Baby Bag

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

ტექსტში ბევრი რჩევაა, თუ არ გიყვარს ასეთი ნაწერების კითხვა და გირჩევნია შენსავე შეცდომაზე ისწავლო, ნუ წაიკითხავ, ჩემიანი ხარ.

კოლფილდივით, სელინჯერის პერსონაჟივით, შევდივართ ახალგაზრდა მასწავლებლები საკლასო ოთახებში: „მე მინდა კლდის პირზე, ჭვავის ყანაში უამრავ მოთამაშე ბავშვს ვუყურებდე და როგორც კი რომელიმე მათგანი გადავარდნას დააპირებს, ვიჭერდე“ - ზუსტად ამ ენთუზიაზმით. ძალიან გვინდა სწავლა-სწავლების პროცესი თამაშს ჰგავდეს, თამაში ხომ წარმოსახვაა, თავისუფლება, ბევრი სივრცე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ბავშვებს უყვართ და სჭირდებათ განვითარებისთვის. ჰოლდენმა იცის, რომ გადავარდნის საფრთხე გარდაუვალია, უნდა რომ უყურებდეს მათ და იჭერდეს - მეტი არაფერი.

მაშ, პირველი და მთავარი რჩევა: დაივიწყე ეს ენთუზიაზმი, ჯერ უნდა მიგიღონ. პრაგმატულად შეხედე ყველაფერს და შეისწავლე სიტუაცია, ოღონდ არ დაგავიწყდეს მთავარი: შენ მაგალითი ხარ მოსწავლეებისთვის, როგორადაც მოიქცევი, ისე მოგექცევიან, ამიტომ იყავი ზრდილობიანი, პატივი ეცი მათ წინარე ცოდნას, სურვილებს, ინტერესებსა და დამოკიდებულებებს. მოსწავლეს ვერ „აჯობებ“! არც მოინდომო, რომ ხმას აუწევ და ასე გააჩუმებ. საკლასო ოთახში ბუზის გაფრენის ხმა კი არა, ბავშვების სილაღის, მათი თავისუფლების და აზრების ხმა უნდა გესმოდეს, ნუ დათრგუნავ მათ, ასე პატივისცემას დაკარგავ - „თუ ბავშვში ცელქს ჩაკლავ, ბრძენს ვეღარ აღზრდი“.

გაიცანი. დააცადე, რომ გაგიცნონ. მაშინათვე ნუ გამოიყენებ შენს ახალ მეთოდებს, სტილს, უნივერსიტეტში ნასწავლის დამკვიდრებას ნუ შეეცდები. იქ ხომ იმასაც გვასწავლიდნენ, რომ თითოეულ კლასს თავისი დინამიკა აქვს, წარსული გამოცდილება, ღირებულებათა სისტემა. ხოდა, ეცადე, დააკვირდე და შეისწავლო. მხოლოდ შემდეგ მიხვდები, რა უნდა შეცვალო და როგორ. იყავი დამკვირვებლის პოზიციაში, მეტად მოისმინე. ზოგიერთი კლასი მაშინვე მიგიღებს, ზოგიერთი - ვერ, დრო დასჭირდება.

შენ თუ გსიამოვნებს კონკრეტულ თემაზე საუბარი, კონკრეტული გაკვეთილის ახსნა, არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ეს სჭირდებათ. როცა გაკვეთილზე შედიხარ, გქონდეს გეგმა, დღის, კვირის, თვის მიზნები. გაკვეთილის დასრულებისთანავე საკუთარ თავს ჰკითხე, უახლოვდები თუ არა მიზანს, გაზომე შედეგები, იკვლიე მოსწავლეების საჭიროებები, იმოქმედე ამის მიხედვით.

კარგად გაეცანი ეროვნულ სასწავლო გეგმას, კანონს ზოგადი განათლების შესახებ, იკითხე პროფესიული ლიტერატურა. ხშირად გადაიკითხე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, დააკვირდი: იქ არსად წერია, რომ ზმნის ყველა კატეგორიის სწავლა სავალდებულოა თითოეული მოსწავლისთვის, სამაგიეროდ, აუციელებელია ერთმანეთის პატივისცემას, მოსმენას მივაჩვიოთ და ა. შ. ხშირად დაფიქრდი გეგმის თითოეულ პუნქტზე.

ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმები და მაქსიმალურად დეტალურად ახსნილი დავალების პირობა. მხოლოდ გვერდებს ნუ მიუთითებ. აუხსენი, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა შეასრულონ. მათ უნდა იცოდნენ, რაში და როგორ ვაფასებთ. ეს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მოსწავლეებში უსამართლობის განცდას აგარიდებს. თავადაც შექმნან კრიტერიუმები. მოიფიქრე აქტივობები (საკლასო, საშინაო), რომლებიც შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობას გააზრებინებს მოსწავლეებს. 

გაიხსენე ბლუმის ტაქსონომიაც. ნუ დასვამ მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციაზე ორიენტირებულ კითხვებს. გაიაზრონ, გამოიყენონ, შეაფასონ, გამოთქვან საკუთარი აზრი, რეალურ ცხოვრებასთან დააკავშირონ, პირად გამოცდილებასთან. ჩვენ ხომ ცოდნასთან ერთად უნარებსა და ღირებულებებზე ვმუშაობთ. ნუ იქნები რამდენიმე ბავშვზე ორიენტირებული. თუკი რამდენიმეს „ამოიჩემებ“, მათ მოაყოლებ ხოლმე, (ადექი, მოყევი, დაჯექის პრინციპით) ზარიც „მოგისწრებს“ და ამ დროს სინდისი არ შეგაწუხებს, ეს პროფესია შენი არ არის. არ მომერიდება იმის დაწერის, რომ არაკეთილსინდისიერად მოიქცევი. ბავშვობის ტრავმები მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ხოლმე ადამიანებს. მასწავლებელი ავითარებს თავდაჯერებულობის განცდას. ნუ მიაწებებ იარლიყებს, შეეცადე მრავალი მხრიდან შეხედო მათ შესაძლებლობებს. არ დაჩაგრო სიტყვებითა და ზოგჯერ გაუცნობიერებელი ქმედებებით. რწმენა გაუღვივე, რომ გარემოებების მიუხედავად შეუძლია წარმატებული და ბედნიერი მომავლის შექმნა - ეს განცდა ბავშვობიდან ყალიბდება. ამისთვის საკმარისია, გაკვეთილზე საჭიროდ, დაფასებულ და პატივსაცემ მოსწავლეებად იგრძნონ თავი.

განვითარდი, იკითხე, იკვლიე. გამოყავი ნახევარი საათი დღის ბოლოს, რომ ჩაიწერო, რა ხდებოდა ამა თუ იმ კლასში, რა მოლოდინი გქონდა, რატომ გამართლდა ან რატომ ვერ გამართლდა. გახსოვდეს, რომ ის რესურსები, რომლებსაც მოსწავლეებს სთავაზობ, უმნიშვნელოვანესია. თავადაც შექმენი. წიგნი ერთ-ერთი რესურსია და მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობი. გადადე ხოლმე, თუ შენი მოსწავლეების საჭიროებებს ვერ მოარგებ ამა თუ იმ საკითხსა და სავარჯიშოს. 

ყველაზე გულწრფელი ოცნებების, მრავალფეროვანი შესაძლებლობების, უცნაური წყენების, ზოგჯერ იმედგაცრუებების, მძაფრი ემოციების, თავგადასავლების და თავდავიწყებით შეყვარების ადგილია საკლასო ოთახი. გილოცავ ამ მუდმივ თავგადასავალს. პირადად მე, სადაც არ უნდა წავიდე, ყველაფერი იქნება პარალელურად. ჯერ იქნება სკოლა, მოსწავლეები, მათთან ურთიერთობა და შემდეგ დანარჩენი სხვა. 

დაბოლოს, ეს ტექსტი ჩემს შეცდომებზე დაკვირვების შედეგია. ახლა უფრო გვესმის მე და სელინჯერის გმირს ერთმანეთის. ვიცი, ბევრი შეცდომა იქნება მომავალშიც (სწავლა-სწავლება ცოცხალი პროცესია), მაგრამ მიმიღეს და მომცეს თამაშში ჩართვის უფლება და საშუალება. კონსტრუქტივიზმი ჰქვია თამაშს - თვითონ აღმოაჩენენ, თვითონ აგებენ, თვითონ ეძებენ და არც ფიქრობენ, რომ სადმე გადავარდნის საფრთხეა.

ეს უდიდესი მიზნების სფეროა, დაუჯერე შენს მიზნებს და ხელისშემშლელი ფაქტორები ვერაფერს დაგაკლებს. 

ავტორი: ნანა სამუშია 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სწავლაში ვართ ძალიან მკაცრები. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაცვლელი გვაქვს,“ - თამარ გაგოშიძე

„სწავლაში ვართ ძალიან მკაცრები. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაცვლელი გვაქვს,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც თანამედროვე მშობლები შვილებთან ურთიერთობისას უშვებენ. მისი თქმით, ისინი ბავშვის ქცევის მიმართ ძალიან ლოიალურები არიან:

„შემჩნეული მაქვს, რომ ქცევის მიმართ ვართ ძალიან ლოიალურები, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ იაპონურ სტილში უნდა გავზარდოთ ბავშვი. ასეთი შეხედულებები დადის ჩვენს საზოგადოებაში, რომ შენიშვნა არ უნდა მივცეთ, რომ ჩარჩო არ უნდა ჰქონდეს. აქ ვართ ძალიან ლოიალურები.​ სწავლაში ვართ ძალიან მკაცრები. იქ არის უნდა: უნდა გააკეთო ეს, უნდა ისწავლო ეს, უნდა ჩამაბარო ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაცვლელი გვაქვს. ჩვენ გვაქვს შესაცვლელი ფოკუსი.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ მშობლებმა შვილებთან ურთიერთობის დროს ქცევის გარკვეული ჩარჩოები უნდა შექმნან და ბავშვებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისგმებლობის აღება ასწავლონ:

​ქცევაში უფრო ნაკლებად ლოიალურებს მოვინდომებდი მშობლებს. მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი პირობები, იმიტომ, რომ მათ აქვთ მშობლის პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდაზე. უნდა ჰქონდეთ ჩარჩო ქცევის, რომელშიც ბავშვი შესაბამისად პასუხისმგებლობას აიღებს თავისი ქცევის შედეგებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ უპასუხისმგებლო საზოგადოება იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიგებთ, ჩვენი ქცევის შედეგზე ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, თუ ჩვენ მაგივრად სხვები აიღებენ პასუხისგმებლობას.“

თამარ გაგოშიძის თქმით, მშობელი ბავშვის სწავლის რბილი მხარდამჭერი უნდა იყოს:

„რაც შეეხება სწავლას, ჩვენ უნდა ვიყოთ მხარდამჭერები, რბილი მხარდამჭერები ბავშვის სწავლის. რატომ? ​ბავშვის სწავლა რა პროცესია? განათლების მიღების პროცესი, რომელიც მას რისთვის სჭირდება?! სტატუსის მისაღებად კი არა, განვითარებისთვის. პროცესზე ვართ ორიენტირებული და არა შედეგზე. იმისთვის, რომ განვითარდეს, იმისთვის, რომ შეიმეცნოს ეს სილამაზე, რასაც შემეცნების სილამაზე და სიკეთე ჰქვია. ასე ხომ არ ვფიქრობთ ჩვენ?! შემეცნება ტანჯვა-წამება გვგონია. არადა არის სილამაზე სინამდვილეში, რომ გაიგებ რაღაცებს, ძალიან მაგარია. ამისი უნდა სჯეროდეს თვითონ მშობელს.“

„მშობელს არ უნდა ეშინოდეს შეცდომის. ბავშვისთვისაც ეს იქნება შემეცნებითი კეთილდღეობა. ​მენტალური ჯანმრთელობა ამაზე ბევრად არის დამოკიდებული. ჩვენ უნდა ვიყოთ რბილი მხარდამჭერები და ლეგიტიმური შეცდომის მაღიარებლები. ჩვენთვის ლეგიტიმაცია უნდა მოვახდინოთ შეცდომების და წარუმატებლობების. ჩვენ არ ვუშვებთ ამას და ჩვენი შვილი, მით უმეტეს, არ დაუშვებს ამას. ეს მომინდებოდა ძალიან ჩვენს საზოგადოებაში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად