Baby Bag

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

ტექსტში ბევრი რჩევაა, თუ არ გიყვარს ასეთი ნაწერების კითხვა და გირჩევნია შენსავე შეცდომაზე ისწავლო, ნუ წაიკითხავ, ჩემიანი ხარ.

კოლფილდივით, სელინჯერის პერსონაჟივით, შევდივართ ახალგაზრდა მასწავლებლები საკლასო ოთახებში: „მე მინდა კლდის პირზე, ჭვავის ყანაში უამრავ მოთამაშე ბავშვს ვუყურებდე და როგორც კი რომელიმე მათგანი გადავარდნას დააპირებს, ვიჭერდე“ - ზუსტად ამ ენთუზიაზმით. ძალიან გვინდა სწავლა-სწავლების პროცესი თამაშს ჰგავდეს, თამაში ხომ წარმოსახვაა, თავისუფლება, ბევრი სივრცე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ბავშვებს უყვართ და სჭირდებათ განვითარებისთვის. ჰოლდენმა იცის, რომ გადავარდნის საფრთხე გარდაუვალია, უნდა რომ უყურებდეს მათ და იჭერდეს - მეტი არაფერი.

მაშ, პირველი და მთავარი რჩევა: დაივიწყე ეს ენთუზიაზმი, ჯერ უნდა მიგიღონ. პრაგმატულად შეხედე ყველაფერს და შეისწავლე სიტუაცია, ოღონდ არ დაგავიწყდეს მთავარი: შენ მაგალითი ხარ მოსწავლეებისთვის, როგორადაც მოიქცევი, ისე მოგექცევიან, ამიტომ იყავი ზრდილობიანი, პატივი ეცი მათ წინარე ცოდნას, სურვილებს, ინტერესებსა და დამოკიდებულებებს. მოსწავლეს ვერ „აჯობებ“! არც მოინდომო, რომ ხმას აუწევ და ასე გააჩუმებ. საკლასო ოთახში ბუზის გაფრენის ხმა კი არა, ბავშვების სილაღის, მათი თავისუფლების და აზრების ხმა უნდა გესმოდეს, ნუ დათრგუნავ მათ, ასე პატივისცემას დაკარგავ - „თუ ბავშვში ცელქს ჩაკლავ, ბრძენს ვეღარ აღზრდი“.

გაიცანი. დააცადე, რომ გაგიცნონ. მაშინათვე ნუ გამოიყენებ შენს ახალ მეთოდებს, სტილს, უნივერსიტეტში ნასწავლის დამკვიდრებას ნუ შეეცდები. იქ ხომ იმასაც გვასწავლიდნენ, რომ თითოეულ კლასს თავისი დინამიკა აქვს, წარსული გამოცდილება, ღირებულებათა სისტემა. ხოდა, ეცადე, დააკვირდე და შეისწავლო. მხოლოდ შემდეგ მიხვდები, რა უნდა შეცვალო და როგორ. იყავი დამკვირვებლის პოზიციაში, მეტად მოისმინე. ზოგიერთი კლასი მაშინვე მიგიღებს, ზოგიერთი - ვერ, დრო დასჭირდება.

შენ თუ გსიამოვნებს კონკრეტულ თემაზე საუბარი, კონკრეტული გაკვეთილის ახსნა, არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ეს სჭირდებათ. როცა გაკვეთილზე შედიხარ, გქონდეს გეგმა, დღის, კვირის, თვის მიზნები. გაკვეთილის დასრულებისთანავე საკუთარ თავს ჰკითხე, უახლოვდები თუ არა მიზანს, გაზომე შედეგები, იკვლიე მოსწავლეების საჭიროებები, იმოქმედე ამის მიხედვით.

კარგად გაეცანი ეროვნულ სასწავლო გეგმას, კანონს ზოგადი განათლების შესახებ, იკითხე პროფესიული ლიტერატურა. ხშირად გადაიკითხე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, დააკვირდი: იქ არსად წერია, რომ ზმნის ყველა კატეგორიის სწავლა სავალდებულოა თითოეული მოსწავლისთვის, სამაგიეროდ, აუციელებელია ერთმანეთის პატივისცემას, მოსმენას მივაჩვიოთ და ა. შ. ხშირად დაფიქრდი გეგმის თითოეულ პუნქტზე.

ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმები და მაქსიმალურად დეტალურად ახსნილი დავალების პირობა. მხოლოდ გვერდებს ნუ მიუთითებ. აუხსენი, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა შეასრულონ. მათ უნდა იცოდნენ, რაში და როგორ ვაფასებთ. ეს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მოსწავლეებში უსამართლობის განცდას აგარიდებს. თავადაც შექმნან კრიტერიუმები. მოიფიქრე აქტივობები (საკლასო, საშინაო), რომლებიც შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობას გააზრებინებს მოსწავლეებს. 

გაიხსენე ბლუმის ტაქსონომიაც. ნუ დასვამ მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციაზე ორიენტირებულ კითხვებს. გაიაზრონ, გამოიყენონ, შეაფასონ, გამოთქვან საკუთარი აზრი, რეალურ ცხოვრებასთან დააკავშირონ, პირად გამოცდილებასთან. ჩვენ ხომ ცოდნასთან ერთად უნარებსა და ღირებულებებზე ვმუშაობთ. ნუ იქნები რამდენიმე ბავშვზე ორიენტირებული. თუკი რამდენიმეს „ამოიჩემებ“, მათ მოაყოლებ ხოლმე, (ადექი, მოყევი, დაჯექის პრინციპით) ზარიც „მოგისწრებს“ და ამ დროს სინდისი არ შეგაწუხებს, ეს პროფესია შენი არ არის. არ მომერიდება იმის დაწერის, რომ არაკეთილსინდისიერად მოიქცევი. ბავშვობის ტრავმები მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ხოლმე ადამიანებს. მასწავლებელი ავითარებს თავდაჯერებულობის განცდას. ნუ მიაწებებ იარლიყებს, შეეცადე მრავალი მხრიდან შეხედო მათ შესაძლებლობებს. არ დაჩაგრო სიტყვებითა და ზოგჯერ გაუცნობიერებელი ქმედებებით. რწმენა გაუღვივე, რომ გარემოებების მიუხედავად შეუძლია წარმატებული და ბედნიერი მომავლის შექმნა - ეს განცდა ბავშვობიდან ყალიბდება. ამისთვის საკმარისია, გაკვეთილზე საჭიროდ, დაფასებულ და პატივსაცემ მოსწავლეებად იგრძნონ თავი.

განვითარდი, იკითხე, იკვლიე. გამოყავი ნახევარი საათი დღის ბოლოს, რომ ჩაიწერო, რა ხდებოდა ამა თუ იმ კლასში, რა მოლოდინი გქონდა, რატომ გამართლდა ან რატომ ვერ გამართლდა. გახსოვდეს, რომ ის რესურსები, რომლებსაც მოსწავლეებს სთავაზობ, უმნიშვნელოვანესია. თავადაც შექმენი. წიგნი ერთ-ერთი რესურსია და მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობი. გადადე ხოლმე, თუ შენი მოსწავლეების საჭიროებებს ვერ მოარგებ ამა თუ იმ საკითხსა და სავარჯიშოს. 

ყველაზე გულწრფელი ოცნებების, მრავალფეროვანი შესაძლებლობების, უცნაური წყენების, ზოგჯერ იმედგაცრუებების, მძაფრი ემოციების, თავგადასავლების და თავდავიწყებით შეყვარების ადგილია საკლასო ოთახი. გილოცავ ამ მუდმივ თავგადასავალს. პირადად მე, სადაც არ უნდა წავიდე, ყველაფერი იქნება პარალელურად. ჯერ იქნება სკოლა, მოსწავლეები, მათთან ურთიერთობა და შემდეგ დანარჩენი სხვა. 

დაბოლოს, ეს ტექსტი ჩემს შეცდომებზე დაკვირვების შედეგია. ახლა უფრო გვესმის მე და სელინჯერის გმირს ერთმანეთის. ვიცი, ბევრი შეცდომა იქნება მომავალშიც (სწავლა-სწავლება ცოცხალი პროცესია), მაგრამ მიმიღეს და მომცეს თამაშში ჩართვის უფლება და საშუალება. კონსტრუქტივიზმი ჰქვია თამაშს - თვითონ აღმოაჩენენ, თვითონ აგებენ, თვითონ ეძებენ და არც ფიქრობენ, რომ სადმე გადავარდნის საფრთხეა.

ეს უდიდესი მიზნების სფეროა, დაუჯერე შენს მიზნებს და ხელისშემშლელი ფაქტორები ვერაფერს დაგაკლებს. 

ავტორი: ნანა სამუშია 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვების ცხოვრებაში მარტო სწავლა არ არის, სწავლა ცხოვრების ერთი პატარა ნაწილია, ბავშვს მარტო სწავლით ნუ შევზღუდავთ,“ - შალვა ამონაშვილი

პედაგოგი შალვა ამონაშვილი „იმედის დღეში“ თანამედროვე ბავშვებთან მოძველებული პედაგოგიური მიდგომების გამოყენების არაეფექტიანობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავტორიტარული პედაგოგიკა თანამედროვე მოსწავლეებს ვერ გაუძლებს:

„ბავშვები ​ჰიპერაქტიურები კი არ არიან, მასწავლებლები არიან ჰიპერპასიურები. ბავშვი ახალია და პედაგოგიკა ძველია. რა ხდება ამ დროს? ბავშვი დაიშლება. არც მოსმენა უნდა, არც მასწავლებელი უყვარს. ეს ხდება ყველა კლასში. ​ავტორიტარული პედაგოგიკა ვერ გაუძლებს ამ ბავშვებს. უნდა შეიცვალოს მასწავლებლის ცნობიერება. ჩვენს სამინისტროს უნდა, რომ რეფორმები მოახდინოს, ხომ? სკოლაში არანაირი რეფორმა არ მოხდება, გინდა ათასი სახელმძღვანელო და პროგრამა შეცვალე, რეფორმა მასწავლების თავში უნდა მოხდეს. თუ მასწავლებლის თავში გარდასახვა არ მოხდა, გინდ კარგი წიგნი მიეცი და გინდ ცუდი.“

​შალვა ამონაშვილი აცხადებს, რომ მასწავლებელი მისი საქმიანობის შემოქმედებითობაში უნდა დავარწმუნოთ:

„მასწავლებელს უნდა შთავაგონოთ, რომ ის შემოქმედებითი არსებაა, პედაგოგიკა ხელოვნებაა. არც კი იცი, ბავშვი რას იზამს და შენ რითი უნდა უპასუხო. თუ მასწავლებელს ინსტრუქციები მივეცით და ის შეზღუდული იქნება, ბავშვი ინსტრუქციაში ვერ ჩაეტევა. მასწავლებელს უნდა მივცეთ კლასიკური იდეები, გოგებაშვილი, კორჩაკის იდეა ჩავუნერგოთ და არა რაღაც შტამპური ფსიქოლოგია და შტამპური გაგება გაკვეთილების. თუ ​მასწავლებელი ამას გაიგებს, ბევრი მათგანი, რა თქმა უნდა, აქეთკენ გადმოიხრება.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვების ცხოვრება მხოლოდ სწავლისგან არ შედგება, რის გამოც მშობელმა მისი ყოველდღიურობა სწვალით არ უნდა შემოფარგლოს:

„ბავშვების ცხოვრებაში მარტო სწავლა არ არის, სწავლა ცხოვრების ერთი პატარა ნაწილია. თავად ცხოვრება ძალიან მდიდარი გარემოა. ბავშვს მარტო სწავლით ნუ შევზღუდავთ. მე მინდა მივმართო ქართველ მშობლებს, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და მიყვარს, რომ გითხრათ ბავშვი გიყვარდეთ-მეთქი, ეს ცოტაა. ​მშობლებს ბავშვი უნდა უყვარდეთ ნაზად, ბავშვის სიყვარულს ცოდნა უნდა. არ შეიძლება ყვირილით გიყვარდეს ბავშვი, დასჯით გიყვარდეს, მუქარით გიყვარდეს. საჩუქრებითაც არ შეიძლება ბავშვი გიყვარდეს. საჩუქრით მოსყიდვას ბავშვი მიჰყავს გარეთ, ჩვენ კი არ გვიახლოვებს. ბავშვი ნდობით, ალერსით თუ გიყვარს, იმედით თუ გიყვარს, თუ გიყვარს ბავშვი იმით, რომ დროს ნახულობ მასთან სათამაშოდ, ახერხებ მასთან ერთად იყო სადმე, ეს სიყვარული სხვანაირი სიყვარული იქნება.“

​ჩვენ საჩუქრებში ვახრჩობთ ბავშვს, სათამაშოებში, ნებივრობებში და გვგონია, რომ ამოვწურეთ ჩვენი სიყვარული. თუ განსხვავებულად გვეყვარება, ბავშვი ჩვენი სულის ნაწილი გახდება, ახლა ხორცის ნაწილია. როდესაც დედა ეტყვის: „შვილო, შენი ჭირიმე, ერთად რამე გავაკეთოთ, გავისეირნოთ, მამას დავეხმაროთ,“ ბავშვი დედის სიტყვას დაიჯერებს და დაჯდება. ამ დროს აკადემიური მოსწრებაც უკეთესი იქნება. მოტივი უჩნდება ბავშვს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ხალისით ვაკეთებთ, თუ მოგვწონს. თუ მოტივი იძულებითია, მაშინ ხარისხიანი არ გამოდის. ბავშვიც ასეა, როდესაც უყვარს მასწავლებელი, დაჯდება და გააკეთებს სიყვარულით,“ - აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად