Baby Bag

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახი და ოჯახური აღზრდა ადამიანის სოციალიზაციის მიკროფაქტორთა სიაში უპირველესია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი მომავალი თაობის სოციალიზაციის ყველაზე მძლავრი ინსტიტუტია, სადაც ხდება მოზარდი თაობის ჩამოყალიბება.

ოჯახი ვალდებულია, ბავშვს მთელი ცხოვრების გზაზე „სამყოფი“ აღზრდა მისცეს. ოჯახის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. სკოლამდე მთელი პასუხისმგებლობა ოჯახს ეკისრება, თუმცა სკოლის პერიოდში და შემდგომაც ეს ფუნქცია სრულიადაც არ კნინდება, პირიქით, კიდევ უფრო იზრდება. ასე რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე პირველი და უმთავრესი სკოლაა. ცხადია ყველა მშობლის სურვილია, აღვზარდოთ ჯანსაღი შვილები-ჯანსაღი სხეულით, ჯანსაღი ფსიქიკით და ჯანსაღი ურთიერთობებით, რაც დღეისდღეობით საკმაოდ გართულებულია, თუმცა მშობლებს ვურჩევდი, სერიოზულად მოეკიდონ შვილების აზრებს და გრძნობებს, დაინტერესდნენ მათი საქმიანობით, იდეებით, პრობლემებით, აჩვენონ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ და აკეთებენ, წაახალისონ, ხაზი გაუსვან იმას, რაც კარგად გამოსდის და არა იმას, რაც არ გამოსდის, ასწავლონ ბავშვს ზრუნვა, ზრუნვა მშობლებსა და ერთმანეთზე, ასწავლონ თანაგრძნობა, დაეხმარონ იმაში, რომ გაუგონ ადამიანებს და გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი, შეეცადონ, ბავშვმა თავი იგრძნოს საჭირო და მნიშვნელოვან პიროვნებად. თუ ადრეული ასაკიდან დავაკისრებთ მისი უნარების შესაბამის მოვალეობებს, ამით საკუთარი ძალების რწმენასაც განუმტკიცებთ და ხელს შევუწყობთ მასში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია ეცადონ, ხშირად აგრძნობინონ შვილს, რომ უყვართ და პატივს სცემენ მის პიროვნებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი აღზრდისთვის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი დებულებები დაეხმარება მშობლებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის და კომუნიკაციის დამყარებაში, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვება ბავშვის არასწორი აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საფუძველია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვებული ბავშვი მარტივად ექცევა სხვა ადამიანთა გავლენის ქვეშ, ეს გავლენა კი შეიძლება დადებითიც იყოს და უფრო მეტ შემთხვევაში უარყოფითიც.

ოჯახის როლის მნიშვნელობაში ისიც კი გვარწმუნებს, რომ მისი როლის უგულებელყოფა თვით სპარტის დესპოტურმა სკოლამაც კი ვერ შეძლო. დიახ, სწორედ ოჯახში სწავლობს ბავშვი ფუნდამენტურ ღირებულებებს, ბავშვი ოჯახში ვითარდება, იზრდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. სწორედ ოჯახში, ამ პატარა ორგანიზმში უყალიბდება ბავშვს ზრდილობა, ზნეობა, ეტიკეტი და კარგი ქცევა. ოჯახში სწავლობენ უფროსებისადმი პატივისცემას, პატარებისადმი გულისხმიერებას, მეგობრებისადმი გულითად და ჰუმანურ მოპყრობას. თუ ადამიანი ოჯახში სათნოებას არის მოკლებული და არ იღებს შესაბამის აღზრდას, საზოგადოებას პრობლემებს უქმნის. მგრძნობიარე და სხვების პატივისმცემელი ადამიანი მხოლოდ ჰარმონიულ, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ოჯახურ გარემოში შეიძლება აღიზარდოს. ბავშვის აღზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლების როლი და მათი დამოკიდებულება. ასეთ გარემოში აღზრდილი თაობები არიან გაწონასწორებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო. არაჯანსაღ ოჯახში აღზრდილი ბავშვი კი შესაძლოა სოციალიზაციის მსხვერპლიც კი გახდეს, რაც, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, ამას, რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: დღევანდელი თანამედროვე ოჯახი ჩართულია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში. სამწუხაროდ, ოჯახის შიდა ფსიქოლოგიურ კლიმატზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, თავისუფალი დროის უქონლობა, მუდმივი აუცილებლობა დამატებითი შემოსავლის ძიებისა, დაძაბულობა და სტრესი. ფსიქოლოგიური გადატვირთვა გამოიხატება იმაში, რომ მშობლები ხშირად არიან გაღიზიანებული, დაღლილი და ზოგჯერ უარყოფითი ემოციების მსხვერპლნი არიან ბავშვები. ამგვარად, ბავშვების განწყობა, ხასიათი მთლიანად დამოკიდებული ხდება მშობლების განწყობაზე და ხასიათზე, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიაზე და მის ურთიერთობებზე მშობლებთან, მეგობრებთან და ა.შ.

აგრეთვე, დედ-მამას შორის ურთიერთობა და მათი ზნეობრივი დონე ისეთი ფაქტია, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს მოზარდის ჩამოყალიბებაში. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები თავიანთი საქციელით ბავშვის გონებაში ტოვებენ კვალს, როგორც უპასუხისმგებლო ადამიანები, მატყუარები, მოზარდის ცნობიერებიდან ამ კვალის ამოშლა ძალიან ძნელია, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად შეუძლებელიც კი. ამის გამო მშობელი ვალდებულია, იმ უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულთან ერთად ბავშვს კარგი ადამიანობის მაგალითიც უჩვენოს, რადგან მშობელი შვილისთვის გარკვეულ ასაკამდე ავტორიტეტია და ბაძავს მის ყველა ქმედებას, ასე რომ, თავად მშობელმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი შვილის ცხოვრებაში, იგი გმირი იქნება თუ ანტაგონისტი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სოციო-ვოლიტური განვითარება, ოჯახური აღზრდაც სწორედ ამ ყველაფერს უნდა შევუფარდოთ და გავითვალისწინოთ თითოეული ასაკის შემთხვევაში ბავშვის/მოზარდის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესები. აქ კი უკვე მშობლის განათლების მნიშვნელობა იწევს წინა პლანზე, რადგანაც ხშირად მშობლებს არ ესმით მათი შვილის ქცევის მიზეზი, ამისი პასუხი კი მარტივია - მისი ასაკობრივი თავისებურებები.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს მოზარდის შემდგომ სოციალურ განვითარებაზე არის მშობელთა ჰიპერმზრუნველობა, მისი გახანგრძლივებული „ბავშვურობა“, ცხოვრების სირთულეებისადმი მოუმზადებლობა, დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის უუნარობა, რის შედეგადაც ის ადვილად ექცევა უფრო გამოცდილი მეგობრების გავლენის ქვეშ და არ შესწევს უნარი თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებსა და გამოწვევებს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, რამაც საბოლოო ჯამში უკვე ზრდასრულ ასაკში მისი ლუმპენობაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

საბოლოოდ, ზემოთ აღნიშნული საკითხები ოჯახისა და ოჯახური აღზრდის შესახებ, რა თქმა უნდა, არასრულია და ეს საკითხი ამოუწურავია. მე შევეხე ყველაზე საინტერესო რამდენიმე საკითხს და ვეცადე წარმომედგინა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, შევეცადე წარმომედგინა ოჯახის უდიდესი მნიშვნელობა ბავშვის მომავალი სოციალური განვითარების კუთხით. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ოჯახი შესაძლოა იყოს საუკეთესო და სახიფათო გარემო ბავშვის სოციალიზაციის პროცესში, რაც ყველა მშობელმა უნდა გაიაზროს საკუთარ შვილთან ურთიერთობის პროცესში.

ავტორი: ლიკა ბაბლუანი

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მოსმენა

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მოსმენა

მშობელი თუ ხართ, თქვენთვის ნაცნობი უნდა იყოს შემდეგი ვითარება: შვილს გარკვეული ქმედებისკენ მოუწოდებთ, მაგრამ ის უარს გიცხადებთ. თქვენ ცდილობთ უფრო დაყვავებით გაიმეოროთ თქვენი თხოვნა, მაგრამ მისგან კვლავ უარს იღებთ. იძულებული ხდებით ხმა აიმაღლოთ და ბავშვს აგრძნობინოთ, რომ არ ხუმრობთ, თუმცა ეს მის სიჯიუტეზე გავლენას ვერ ახდენს. როდესაც სხვა გზა აღარ გრჩებათ, მის მოსყიდვას სხვა და სხვა სასიამოვნო დაპირებით ცდილობთ, მაგრამ ამაოდ. თუ მსგავს გამოუვალ მდგომარეობაში ხშირად ხართ, ნუ შეშინდებით. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად თქვენი შვილის აღზრდა განსხვავებული მეთოდებით უნდა სცადოთ და მასთან მყარი ემოციური კავშირის დამყარება შეძლოთ.


ბავშვის აღზრდის საუკეთესო მეთოდი ზომიერი, მაგრამ მტკიცე დისციპლინის ჩამოყალიბებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ დასჯის მეთოდების გამოყენების ნაცვლად მასთან საუბარი და რჩევა-დარიგების მიცემა უნდა სცადოთ. ბავშვთან ურთიერთობისას რეალისტური, მისი ასაკის შესაბამისი მოლოდინები უნდა გქონდეთ. შვილის სწორად აღზრდა თუ გსურთ, მოთმინება და თანაგრძნობა უნდა ისწავლოთ. ჩვენს სტატიაში 5 სასარგებლო და საინტერესო რჩევას შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით შვილებს თქვენს მოსმენას და თქვენი აზრის გათვალისწინებას მარტივად ასწავლით.

აუხსენით თქვენს შვილს, რა გსურთ, რომ გააკეთოს

მშობლები დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც შვილებს ნეგატიური ფრაზებით გარკვეული ქცევის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ეუბნებიან: „შეწყვიტე სირბილი“ ან „ნუ ჩხუბობ.“ ბავშვს გარკვეულ ასაკამდე არ აქვს ნათქვამის სრულყოფილად განსჯისა და გაანალიზების უნარი, შესაბამისად ის ვერ იგებს, თუ რა უნდა გააკეთოს სირბილის ან ჩხუბის ნაცვლად, მისთვის თქვენი მოლოდინები გაურკვეველი და ბუნდოვანია, გარდა ამისა, მას საკუთარი იმპულსების გაკონტროლება ძალიან უჭირს. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს ნეგატიური ფრაზებით მიმართოთ, მასთან ურთიერთობისას პოზიტიური ინსტრუქციები გამოიყენეთ. უთხარით თქვენს შვილს, რომ მშვიდად იაროს, ან თავის მეგობარს თბილად ესაუბროს. მალევე დარწმუნდებით, რომ მას თქვენი გაგება ძალიან კარგად შეუძლია.

მიეცით ბავშვს მარტივი მითითებები

ბავშვთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. ნუ დაიწყებთ მასთან რთული და გაურკვეველი ფრაზებით საუბარს. არასდროს მისცეთ ორი დავალება ერთდროულად, ნურც მრავალფეროვანი ინსტრუქციებით დატვირთავთ, რადგან მსგავსი დამოკიდებულებით მას მხოლოდ დააფრთხობთ და დააბნევთ. მიეცით თქვენს შვილს მარტივი მითითებები. მაგ. უთხარით, რომ თავისი ფეხსაცმელი მოიტანოს. როდესაც ბავშვი თქვენ მიერ მიცემულ დავალებას შეასრულებს, მხოლოდ ამის შემდეგ სთხოვეთ, რომ მოტანილი ფეხსაცმელი ჩაიცვას.

აქციეთ სწავლა გართობად

სამყაროს ბავშვები თამაშის დახმარებით იმეცნებენ. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს თქვენი ესმოდეს, ეცადეთ სწავლის პროცესი გართობად აქციოთ. ნებისმიერი მითითება, რომელსაც გასცემთ, სახალისოდ უნდა ჟღერდეს. თუ გსურთ, რომ ბავშვებმა საკუთარი სათამაშოები ყუთში ჩააწყონ, აიღეთ რბილი თოჯინები და სათამაშო ყუთისკენ ისროლეთ, რათა ბავშვებმა სათამაშოების ყუთში ჩალაგების პროცესი გართობად აღიქვან და ამ პროცესისგან სიამოვნების მიღება შეძლონ. თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა დროულად დაიძინოს, უთხარით, რომ ცელქი ძიძა ხართ და თუ არ დაიძინებს, კოცნებით დასჯით.

გამოავლინეთ მეტი ემპათია

ხშირად მშობლები შვილებს ისე ესაუბრებიან, რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ, თუ როგორი გულსატკენი შეიძლება იყოს მათ მიერ ნათქვამი ესა თუ ის ფრაზა. ნაცვლად იმისა, რომ თქვენს შვილს მკაცრი მოთხოვნები წაუყენოთ და საყვედურებით აავსოთ, ეცადეთ მისდამი მეტი ემპათია გამოავლინოთ. თუ ბავშვი თამაშობს, თქვენ კი მისგან თამაშის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და დაძინებას მოითხოვთ, ის ამას ვერ გაიგებს, რადგან თამაში მისთვის სასიამოვნო აქტივობაა, ძილი კი სულაც არ სურს. თქვენ როგორ მოიქცეოდით, თუ ვინმე თქვენთვის სასიამოვნო გარემოს დაუყოვნებლივ დატოვებას მოგთხოვდათ? ნუ ეტყვით ბავშვს, რომ სწრაფად შეწყვიტოს თავისი საქმიანობა და თქვენი სურვილი შეასრულოს. უმჯობესია, დაყვავებით უთხრათ, რომ მართალია, ის დაკავებულია და ახლა დრო არ აქვს, მაგრამ როდესაც თამაშს მორჩება, უმჯობესია, დაიძინოს. ბავშვი თქვენს თხოვნას აუცილებლად გაითვალისწინებს.

თქვენს თავს აუცილებლად დაუსვით შემდეგი კითხვები: რატომ იქცევა ჩემი შვილი სწორედ ასე და არა სხვაგვარად? რას გრძნობს ბავშვი, რა განცდები აქვს? რა მსურს, რომ მას ვასწავლო, რის მიღწევას ვაპირებ?

არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი დაუმორჩილებლობას გიცხადებთ, არ გისმენთ, თუ სხვა სახის პრობლემურ ქცევას ავლენს, მთავარია, მისდამი მეტი ემპათია გამოავლინოთ და მის ნებისმიერ ნაკლს გაგებით მოეკიდოთ. ბავშვებს ყველაზე მეტად სწორედ თანაგრძნობა ესაჭიროებათ. უფროსებს ხშირად ავიწყდებათ, რომ თავადაც ყოველთვის ისეთი ადამიანების გარემოცვაში სურთ ყოფნა, რომლებიც მათ მიმართ დიდ ყურადღებას, ინტერესს და ემპათიას ავლენენ. 

მომზადებულია psychcentral.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად