Baby Bag

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

ტექსტში ბევრი რჩევაა, თუ არ გიყვარს ასეთი ნაწერების კითხვა და გირჩევნია შენსავე შეცდომაზე ისწავლო, ნუ წაიკითხავ, ჩემიანი ხარ.

კოლფილდივით, სელინჯერის პერსონაჟივით, შევდივართ ახალგაზრდა მასწავლებლები საკლასო ოთახებში: „მე მინდა კლდის პირზე, ჭვავის ყანაში უამრავ მოთამაშე ბავშვს ვუყურებდე და როგორც კი რომელიმე მათგანი გადავარდნას დააპირებს, ვიჭერდე“ - ზუსტად ამ ენთუზიაზმით. ძალიან გვინდა სწავლა-სწავლების პროცესი თამაშს ჰგავდეს, თამაში ხომ წარმოსახვაა, თავისუფლება, ბევრი სივრცე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ბავშვებს უყვართ და სჭირდებათ განვითარებისთვის. ჰოლდენმა იცის, რომ გადავარდნის საფრთხე გარდაუვალია, უნდა რომ უყურებდეს მათ და იჭერდეს - მეტი არაფერი.

მაშ, პირველი და მთავარი რჩევა: დაივიწყე ეს ენთუზიაზმი, ჯერ უნდა მიგიღონ. პრაგმატულად შეხედე ყველაფერს და შეისწავლე სიტუაცია, ოღონდ არ დაგავიწყდეს მთავარი: შენ მაგალითი ხარ მოსწავლეებისთვის, როგორადაც მოიქცევი, ისე მოგექცევიან, ამიტომ იყავი ზრდილობიანი, პატივი ეცი მათ წინარე ცოდნას, სურვილებს, ინტერესებსა და დამოკიდებულებებს. მოსწავლეს ვერ „აჯობებ“! არც მოინდომო, რომ ხმას აუწევ და ასე გააჩუმებ. საკლასო ოთახში ბუზის გაფრენის ხმა კი არა, ბავშვების სილაღის, მათი თავისუფლების და აზრების ხმა უნდა გესმოდეს, ნუ დათრგუნავ მათ, ასე პატივისცემას დაკარგავ - „თუ ბავშვში ცელქს ჩაკლავ, ბრძენს ვეღარ აღზრდი“.

გაიცანი. დააცადე, რომ გაგიცნონ. მაშინათვე ნუ გამოიყენებ შენს ახალ მეთოდებს, სტილს, უნივერსიტეტში ნასწავლის დამკვიდრებას ნუ შეეცდები. იქ ხომ იმასაც გვასწავლიდნენ, რომ თითოეულ კლასს თავისი დინამიკა აქვს, წარსული გამოცდილება, ღირებულებათა სისტემა. ხოდა, ეცადე, დააკვირდე და შეისწავლო. მხოლოდ შემდეგ მიხვდები, რა უნდა შეცვალო და როგორ. იყავი დამკვირვებლის პოზიციაში, მეტად მოისმინე. ზოგიერთი კლასი მაშინვე მიგიღებს, ზოგიერთი - ვერ, დრო დასჭირდება.

შენ თუ გსიამოვნებს კონკრეტულ თემაზე საუბარი, კონკრეტული გაკვეთილის ახსნა, არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ეს სჭირდებათ. როცა გაკვეთილზე შედიხარ, გქონდეს გეგმა, დღის, კვირის, თვის მიზნები. გაკვეთილის დასრულებისთანავე საკუთარ თავს ჰკითხე, უახლოვდები თუ არა მიზანს, გაზომე შედეგები, იკვლიე მოსწავლეების საჭიროებები, იმოქმედე ამის მიხედვით.

კარგად გაეცანი ეროვნულ სასწავლო გეგმას, კანონს ზოგადი განათლების შესახებ, იკითხე პროფესიული ლიტერატურა. ხშირად გადაიკითხე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, დააკვირდი: იქ არსად წერია, რომ ზმნის ყველა კატეგორიის სწავლა სავალდებულოა თითოეული მოსწავლისთვის, სამაგიეროდ, აუციელებელია ერთმანეთის პატივისცემას, მოსმენას მივაჩვიოთ და ა. შ. ხშირად დაფიქრდი გეგმის თითოეულ პუნქტზე.

ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმები და მაქსიმალურად დეტალურად ახსნილი დავალების პირობა. მხოლოდ გვერდებს ნუ მიუთითებ. აუხსენი, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა შეასრულონ. მათ უნდა იცოდნენ, რაში და როგორ ვაფასებთ. ეს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მოსწავლეებში უსამართლობის განცდას აგარიდებს. თავადაც შექმნან კრიტერიუმები. მოიფიქრე აქტივობები (საკლასო, საშინაო), რომლებიც შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობას გააზრებინებს მოსწავლეებს. 

გაიხსენე ბლუმის ტაქსონომიაც. ნუ დასვამ მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციაზე ორიენტირებულ კითხვებს. გაიაზრონ, გამოიყენონ, შეაფასონ, გამოთქვან საკუთარი აზრი, რეალურ ცხოვრებასთან დააკავშირონ, პირად გამოცდილებასთან. ჩვენ ხომ ცოდნასთან ერთად უნარებსა და ღირებულებებზე ვმუშაობთ. ნუ იქნები რამდენიმე ბავშვზე ორიენტირებული. თუკი რამდენიმეს „ამოიჩემებ“, მათ მოაყოლებ ხოლმე, (ადექი, მოყევი, დაჯექის პრინციპით) ზარიც „მოგისწრებს“ და ამ დროს სინდისი არ შეგაწუხებს, ეს პროფესია შენი არ არის. არ მომერიდება იმის დაწერის, რომ არაკეთილსინდისიერად მოიქცევი. ბავშვობის ტრავმები მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ხოლმე ადამიანებს. მასწავლებელი ავითარებს თავდაჯერებულობის განცდას. ნუ მიაწებებ იარლიყებს, შეეცადე მრავალი მხრიდან შეხედო მათ შესაძლებლობებს. არ დაჩაგრო სიტყვებითა და ზოგჯერ გაუცნობიერებელი ქმედებებით. რწმენა გაუღვივე, რომ გარემოებების მიუხედავად შეუძლია წარმატებული და ბედნიერი მომავლის შექმნა - ეს განცდა ბავშვობიდან ყალიბდება. ამისთვის საკმარისია, გაკვეთილზე საჭიროდ, დაფასებულ და პატივსაცემ მოსწავლეებად იგრძნონ თავი.

განვითარდი, იკითხე, იკვლიე. გამოყავი ნახევარი საათი დღის ბოლოს, რომ ჩაიწერო, რა ხდებოდა ამა თუ იმ კლასში, რა მოლოდინი გქონდა, რატომ გამართლდა ან რატომ ვერ გამართლდა. გახსოვდეს, რომ ის რესურსები, რომლებსაც მოსწავლეებს სთავაზობ, უმნიშვნელოვანესია. თავადაც შექმენი. წიგნი ერთ-ერთი რესურსია და მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობი. გადადე ხოლმე, თუ შენი მოსწავლეების საჭიროებებს ვერ მოარგებ ამა თუ იმ საკითხსა და სავარჯიშოს. 

ყველაზე გულწრფელი ოცნებების, მრავალფეროვანი შესაძლებლობების, უცნაური წყენების, ზოგჯერ იმედგაცრუებების, მძაფრი ემოციების, თავგადასავლების და თავდავიწყებით შეყვარების ადგილია საკლასო ოთახი. გილოცავ ამ მუდმივ თავგადასავალს. პირადად მე, სადაც არ უნდა წავიდე, ყველაფერი იქნება პარალელურად. ჯერ იქნება სკოლა, მოსწავლეები, მათთან ურთიერთობა და შემდეგ დანარჩენი სხვა. 

დაბოლოს, ეს ტექსტი ჩემს შეცდომებზე დაკვირვების შედეგია. ახლა უფრო გვესმის მე და სელინჯერის გმირს ერთმანეთის. ვიცი, ბევრი შეცდომა იქნება მომავალშიც (სწავლა-სწავლება ცოცხალი პროცესია), მაგრამ მიმიღეს და მომცეს თამაშში ჩართვის უფლება და საშუალება. კონსტრუქტივიზმი ჰქვია თამაშს - თვითონ აღმოაჩენენ, თვითონ აგებენ, თვითონ ეძებენ და არც ფიქრობენ, რომ სადმე გადავარდნის საფრთხეა.

ეს უდიდესი მიზნების სფეროა, დაუჯერე შენს მიზნებს და ხელისშემშლელი ფაქტორები ვერაფერს დაგაკლებს. 

ავტორი: ნანა სამუშია 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა „მინდასა“ და „უნდას“ შორის განსხვავება უკვე 7 წლის ასაკში უნდა იცოდეს,“ - თამარ გაგოშიძე

„ბავშვმა „მინდასა“ და „უნდას“ შორის განსხვავება უკვე 7 წლის ასაკში უნდა იცოდეს,“ - თამარ გაგოშიძე

თამარ გაგოშიძემ ბავშვებში სიზარმაცის პრობლემის და მისი დაძლევის მეთოდებზე ისაუბრა. მან სიზარმაცის გამომწვევი მიზეზები დაასახელა:

„სიზარმაცე აბსტრაქტული ტერმინია. რა არის სიზარმაცე? როდესაც ცდილობ, რომ აუცილებელი გასაკეთებელი არ გააკეთო, თავი აარიდო ან გადაწიო. რისი შედეგია ე.წ. სიზარმაცე? 14 წლის ასაკში არის უკვე გვიანი ბავშვის ინტერესების გაღვიძება. ექვსი წლის ბავშვი, რომ რაღაცებს გეკითხება, ცნობისმოყვარე რომ არის, შენ რომ არ გცალია, კითხვებზე პასუხს რომ არ აძლევ და შენი საქმეებით ხარ დაკავებული, ​ეს ცნობისმოყვარეობა მერე ქრება. ცნობისმოყვარეობა გადადის მერე შრომისმოყვარეობაში. მასწავლებელიც და მშობელიც ამ გადასვლას აბრკოლებს ძალიან ხშირად, იმიტომ, რომ არ სცალიათ.“

თამარ გაგოშიძემ ხაზი გაუსვა ბავშვთან დისკუსიის მნიშვნელობას:

„ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენს თავს, ძალიან ხშირად ​ხომ არ ვაიძულებთ ბავშვს, რომ აუცილებლად ეს გააკეთოს. ბუნებრივია, რომ ვაიძულებთ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ მოგვიწევს დისკუსია, რატომ უნდა ისწავლოს ბავშვმა. 6-7 წლის ასაკში ეს ასე არ არის, თუმცა 14 წლის ბავშვთან დისკუსია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად მოსულან ჩემთან მშობლები და უთქვამთ: „ბავშვს ვეუბნები, რომ აი, ის მენაგვე იქნები.“ არაფრით არ შეიძლება ამის თქმა. რას ნიშნავს, მენაგვე იქნები?! მენაგვე ადამიანი არ არის, პერსონა არ არის და საქმე არ არის მენაგვეობა?! ასეთი ტიპის ტექსტები, რომ შენ თუ არ ისწავლე, არ იქნები ისეთი, როგორიც მე მინდა, არის მიუღებელი სტრატეგია. ბავშვი გრძნობს, რომ ეს არ არის სწორი და უბრალოდ ლოზუნგია მშობლის მხრიდან.“

თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია შვილების ინტერესები აღმოაჩინონ და თავადაც დაინტერესდნენ იმით, რაც ბავშვს აინტერესებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ​აღმოვაჩინოთ ჩვენი შვილის ინტერესი. ჩვენ უნდა დავინტერესდეთ, რა თამაშებით თამაშობს ჩვენი შვილი და ერთხელ მაინც მასთან ერთად ვითამაშოთ ეს თამაში. თუ თამაში მძიმე და აგრესიულია, მარტო აკრძალვა არ უშველის. ამ შემთხვევაში დისკუსია აუცილებელია. დისკუსიაში უნდა გამოიწვიო ბავშვი, რომ აუხსნა რატომ არის მნიშვნელოვანი მან განახორციელოს „უნდას“ შესაბამისი აქტივობა. ბავშვმა „მინდასა“ და „უნდას“ შორის განსხვავება უკვე 7 წლის ასაკში უნდა იცოდეს. ზუსტად მაშინ არის კრიტიკული პერიოდი, 14 წელიც არის კრიტიკული პერიოდი. ამ ასაკშიც ბავშვს სიამოვნება უნდა, ისევე როგორც, 6-7 წლის ასაკში."

„ჩვენი სკოლები იმისთვის არის, რომ უსიამოვნება მიანიჭონ  და ​ვისაც სწავლა უყვარს, იმასაც გადააყვარონ. მშობელი რას ეუბნება შვილს? „შენ თუ ისწავლი, გექნება ბევრი ფული.“ ძალიან არამყარი არგუმენტია, მინდა გითხრათ. რაც უფრო არ ისწავლი, უფრო მეტი ფული გექნება ხანდახან ჩვენს ქვეყანაში. სწავლისთვის სწავლა, პროცესისგან სიამოვნების მიღება? აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული: ყოფნა თუ ფლობა? ჩვენ ფლობის რეჟიმში ვართ სულ,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ რადიო იმედის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო იმედი

წაიკითხეთ სრულად