ღირებულებებზე ვმუშაობთ. ნუ იქნები რამდენიმე ბავშვზე ორიენტირებული. თუკი რამდენიმეს „ამოიჩემებ“, მათ მოაყოლებ ხოლმე, (ადექი, მოყევი, დაჯექის პრინციპით) ზარიც „მოგისწრებს“ და ამ დროს სინდისი არ შეგაწუხებს, ეს პროფესია შენი არ არის. არ მომერიდება იმის დაწერის, რომ არაკეთილსინდისიერად მოიქცევი. ბავშვობის ტრავმები მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ხოლმე ადამიანებს. მასწავლებელი ავითარებს თავდაჯერებულობის განცდას. ნუ მიაწებებ იარლიყებს, შეეცადე მრავალი მხრიდან შეხედო მათ შესაძლებლობებს. არ დაჩაგრო სიტყვებითა და ზოგჯერ გაუცნობიერებელი ქმედებებით. რწმენა გაუღვივე, რომ გარემოებების მიუხედავად შეუძლია წარმატებული და ბედნიერი მომავლის შექმნა - ეს განცდა ბავშვობიდან ყალიბდება. ამისთვის საკმარისია, გაკვეთილზე საჭიროდ, დაფასებულ და პატივსაცემ მოსწავლეებად იგრძნონ თავი.

განვითარდი, იკითხე, იკვლიე. გამოყავი ნახევარი საათი დღის ბოლოს, რომ ჩაიწერო, რა ხდებოდა ამა თუ იმ კლასში, რა მოლოდინი გქონდა, რატომ გამართლდა ან რატომ ვერ გამართლდა. გახსოვდეს, რომ ის რესურსები, რომლებსაც მოსწავლეებს სთავაზობ, უმნიშვნელოვანესია. თავადაც შექმენი. წიგნი ერთ-ერთი რესურსია და მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობი. გადადე ხოლმე, თუ შენი მოსწავლეების საჭიროებებს ვერ მოარგებ ამა თუ იმ საკითხსა და სავარჯიშოს. 

ყველაზე გულწრფელი ოცნებების, მრავალფეროვანი შესაძლებლობების, უცნაური წყენების, ზოგჯერ იმედგაცრუებების, მძაფრი ემოციების, თავგადასავლების და თავდავიწყებით შეყვარების ადგილია საკლასო ოთახი. გილოცავ ამ მუდმივ თავგადასავალს. პირადად მე, სადაც არ უნდა წავიდე, ყველაფერი იქნება პარალელურად. ჯერ იქნება სკოლა, მოსწავლეები, მათთან ურთიერთობა და შემდეგ დანარჩენი სხვა. 

დაბოლოს, ეს ტექსტი ჩემს შეცდომებზე დაკვირვების შედეგია. ახლა უფრო გვესმის მე და სელინჯერის გმირს ერთმანეთის. ვიცი, ბევრი შეცდომა იქნება მომავალშიც (სწავლა-სწავლება ცოცხალი პროცესია), მაგრამ მიმიღეს და მომცეს თამაშში ჩართვის უფლება და საშუალება. კონსტრუქტივიზმი ჰქვია თამაშს - თვითონ აღმოაჩენენ, თვითონ აგებენ, თვითონ ეძებენ და არც ფიქრობენ, რომ სადმე გადავარდნის საფრთხეა.

ეს უდიდესი მიზნების სფეროა, დაუჯერე შენს მიზნებს და ხელისშემშლელი ფაქტორები ვერაფერს დაგაკლებს. 

ავტორი: ნანა სამუშია 

შეიძლება დაინტერესდეთ

​რატომ აქვს ფინეთს მსოფლიოში საუკეთესო სასკოლო სისტემა?

​რატომ აქვს ფინეთს მსოფლიოში საუკეთესო სასკოლო სისტემა?

ჰარვარდის განათლების მეცნიერების დოქტორი ჰოვარდ გარდნერი ამერიკელებს შემდეგი რჩევით მიმართავს: „ისწავლეთ ფინეთისგან, რომელსაც ყველაზე ეფექტური სასკოლო განათლების სისტემა აქვს. ისინი ყველაფერს ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულად აკეთებენ.“

ფინეთის სკოლებს სხვა ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისგან სტრესისგან თავისუფალი სისტემა გამოარჩევს. ფინელი მოსწავლეები გლობალური საგანმანათლებლო ტესტების მაჩვენებლებით დასავლეთში ყველაზე წინ არიან. ფინელი ხალხი ყველაზე წიგნიერი საზოგადოების წოდებასაც არავის უთმობს. ფინეთში შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები ფორმალურ აკადემიურ განათლებას არ იღებენ. ისინი ყველაფერს თამაშით, სიმღერითა და საუბრებით სწავლობენ. ბავშვების უმრავლესობა სკოლაში ფეხით დადის ან გადაადგილებისთვის ველოსიპედს იყენებს. სასკოლო საათები საკმაოდ ხანმოკლეა, საშინაო დავალება კი მსუბუქი და მარტივად შესასრულებელი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლის მოსწავლეებს შესვენებები საკმაოდ ხანმოკლე აქვთ. ფინელ ბავშვებს კი ყოველ ერთ საათში ეზოში 15 წუთით თამაში და განტვირთვა შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ დასვენება სავალდებულოა. ფინეთში სუფთა ჰაერი, ბუნებაში გასვლა და რეგულარული ფიზიკური აქტივობა სწავლის ხელშემწყობ უმთავრეს ფაქტორებად განიხილება. ცნობილ ფინურ მაქსიმას თუ დავუჯერებთ, „არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს არაადეკვატური ჩაცმულობა.“
ფინეთის სკოლებში კომპასებითა და რუკებით აღჭურვილ ბავშვებს ახლომდებარე ტყეებში დამოუკიდებლად გადაადგილებისა და სწორი გზის პოვნის საშუალებას ხშირად აძლევენ. ფინელები დაბალი ხარისხის სტანდარტიზირებული ტესტების შედგენისთვის არც დროს ხარჯავენ და არც ზედმეტ თანხებს. ბავშვები ყოველდღიურად სპეციალური ექსპერიმენტების, ქვიზების, დაკვირვების და უმაღლესი ხარისხის პერსონალიზირებული შეფასების მეთოდების გამოყენებით ფასდებიან. მოსწავლეებს კლასში გართობის, სიცილის და რიგ შემთხვევებში, თვლემის უფლებაც ეძლევათ. ფინელები პრაქტიკაში ძალიან ხშირად იყენებენ შემდეგ კულტურულ მანტრას: „მიეცით ბავშვებს უფლება, იყვნენ ბავშვები.“
ფინელებს ღრმად სწამთ, რომ ბავშვის მთავარი საქმე თამაშია და რომ თამაში სწავლის საუკეთესო საშუალებაა. კლასის ემოციური გარემო თბილი, უსაფრთხო, პატივისცემაზე დამყარებული და საიმედოა. გაკვეთილებს წინასწარ განსაზღვრული და გაწერილი ხასიათი არ აქვს, რის გამოც ბავშვები იძულებულები არ არიან, რომ მუდამ ერთი მიმართულებით იარონ. ერთ-ერთი ჩინელი მასწავლებლის თქმით, ჩინეთის სკოლებში სამხედრო და მკაცრი რეჟიმია, ფინეთში კი სკოლა ბავშვს ოჯახურ ატმოსფეროს სთავაზობს.
ფინეთში მასწავლებლებლის პროფესიას ყველაზე დიდ პატივს სცემენ და მას ძალიან აფასებენ. ადამიანს მასწავლებლის წოდების მოსაპოვებლად მაგისტრის ხარისხი უნდა ჰქონდეს მოპოვებული. მასწავლებლისთვის აუცილებელია გამოცდილება კვლევით საქმიანობაშიც.
„უფროსების მიზანია, რომ ბავშვები პოლიტიკოსებისგან დავიცვათ. ჩვენი ეთიკური და მორალური ვალია, რომ ბიზნესმენებს სკოლის შენობასთან მოახლოება ავუკრძალოთ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ფინელმა პედაგოგმა. სინამდვილეში ფინეთში სკოლაში მისვლის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს. აღნიშნულ მასწავლებელს კი იმის თქმა სურდა, რომ განათლების სისტემაში მასწავლებლებს განმსაზღვრელი და უმაღლესი ძალაუფლება აქვთ.
ფინელი მასწავლებლები მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები არიან, რომლებსაც მოსწავლეების საგანმანათლებლო ინსტრუქციებით ინდივიდუალურად მომარაგება შეუძლიათ. ისინი იდეალურად უძღვებიან კლასს და ადგენენ ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ კურიკულუმს. მასწავლებლები მოსწავლეებს აუცილებლად აძლევენ დროს განტვირთვისა და ფიზიკური აქტივობებისთვის. ბავშვებს არ უხდებათ დროისა და ენერგიის ხარჯვა დაბალხარისხიან ტესტებზე. მოსწავლეები მასწავლებლებისგან საჭირო მხარდაჭერას ყოველდღიურად იღებენ. კლასში არსებული უსაფრთხო, ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ატმოსფერო კი ბავშვების სათუთ ბუნებაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს.
ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი იხსენებს: „ფინეთში, უნივერსიტეტის შენობაში ვიყავი, როდესაც ახლომდებარე სკოლის სათამაშო მოედნიდან ჩოჩქოლის ხმა შემომესმა. გარეთ გავედი, რათა გამეგო რა ხდებოდა. მოედანი სავსე იყო ბავშვებით, რომლებიც ფიჭვის ხის გარშემო შეკრებილიყვნენ, ღრმად სუნთქავდნენ და ცდილობდნენ მოახლოებული ზამთრის სურნელება შეეგრძნოთ. „გესმის? გაიგონე?“ - ჰკითხა შესვენების მეთვალყურემ ყვითელ პერანგში გამოწყობილ მასწავლებელს. „დიახ, მესმის, ეს ბედნიერების ხმაა,“ - ამაყად უპასუხა პედაგოგმა.

მომაზადებულია www.sm​h.com.au-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად