Baby Bag

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

ტექსტში ბევრი რჩევაა, თუ არ გიყვარს ასეთი ნაწერების კითხვა და გირჩევნია შენსავე შეცდომაზე ისწავლო, ნუ წაიკითხავ, ჩემიანი ხარ.

კოლფილდივით, სელინჯერის პერსონაჟივით, შევდივართ ახალგაზრდა მასწავლებლები საკლასო ოთახებში: „მე მინდა კლდის პირზე, ჭვავის ყანაში უამრავ მოთამაშე ბავშვს ვუყურებდე და როგორც კი რომელიმე მათგანი გადავარდნას დააპირებს, ვიჭერდე“ - ზუსტად ამ ენთუზიაზმით. ძალიან გვინდა სწავლა-სწავლების პროცესი თამაშს ჰგავდეს, თამაში ხომ წარმოსახვაა, თავისუფლება, ბევრი სივრცე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ბავშვებს უყვართ და სჭირდებათ განვითარებისთვის. ჰოლდენმა იცის, რომ გადავარდნის საფრთხე გარდაუვალია, უნდა რომ უყურებდეს მათ და იჭერდეს - მეტი არაფერი.

მაშ, პირველი და მთავარი რჩევა: დაივიწყე ეს ენთუზიაზმი, ჯერ უნდა მიგიღონ. პრაგმატულად შეხედე ყველაფერს და შეისწავლე სიტუაცია, ოღონდ არ დაგავიწყდეს მთავარი: შენ მაგალითი ხარ მოსწავლეებისთვის, როგორადაც მოიქცევი, ისე მოგექცევიან, ამიტომ იყავი ზრდილობიანი, პატივი ეცი მათ წინარე ცოდნას, სურვილებს, ინტერესებსა და დამოკიდებულებებს. მოსწავლეს ვერ „აჯობებ“! არც მოინდომო, რომ ხმას აუწევ და ასე გააჩუმებ. საკლასო ოთახში ბუზის გაფრენის ხმა კი არა, ბავშვების სილაღის, მათი თავისუფლების და აზრების ხმა უნდა გესმოდეს, ნუ დათრგუნავ მათ, ასე პატივისცემას დაკარგავ - „თუ ბავშვში ცელქს ჩაკლავ, ბრძენს ვეღარ აღზრდი“.

გაიცანი. დააცადე, რომ გაგიცნონ. მაშინათვე ნუ გამოიყენებ შენს ახალ მეთოდებს, სტილს, უნივერსიტეტში ნასწავლის დამკვიდრებას ნუ შეეცდები. იქ ხომ იმასაც გვასწავლიდნენ, რომ თითოეულ კლასს თავისი დინამიკა აქვს, წარსული გამოცდილება, ღირებულებათა სისტემა. ხოდა, ეცადე, დააკვირდე და შეისწავლო. მხოლოდ შემდეგ მიხვდები, რა უნდა შეცვალო და როგორ. იყავი დამკვირვებლის პოზიციაში, მეტად მოისმინე. ზოგიერთი კლასი მაშინვე მიგიღებს, ზოგიერთი - ვერ, დრო დასჭირდება.

შენ თუ გსიამოვნებს კონკრეტულ თემაზე საუბარი, კონკრეტული გაკვეთილის ახსნა, არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ეს სჭირდებათ. როცა გაკვეთილზე შედიხარ, გქონდეს გეგმა, დღის, კვირის, თვის მიზნები. გაკვეთილის დასრულებისთანავე საკუთარ თავს ჰკითხე, უახლოვდები თუ არა მიზანს, გაზომე შედეგები, იკვლიე მოსწავლეების საჭიროებები, იმოქმედე ამის მიხედვით.

კარგად გაეცანი ეროვნულ სასწავლო გეგმას, კანონს ზოგადი განათლების შესახებ, იკითხე პროფესიული ლიტერატურა. ხშირად გადაიკითხე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, დააკვირდი: იქ არსად წერია, რომ ზმნის ყველა კატეგორიის სწავლა სავალდებულოა თითოეული მოსწავლისთვის, სამაგიეროდ, აუციელებელია ერთმანეთის პატივისცემას, მოსმენას მივაჩვიოთ და ა. შ. ხშირად დაფიქრდი გეგმის თითოეულ პუნქტზე.

ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმები და მაქსიმალურად დეტალურად ახსნილი დავალების პირობა. მხოლოდ გვერდებს ნუ მიუთითებ. აუხსენი, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა შეასრულონ. მათ უნდა იცოდნენ, რაში და როგორ ვაფასებთ. ეს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მოსწავლეებში უსამართლობის განცდას აგარიდებს. თავადაც შექმნან კრიტერიუმები. მოიფიქრე აქტივობები (საკლასო, საშინაო), რომლებიც შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობას გააზრებინებს მოსწავლეებს. 

გაიხსენე ბლუმის ტაქსონომიაც. ნუ დასვამ მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციაზე ორიენტირებულ კითხვებს. გაიაზრონ, გამოიყენონ, შეაფასონ, გამოთქვან საკუთარი აზრი, რეალურ ცხოვრებასთან დააკავშირონ, პირად გამოცდილებასთან. ჩვენ ხომ ცოდნასთან ერთად უნარებსა და ღირებულებებზე ვმუშაობთ. ნუ იქნები რამდენიმე ბავშვზე ორიენტირებული. თუკი რამდენიმეს „ამოიჩემებ“, მათ მოაყოლებ ხოლმე, (ადექი, მოყევი, დაჯექის პრინციპით) ზარიც „მოგისწრებს“ და ამ დროს სინდისი არ შეგაწუხებს, ეს პროფესია შენი არ არის. არ მომერიდება იმის დაწერის, რომ არაკეთილსინდისიერად მოიქცევი. ბავშვობის ტრავმები მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ხოლმე ადამიანებს. მასწავლებელი ავითარებს თავდაჯერებულობის განცდას. ნუ მიაწებებ იარლიყებს, შეეცადე მრავალი მხრიდან შეხედო მათ შესაძლებლობებს. არ დაჩაგრო სიტყვებითა და ზოგჯერ გაუცნობიერებელი ქმედებებით. რწმენა გაუღვივე, რომ გარემოებების მიუხედავად შეუძლია წარმატებული და ბედნიერი მომავლის შექმნა - ეს განცდა ბავშვობიდან ყალიბდება. ამისთვის საკმარისია, გაკვეთილზე საჭიროდ, დაფასებულ და პატივსაცემ მოსწავლეებად იგრძნონ თავი.

განვითარდი, იკითხე, იკვლიე. გამოყავი ნახევარი საათი დღის ბოლოს, რომ ჩაიწერო, რა ხდებოდა ამა თუ იმ კლასში, რა მოლოდინი გქონდა, რატომ გამართლდა ან რატომ ვერ გამართლდა. გახსოვდეს, რომ ის რესურსები, რომლებსაც მოსწავლეებს სთავაზობ, უმნიშვნელოვანესია. თავადაც შექმენი. წიგნი ერთ-ერთი რესურსია და მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობი. გადადე ხოლმე, თუ შენი მოსწავლეების საჭიროებებს ვერ მოარგებ ამა თუ იმ საკითხსა და სავარჯიშოს. 

ყველაზე გულწრფელი ოცნებების, მრავალფეროვანი შესაძლებლობების, უცნაური წყენების, ზოგჯერ იმედგაცრუებების, მძაფრი ემოციების, თავგადასავლების და თავდავიწყებით შეყვარების ადგილია საკლასო ოთახი. გილოცავ ამ მუდმივ თავგადასავალს. პირადად მე, სადაც არ უნდა წავიდე, ყველაფერი იქნება პარალელურად. ჯერ იქნება სკოლა, მოსწავლეები, მათთან ურთიერთობა და შემდეგ დანარჩენი სხვა. 

დაბოლოს, ეს ტექსტი ჩემს შეცდომებზე დაკვირვების შედეგია. ახლა უფრო გვესმის მე და სელინჯერის გმირს ერთმანეთის. ვიცი, ბევრი შეცდომა იქნება მომავალშიც (სწავლა-სწავლება ცოცხალი პროცესია), მაგრამ მიმიღეს და მომცეს თამაშში ჩართვის უფლება და საშუალება. კონსტრუქტივიზმი ჰქვია თამაშს - თვითონ აღმოაჩენენ, თვითონ აგებენ, თვითონ ეძებენ და არც ფიქრობენ, რომ სადმე გადავარდნის საფრთხეა.

ეს უდიდესი მიზნების სფეროა, დაუჯერე შენს მიზნებს და ხელისშემშლელი ფაქტორები ვერაფერს დაგაკლებს. 

ავტორი: ნანა სამუშია 

შეიძლება დაინტერესდეთ

დანიაში მშობლების ნაწილი სკოლების გახსნას აპროტესტებს

დანიაში მშობლების ნაწილი სკოლების გახსნას აპროტესტებს

კოპენჰაგენის სკოლებში სასწავლო პროცესი აღადგინეს. მოსწავლეები ხელებს სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებენ, სავალდებულო დისტანციას იცავენ და გაკვეთილებს ასე ასწრებიან. ერთ კლასში მხოლოდ 10 მოსწავლის ყოფნაა ნებადართული. მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესი მკაცრი შეზღუდვებით მიმდინარეობს, მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ექსპერიმენტად განიხილავენ და მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

დანია ევროპის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც სასწავლო პროცესი აღადგინა. ქვეყანაში შეზღუდვები 12 მარტს დაწესდა და მას შემდეგ მოქალაქეები საგანგებო რეჟიმის პირობებში ცხოვრობდნენ. დანიაში ამ დრომდე ინფიცირების 6 879 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 309 ადამიანი. აპრილის დასაწყისში პიკური ეტაპის გადავლის შემდეგ ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო, რის გამოც მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის გადაწყვეტილებას ათასობით ოჯახი დაუპირისპირდა: „რამდენიმე კვირის მანძილზე ხელისუფლება გვაფრთხილებდა, რომ ეს პანდემია უკიდურესად საშიშია და მასთან ბრძოლისთვის სოციალური დისტანცირება აუცილებელია. შემდეგ კი უცებ მოგვთხოვეს, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები, ჩვენი შვილები, სკოლებში გავუშვათ, მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ გრძელდება და არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია,“ - ნათქვამია ერთ-ერთი მშობლის განცხადებაში.

დანიის მსგავსად, რამდენიმე ევროპული სახელმწიფო ვირუსის ახალი შემთხვევების კლებასთან ერთად შეზღუდვების მოხსნას გეგმავს. შესაძლოა, ამან აღნიშნულ ქვეყნებში მშობლების მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვიოს. დანიის მთავრობა დისტანციური სწავლების გვერდით ეფექტებზე ამახვილებს ყურადღებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, სანამ ბავშვები სახლიდან სწავლობენ, მშობლები სამსახურში სიარულს ვერ შეძლებენ, რაც დანიის მთავრობის მეთაურს ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემად მიაჩნია.

ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სკოლების დახურვა ვირუსის პრევენციის ეფექტური მეთოდი არ არის, თუმცა მშობლების დიდი ნაწილი აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს. დანიელმა მშობლებმა სპეციალური facebook ჯგუფიც შექმნეს სახელწოდებით: „ჩემი შვილი covid-19-ისთვის ზღვის გოჭი არ უნდა იყოს.“ აღნიშნულ ჯგუფში უკვე 40 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

„მეგობრებო, რას ფიქრობთ ბავშვების სკოლაში გაშვებასთან დაკავშირებით? ჩემი 10 წლის შვილი ძილის წინ შეძრწუნებული მეუბნებოდა, რომ მას სკოლაში კორონავირუსით დაინფიცირების ძალიან ეშინია,“ - აღნიშნული პოსტი ჯგუფში ერთ-ერთმა მშობელმა გამოაქვეყნა.

„ბავშვებს აქვთ საფრთხისგან დაცვის უფლება. მე აღდგომის შემდეგ ჩემს შვილს სკოლაში არ გავუშვებ. ბავშვები არ უნდა გავუშვათ ომში უხილავ მტერთან,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლის მამა.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დანიისთვის უჩვეულო მოვლენაა. როგორც წესი, დანიის მოქალაქეები ხელისუფლებას ენდობიან და მის მითითებებს ითვალისწინებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, მშობლები შვილების სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენებას არ აპირებენ.

მშობლებმა სპეციალური ონლაინ პეტიციაც შექმნეს, რომლითაც მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მას უკვე 18 000 ხელმომწერი ჰყავს. მსგავსი პეტიცია შეიქმნა ნორვეგიაშიც, სადაც სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენა თვის ბოლოსთვის იგეგმება. აღნიშნულ პეტიციას 28 000-მა მშობელმა მოაწერა ხელი.

მშობლები თვლიან, რომ ბავშვებს სკოლაში მკაცრი წესების დაცვა გაუჭირდებათ, ისინი შეშინდებიან და დაისტრესებიან. მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილებს არ ესწრებიან, გაცდენა საპატიოდ არ ეთვლებათ, რაც მათი მშობლებისთვის დამატებით პრობლემას წარმოადგენს.

სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც დანიას მართავს, კრიზისთან ეფექტური ბრძოლის გამო მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა აქვს. თუმცა სკოლების გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლების მოულოდნელი გადაწყვეტილება მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი განახლდა, მშობლების 15 %-ზე მეტი შვილების სკოლაში გაშვებაზე უარს აცხადებს.

მშობლების ნაწილი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და თანახმაა, რომ ბავშვები სკოლაში გაგზავნოს. ზოგიერთი მათგანი კი ექსპერიმენტს შორიდან აკვირდება. ისინი აცხადებენ, რომ ორი კვირის განმავლობაში მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან. მშობლების თქმით, ისინი შვილებს სკოლაში მხოლოდ მას შემდეგ გაუშვებენ, თუ დარწმუნდებიან, რომ მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ვირუსის ხელახალ აფეთქებას არ გამოიწვევს.

მომზადებულია ​washingtonpost.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად