Baby Bag

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახი და ოჯახური აღზრდა ადამიანის სოციალიზაციის მიკროფაქტორთა სიაში უპირველესია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი მომავალი თაობის სოციალიზაციის ყველაზე მძლავრი ინსტიტუტია, სადაც ხდება მოზარდი თაობის ჩამოყალიბება.

ოჯახი ვალდებულია, ბავშვს მთელი ცხოვრების გზაზე „სამყოფი“ აღზრდა მისცეს. ოჯახის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. სკოლამდე მთელი პასუხისმგებლობა ოჯახს ეკისრება, თუმცა სკოლის პერიოდში და შემდგომაც ეს ფუნქცია სრულიადაც არ კნინდება, პირიქით, კიდევ უფრო იზრდება. ასე რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე პირველი და უმთავრესი სკოლაა. ცხადია ყველა მშობლის სურვილია, აღვზარდოთ ჯანსაღი შვილები-ჯანსაღი სხეულით, ჯანსაღი ფსიქიკით და ჯანსაღი ურთიერთობებით, რაც დღეისდღეობით საკმაოდ გართულებულია, თუმცა მშობლებს ვურჩევდი, სერიოზულად მოეკიდონ შვილების აზრებს და გრძნობებს, დაინტერესდნენ მათი საქმიანობით, იდეებით, პრობლემებით, აჩვენონ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ და აკეთებენ, წაახალისონ, ხაზი გაუსვან იმას, რაც კარგად გამოსდის და არა იმას, რაც არ გამოსდის, ასწავლონ ბავშვს ზრუნვა, ზრუნვა მშობლებსა და ერთმანეთზე, ასწავლონ თანაგრძნობა, დაეხმარონ იმაში, რომ გაუგონ ადამიანებს და გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი, შეეცადონ, ბავშვმა თავი იგრძნოს საჭირო და მნიშვნელოვან პიროვნებად. თუ ადრეული ასაკიდან დავაკისრებთ მისი უნარების შესაბამის მოვალეობებს, ამით საკუთარი ძალების რწმენასაც განუმტკიცებთ და ხელს შევუწყობთ მასში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია ეცადონ, ხშირად აგრძნობინონ შვილს, რომ უყვართ და პატივს სცემენ მის პიროვნებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი აღზრდისთვის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი დებულებები დაეხმარება მშობლებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის და კომუნიკაციის დამყარებაში, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვება ბავშვის არასწორი აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საფუძველია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვებული ბავშვი მარტივად ექცევა სხვა ადამიანთა გავლენის ქვეშ, ეს გავლენა კი შეიძლება დადებითიც იყოს და უფრო მეტ შემთხვევაში უარყოფითიც.

ოჯახის როლის მნიშვნელობაში ისიც კი გვარწმუნებს, რომ მისი როლის უგულებელყოფა თვით სპარტის დესპოტურმა სკოლამაც კი ვერ შეძლო. დიახ, სწორედ ოჯახში სწავლობს ბავშვი ფუნდამენტურ ღირებულებებს, ბავშვი ოჯახში ვითარდება, იზრდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. სწორედ ოჯახში, ამ პატარა ორგანიზმში უყალიბდება ბავშვს ზრდილობა, ზნეობა, ეტიკეტი და კარგი ქცევა. ოჯახში სწავლობენ უფროსებისადმი პატივისცემას, პატარებისადმი გულისხმიერებას, მეგობრებისადმი გულითად და ჰუმანურ მოპყრობას. თუ ადამიანი ოჯახში სათნოებას არის მოკლებული და არ იღებს შესაბამის აღზრდას, საზოგადოებას პრობლემებს უქმნის. მგრძნობიარე და სხვების პატივისმცემელი ადამიანი მხოლოდ ჰარმონიულ, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ოჯახურ გარემოში შეიძლება აღიზარდოს. ბავშვის აღზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლების როლი და მათი დამოკიდებულება. ასეთ გარემოში აღზრდილი თაობები არიან გაწონასწორებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო. არაჯანსაღ ოჯახში აღზრდილი ბავშვი კი შესაძლოა სოციალიზაციის მსხვერპლიც კი გახდეს, რაც, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, ამას, რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: დღევანდელი თანამედროვე ოჯახი ჩართულია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში. სამწუხაროდ, ოჯახის შიდა ფსიქოლოგიურ კლიმატზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, თავისუფალი დროის უქონლობა, მუდმივი აუცილებლობა დამატებითი შემოსავლის ძიებისა, დაძაბულობა და სტრესი. ფსიქოლოგიური გადატვირთვა გამოიხატება იმაში, რომ მშობლები ხშირად არიან გაღიზიანებული, დაღლილი და ზოგჯერ უარყოფითი ემოციების მსხვერპლნი არიან ბავშვები. ამგვარად, ბავშვების განწყობა, ხასიათი მთლიანად დამოკიდებული ხდება მშობლების განწყობაზე და ხასიათზე, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიაზე და მის ურთიერთობებზე მშობლებთან, მეგობრებთან და ა.შ.

აგრეთვე, დედ-მამას შორის ურთიერთობა და მათი ზნეობრივი დონე ისეთი ფაქტია, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს მოზარდის ჩამოყალიბებაში. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები თავიანთი საქციელით ბავშვის გონებაში ტოვებენ კვალს, როგორც უპასუხისმგებლო ადამიანები, მატყუარები, მოზარდის ცნობიერებიდან ამ კვალის ამოშლა ძალიან ძნელია, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად შეუძლებელიც კი. ამის გამო მშობელი ვალდებულია, იმ უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულთან ერთად ბავშვს კარგი ადამიანობის მაგალითიც უჩვენოს, რადგან მშობელი შვილისთვის გარკვეულ ასაკამდე ავტორიტეტია და ბაძავს მის ყველა ქმედებას, ასე რომ, თავად მშობელმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი შვილის ცხოვრებაში, იგი გმირი იქნება თუ ანტაგონისტი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სოციო-ვოლიტური განვითარება, ოჯახური აღზრდაც სწორედ ამ ყველაფერს უნდა შევუფარდოთ და გავითვალისწინოთ თითოეული ასაკის შემთხვევაში ბავშვის/მოზარდის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესები. აქ კი უკვე მშობლის განათლების მნიშვნელობა იწევს წინა პლანზე, რადგანაც ხშირად მშობლებს არ ესმით მათი შვილის ქცევის მიზეზი, ამისი პასუხი კი მარტივია - მისი ასაკობრივი თავისებურებები.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს მოზარდის შემდგომ სოციალურ განვითარებაზე არის მშობელთა ჰიპერმზრუნველობა, მისი გახანგრძლივებული „ბავშვურობა“, ცხოვრების სირთულეებისადმი მოუმზადებლობა, დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის უუნარობა, რის შედეგადაც ის ადვილად ექცევა უფრო გამოცდილი მეგობრების გავლენის ქვეშ და არ შესწევს უნარი თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებსა და გამოწვევებს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, რამაც საბოლოო ჯამში უკვე ზრდასრულ ასაკში მისი ლუმპენობაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

საბოლოოდ, ზემოთ აღნიშნული საკითხები ოჯახისა და ოჯახური აღზრდის შესახებ, რა თქმა უნდა, არასრულია და ეს საკითხი ამოუწურავია. მე შევეხე ყველაზე საინტერესო რამდენიმე საკითხს და ვეცადე წარმომედგინა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, შევეცადე წარმომედგინა ოჯახის უდიდესი მნიშვნელობა ბავშვის მომავალი სოციალური განვითარების კუთხით. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ოჯახი შესაძლოა იყოს საუკეთესო და სახიფათო გარემო ბავშვის სოციალიზაციის პროცესში, რაც ყველა მშობელმა უნდა გაიაზროს საკუთარ შვილთან ურთიერთობის პროცესში.

ავტორი: ლიკა ბაბლუანი

შეიძლება დაინტერესდეთ

კარგი მშობლის 10 შეცდომა, რომელიც ბავშვს ზიანს აყენებს

კარგი მშობლის 10 შეცდომა, რომელიც ბავშვს ზიანს აყენებს

ყველა მშობელს სურს, რომ შვილი კარგად აღზარდოს. სამწუხაროდ, არ არსებობს წიგნი, რომელიც გვიკარნახებს, როგორ უნდა მოვიქცეთ შვილთან მიმართებაში. მშობლები ცდილობენ, რომ შვილს რაც შეიძლება მეტი სიკეთე გაუკეთონ. სამწუხაროდ, ხშირად ის, რაც ჩვენ ბავშვისთვის კარგი გვგონია, მისთვის საზიანო აღმოჩნდება.

1. ყველაფრის ბავშვის ნაცვლად გაკეთება

მშობლების დიდ ნაწილს არ სურს, რომ ბავშვი ზრდასრულების საქმეებით დატვირთოს. თუ ბავშვს ისეთი უნარების განვითარებაში დაეხმარებით, რომელიც მას მომავალში დამოუკიდებლობის შესაძლებლობას მისცემს, ამით შვილს მხოლოდ სიკეთეს გაუკეთებთ. სახლის საქმეების სწავლა, როგორიცაა თავისი ოთახის, სათამაშოების მოწესრიგება, მას პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლობის უნარებს უვითარებს.

2. მეუღლესთან ურთიერთობის მეორე პლანზე გადატანა

ბავშვის გაჩენამ წყვილის ურთიერთობა არ უნდა მოკლას. ცოლ-ქმარმა ერთმანეთის ძილისა და მოსვენების რეჟიმზე უნდა იზრუნონ, რათა სრულფასოვნად ფუნქციონირება შეძლონ. თუ მეუღლეებს შორის ერთ-ერთს რაიმეს გაკეთება ავიწყდება, შესაძლოა, ამის მიზეზი გადაღლა იყოს და არა უპასუხისმგებლობა. ერთმანეთისთვის თითოეული გაკეთებული საქმისთვის მადლობის თქმა ურთიერთობას აუმჯობესებს. კარგია, თუ მეუღლეებს საერთო ჰობი ექნებათ. წყვილმა ერთმანეთს წუწუნის, საკუთარი განცდების გამოხატვის შესაძლებლობა უნდა მისცეს.

3. ბავშვისთვის კვების დაძალება

ყველა მშობელს სურს, რომ შვილი სრულფასოვნად გამოკვებოს, თუმცა ხილისა და ბოსტნეულის დაძალება საუკეთესო გამოსავალი არ არის. ეს ბავშვში მეტ უკმაყოფილებას იწვევს. ბავშვები საკუთარ ორგანიზმს უსმენენ და კარგად იციან, როდის შიათ და როდის - არა. სადილობა სასადილო მაგიდასთან არ იწყება. ბავშვის დასაინტერესებლად, ეზოში ბოსტნეულის ან ხილის მოყვანა საუკეთესო გზაა. ამგვარად ის შეეცდება ახალი ხილისა და ბოსტნეულის დაგემოვნებას. ბავშვები სიახლეებისადმი დადებითად უნდა განაწყოთ და წაახალისოთ, რომ ახალი კერძები დააგემოვნონ.

4. მონდომებაზე მეტად ბავშვის ნიჭის დაფასება

ბავშვის ნიჭის აღიარება მას ნამდვილად წაახალისებს, მაგრამ თუ მხოლოდ მის გენიალურობას გაუსვამთ ხაზს და არასდროს აღნიშნავთ იმ შრომას, რომელიც მან მიზნის მისაღწევად ჩადო, ამით ბავშვის ეგოიზმს წაახალისებთ. ექსპერტები გირჩევენ, რომ ბავშვები იმ შრომის გამო უნდა შეაქოთ, რომელსაც ისინი გარკვეული მიზნის მისაღწევას გასწევენ. თქვენი შვილები დაშვებული შეცდომების გადასალახად აუცილებლად წაახალისეთ და ასწავლეთ, რომ შეცდომის დაშვება ტრაგედია არ არის.

5. ბავშვის პრობლემების მის ნაცვლად გადაჭრა

ყველა მშობელს სურს, რომ შვილი ბედნიერი ჰყავდეს და ის ნებისმიერი განსაცდელისგან დაიცვას, თუმცა პრობლემები ყველას ცხოვრებაში არსებობს. ბავშვისთვის სირთულეების არიდების მიზნით, მისი პრობლემების მშობლის მიერ გადაჭრა, მას სარგებელს ნამდვილად არ მოუტანს. ბავშვს საკუთარ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება ასწავლეთ. ეს მას თავდაჯერებას შესძენს და მომავალში სირთულეებს არასდროს შეუშინდება.

6. ბავშვის გადატვირთვა ზედმეტი აქტივობებით

სავსებით ნორმალურია, რომ მშობელს სურს შვილი სპორტზე ატაროს, დააკავოს ის კულტურული აქტივობებით, რათა მისი უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი. მიუხედავად ამისა, სკოლის მერე ბავშვის დღის განრიგის ზედმეტი გადატვირთვა დაუშვებელია. ზედმეტად დატვირთული ბავშვები იფიტებიან, ისინი გაღიზიანებულები არიან, მათ ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი, ბრაზი, მუცლის ტკივილი და სხვა უსაიმოვნო შეგრძნებები.

7. სოციალიზაციის იძულება

ბავშვის განვითარებისთვის სოციალური უნარების განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა მისთვის სოციალიზაციის იძულება გამოსავალი ნამდვილად არ არის. ბავშვს სოციალიზაციის უნარების განვითარებაში უნდა დავეხმაროთ. ის ისეთ გარემოში ხშირად უნდა ვამყოფოთ, სადაც ადამიანებთან კომუნიკაცია დასჭირდება. ამას იძულების სახე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს.

8. გამუდმებით ბავშვის გვერდით ყოფნა

ბავშვს მშობლის გვერდით ყოფნა დაცულობის შეგრძნებას უჩენს, თუმცა მას თავისუფალი დროც აუცილებლად სჭირდება. მარტო თამაშის დროს ბავშვს ბევრი მნიშვნელოვანი უნარი უვითარდება. ის სწავლობს დამოუკიდებლობას და აცნობიერებს, რომ ბედნიერებისთვის ყოველთვის სხვებზე დაყრდნობა აუცილებელი არ არის.

9. ფულის არარაციონალურად ხარჯვა

ბავშვის თანდასწრებით ფულის არარაციონალური ხარჯვა მას კარგ მაგალითს არ აძლევს. ბავშვს ფულის ხარჯვის წესებსა და ოჯახის ბიუჯეტის მართვაზე გარკვეული წარმოდგენა ადრეული ასაკიდანვე უნდა შეუქმნათ.

10. ბავშვის სხვასთან შედარება

ბავშვები ერთმანეთისგან გარკვეული უნარებით განსხვავდებიან. თქვენი შვილი სხვა ბავშვს არასდროს შეადაროთ. ამით მას მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე სარგებელს მოუტანთ. ბავშვს, შესაძლოა, სხვებისადმი შურის გრძნობა გაუჩნდეს, ბრაზმა შეიპყროს. გარდა ამისა, ეს მის თვითშეფასებაზე ნეგატიურად აისახება. ხაზი გაუსვით თქვენი შვილის ღირსებებს, კარგ თვისებებსა და უნარებს. ამით აგრძნობინებთ, რომ მას სათანადოდ აფასებთ.

წყარო: ​Brightside.me

წაიკითხეთ სრულად