Baby Bag

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახი და ოჯახური აღზრდა ადამიანის სოციალიზაციის მიკროფაქტორთა სიაში უპირველესია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი მომავალი თაობის სოციალიზაციის ყველაზე მძლავრი ინსტიტუტია, სადაც ხდება მოზარდი თაობის ჩამოყალიბება.

ოჯახი ვალდებულია, ბავშვს მთელი ცხოვრების გზაზე „სამყოფი“ აღზრდა მისცეს. ოჯახის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. სკოლამდე მთელი პასუხისმგებლობა ოჯახს ეკისრება, თუმცა სკოლის პერიოდში და შემდგომაც ეს ფუნქცია სრულიადაც არ კნინდება, პირიქით, კიდევ უფრო იზრდება. ასე რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე პირველი და უმთავრესი სკოლაა. ცხადია ყველა მშობლის სურვილია, აღვზარდოთ ჯანსაღი შვილები-ჯანსაღი სხეულით, ჯანსაღი ფსიქიკით და ჯანსაღი ურთიერთობებით, რაც დღეისდღეობით საკმაოდ გართულებულია, თუმცა მშობლებს ვურჩევდი, სერიოზულად მოეკიდონ შვილების აზრებს და გრძნობებს, დაინტერესდნენ მათი საქმიანობით, იდეებით, პრობლემებით, აჩვენონ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ და აკეთებენ, წაახალისონ, ხაზი გაუსვან იმას, რაც კარგად გამოსდის და არა იმას, რაც არ გამოსდის, ასწავლონ ბავშვს ზრუნვა, ზრუნვა მშობლებსა და ერთმანეთზე, ასწავლონ თანაგრძნობა, დაეხმარონ იმაში, რომ გაუგონ ადამიანებს და გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი, შეეცადონ, ბავშვმა თავი იგრძნოს საჭირო და მნიშვნელოვან პიროვნებად. თუ ადრეული ასაკიდან დავაკისრებთ მისი უნარების შესაბამის მოვალეობებს, ამით საკუთარი ძალების რწმენასაც განუმტკიცებთ და ხელს შევუწყობთ მასში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია ეცადონ, ხშირად აგრძნობინონ შვილს, რომ უყვართ და პატივს სცემენ მის პიროვნებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი აღზრდისთვის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი დებულებები დაეხმარება მშობლებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის და კომუნიკაციის დამყარებაში, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვება ბავშვის არასწორი აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საფუძველია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვებული ბავშვი მარტივად ექცევა სხვა ადამიანთა გავლენის ქვეშ, ეს გავლენა კი შეიძლება დადებითიც იყოს და უფრო მეტ შემთხვევაში უარყოფითიც.

ოჯახის როლის მნიშვნელობაში ისიც კი გვარწმუნებს, რომ მისი როლის უგულებელყოფა თვით სპარტის დესპოტურმა სკოლამაც კი ვერ შეძლო. დიახ, სწორედ ოჯახში სწავლობს ბავშვი ფუნდამენტურ ღირებულებებს, ბავშვი ოჯახში ვითარდება, იზრდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. სწორედ ოჯახში, ამ პატარა ორგანიზმში უყალიბდება ბავშვს ზრდილობა, ზნეობა, ეტიკეტი და კარგი ქცევა. ოჯახში სწავლობენ უფროსებისადმი პატივისცემას, პატარებისადმი გულისხმიერებას, მეგობრებისადმი გულითად და ჰუმანურ მოპყრობას. თუ ადამიანი ოჯახში სათნოებას არის მოკლებული და არ იღებს შესაბამის აღზრდას, საზოგადოებას პრობლემებს უქმნის. მგრძნობიარე და სხვების პატივისმცემელი ადამიანი მხოლოდ ჰარმონიულ, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ოჯახურ გარემოში შეიძლება აღიზარდოს. ბავშვის აღზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლების როლი და მათი დამოკიდებულება. ასეთ გარემოში აღზრდილი თაობები არიან გაწონასწორებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო. არაჯანსაღ ოჯახში აღზრდილი ბავშვი კი შესაძლოა სოციალიზაციის მსხვერპლიც კი გახდეს, რაც, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, ამას, რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: დღევანდელი თანამედროვე ოჯახი ჩართულია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში. სამწუხაროდ, ოჯახის შიდა ფსიქოლოგიურ კლიმატზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, თავისუფალი დროის უქონლობა, მუდმივი აუცილებლობა დამატებითი შემოსავლის ძიებისა, დაძაბულობა და სტრესი. ფსიქოლოგიური გადატვირთვა გამოიხატება იმაში, რომ მშობლები ხშირად არიან გაღიზიანებული, დაღლილი და ზოგჯერ უარყოფითი ემოციების მსხვერპლნი არიან ბავშვები. ამგვარად, ბავშვების განწყობა, ხასიათი მთლიანად დამოკიდებული ხდება მშობლების განწყობაზე და ხასიათზე, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიაზე და მის ურთიერთობებზე მშობლებთან, მეგობრებთან და ა.შ.

აგრეთვე, დედ-მამას შორის ურთიერთობა და მათი ზნეობრივი დონე ისეთი ფაქტია, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს მოზარდის ჩამოყალიბებაში. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები თავიანთი საქციელით ბავშვის გონებაში ტოვებენ კვალს, როგორც უპასუხისმგებლო ადამიანები, მატყუარები, მოზარდის ცნობიერებიდან ამ კვალის ამოშლა ძალიან ძნელია, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად შეუძლებელიც კი. ამის გამო მშობელი ვალდებულია, იმ უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულთან ერთად ბავშვს კარგი ადამიანობის მაგალითიც უჩვენოს, რადგან მშობელი შვილისთვის გარკვეულ ასაკამდე ავტორიტეტია და ბაძავს მის ყველა ქმედებას, ასე რომ, თავად მშობელმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი შვილის ცხოვრებაში, იგი გმირი იქნება თუ ანტაგონისტი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სოციო-ვოლიტური განვითარება, ოჯახური აღზრდაც სწორედ ამ ყველაფერს უნდა შევუფარდოთ და გავითვალისწინოთ თითოეული ასაკის შემთხვევაში ბავშვის/მოზარდის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესები. აქ კი უკვე მშობლის განათლების მნიშვნელობა იწევს წინა პლანზე, რადგანაც ხშირად მშობლებს არ ესმით მათი შვილის ქცევის მიზეზი, ამისი პასუხი კი მარტივია - მისი ასაკობრივი თავისებურებები.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს მოზარდის შემდგომ სოციალურ განვითარებაზე არის მშობელთა ჰიპერმზრუნველობა, მისი გახანგრძლივებული „ბავშვურობა“, ცხოვრების სირთულეებისადმი მოუმზადებლობა, დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის უუნარობა, რის შედეგადაც ის ადვილად ექცევა უფრო გამოცდილი მეგობრების გავლენის ქვეშ და არ შესწევს უნარი თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებსა და გამოწვევებს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, რამაც საბოლოო ჯამში უკვე ზრდასრულ ასაკში მისი ლუმპენობაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

საბოლოოდ, ზემოთ აღნიშნული საკითხები ოჯახისა და ოჯახური აღზრდის შესახებ, რა თქმა უნდა, არასრულია და ეს საკითხი ამოუწურავია. მე შევეხე ყველაზე საინტერესო რამდენიმე საკითხს და ვეცადე წარმომედგინა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, შევეცადე წარმომედგინა ოჯახის უდიდესი მნიშვნელობა ბავშვის მომავალი სოციალური განვითარების კუთხით. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ოჯახი შესაძლოა იყოს საუკეთესო და სახიფათო გარემო ბავშვის სოციალიზაციის პროცესში, რაც ყველა მშობელმა უნდა გაიაზროს საკუთარ შვილთან ურთიერთობის პროცესში.

ავტორი: ლიკა ბაბლუანი

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებმა, დედამთილმა, მამამთილმა, ყველამ უნდა შეუწყოს ქალს ხელი, რომ აღზრდის პროცესმა არ განიცადოს დარტყმა“ - შალვა ამონაშვილი

„მშობლებმა, დედამთილმა, მამამთილმა, ყველამ უნდა შეუწყოს ქალს ხელი, რომ აღზრდის პროცესმა არ განიცადოს დარტყმა“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ქალის ორსულობისთვის სათანადოდ მომზადების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის აღზრდა მუცლადყოფნისას იწყება:

​რა არის აღზრდა? საუკეთესო ხატების ჩათესვა ბავშვში. ხატი ჩაითესება, რომ მერე აღმოცენდეს. კარგი ბგერებია, კარგი მუსიკაა, კარგი სიტყვებია, ყველაფერი ეს ბავშვში როგორც ხატი, ისე ისახება. ამ პერიოდიდან ბავშვის აღზრდა უკვე სოციალიზირებულ ხასიათს ღებულობს. ეს ყველაფერი მეცნიერულად დასაბუთებულია. თუ დედას არ უნდა შვილი, ებრძვის შვილს, ეს განცდები აქვს, მაგრამ შვილი მაინც დაიბადება, მოხდება ძალიან დიდი სირთულე აღზრდაში. გაუჭირდება დედას აღზრდა. ბავშვში აგრესია ისადგურებს. ბავშვი ცხრა წლის გახდება, ის აუცილებლად ამას გამოავლენს. რა შეიძლება გააკეთოს დედამ? ალბათ, ​ბოდიში მოუხადოს შვილს, გაიხსენოს ეს წარსული, იტიროს მასთან თანდასწრებით, ილოცოს. ამიტომ რაა საჭირო? დედამ შვილი უნდა მიიღოს თავიდანვე, როგორც ნატვრა, ესაუბროს შვილს, ეჩურჩულოს, გულში იფიქროს შვილზე, ზღაპრები უკითხოს ჩურჩულით და ხმამაღლა, კარგ მუსიკას უსმინოს, კარგ ადამიანებს შეხვდეს, ცუდთან ახლოს არ იდგეს დიდხანს, ქმარს არ ეჯიჯღინოს, არ ჰქონდეს გაუგებრობა არავისთან. ამ სირთულეებს უნდა გაუძლოს ფეხმძიმე ქალმა.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ოჯახის ყველა წევრმა ერთად უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ ქალს კომფორტი შეუქმნან:

„მშობლებმა, დედამთილმა, მამამთილმა, ყველამ უნდა შეუწყოს ქალს ხელი, რომ აღზრდის პროცესმა არ განიცადოს დარტყმა. მამა სახლში რომ მოვა, პირველ რიგში, მოეფეროს მუცელს, იქ მისი სისხლი და ხორცი ისახება. ​უთხარი, სად იყავი დღეს, რა ილაპარაკე, რა განცდებით დაბრუნდი. ელაპარაკე ცხოვრებაზე ბავშვს. ის ისრუტავს ამას. ალერსი მეუღლის პირველი ფუნქციაა. ხომ არსებობს ბავშვთა დაცვის დღე, ბავშვი უნდა დავიცვათ ჯერ კიდევ დედის მუცელში. კომფორტი უნდა შევუქმნათ ქალს, რაც კი შეგვიძლია. ქოხშიც შეიძლება შექმნა სასიამოვნო გარემო. თუ ასეთი ვითარებაა, ბავშვის განვითარება ნორმალურად ხდება. ბავშვი ითვისებს იმ ხატებს, რაც მომავალში უნდა გამოვიდეს, როგორც მისი კულტურა. ქალმა ცუდ რამეს არ უყუროს, ვაჟა ფშაველა იკითხოს, ილია იკითხოს, აკაკი იკითხოს. იკითხოს ყველაფერი კარგი, რაც გამოტოვა. არ უყუროს ცუდ სერიალებს, არ არის ეს საჭირო.“

​შალვა ამონაშვილმა მომავალ დედებს პრაქტიკული რჩევაც მისცა და მუცლადყოფნისას ბავშვთან საუბრის ერთ-ერთი მეთოდი გააცნო:

„ველაპარაკოთ ბავშვს. დიდი ქაღალდი აიღეთ. ძაბრივით გააკეთეთ. წვრილი თავი პირზე მიიდეთ, დიდი მუცელზე. ეჩურჩულეთ, ელაპარაკეთ ბავშვს. უთხარით: „მე შენ გელოდები, კარგ სახელს აგირჩევ, იცი როგორი მამა გვყავს ჩვენ აქ?!“ როდესაც ასე ლაპარაკობს, თვითონ დედაც მშვიდდება.“

ადრე ექიმები კატეგორიულ უარზე იყვნენ, რომ მამები მშობიარობას დასწრებოდნენ. მამის დასწრება არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია. დედა მშვიდდება, მამას ხელი უჭირავს ხელში. ​ყველაზე საიმედო ადამიანი გვერდით ჰყავს ქალს. ქალი ბეწვის ხიდზე გადის. უნდა ნახოს ქმარმა, რა გაიარა ქალმა, რომ მასში უფრო მეტი პატივისცემა, განცდა, მოწიწება დაიბადოს ქალის მიმართ,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად