Baby Bag

Momsedu.ge-ს ახალი პროექტი - „მასწავლებლის ხმა“

Momsedu.ge-ს ახალი პროექტი - „მასწავლებლის ხმა“

მედიაპორტალი ​​MomsEdu.ge ახალ პროექტს  - „მასწავლებლის ხმას“ იწყებს. 

„მასწავლებლის ხმა“ პედაგოგებს მოგცემთ შესაძლებლობას, ფართო აუდიტორიას მიაწოდოთ თქვენი ფიქრები, მოსაზრებები, იმსჯელოთ და წეროთ აქტუალურ თემებზე, გასცეთ და მიიღოთ რჩევები და გამოცდილება, ერთად გადაჭრათ პრობლემები, გამართოთ დისკუსია მნიშვნელოვან საკითხებზე.

პროექტი ემსახურება მასწავლებლის ინფორმირებას, გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობას და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. ჩვენი მიზანია, თქვენთან ერთად შევქმნათ უკეთესი საზოგადოება უკეთეს სკოლასთან და უკეთეს მასწავლებლებთან ერთად. 

ამ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ თქვენი პუბლიცისტური ნაშრომების, ბლოგებისა და სტატიების გამოქვეყნება. ბლოგი უნდა ეხებოდეს განათლების სფეროს, სკოლას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს.

თქვენი ტექსტი უნდა მოიცავდეს 500-700 სიტყვას. არ გამოგრჩეთ თქვენი სახელის, გვარის და იმ საგნის მითითება, რომელსაც ასწავლით.
​MomsEdu.ge-ს რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და წესები.

ჩვენ არ ვაქვეყნებთ მასალებს, რომლებიც შეიცავს 
დისკრიმინაციას, ცილისწამებას, დისკრედიტაციას, უხამსობას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, პორნოგრაფიას, მუქარას.
ტექსტი გამოგზავნეთ ვორდის დოკუმენტით.

მასალები მოგვაწოდეთ ელექტრონულ ფოსტაზე - mastsavlebliskhma@gmail.com (subject-ში ჩაწერეთ „მასწავლებლის ხმა“)

ტექსტები ქვეყნდება შინაარსის შეუცვლელად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 378 936

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხვალ და ზეგ კიდევ რომ გაიმეორონ სხვებმაც ეს სისულელე, ხომ მოგვეჭრება თავი, რომ გამყალბებლები ვართ“ - ნესტან კვინიკაძის გაეროში გამოსვლას ფილოლოგის კრიტიკა მოჰყვა

„ხვალ და ზეგ კიდევ რომ გაიმეორონ სხვებმაც ეს სისულელე, ხომ მოგვეჭრება თავი, რომ გამყალბებლები ვართ“ - ნესტან კვინიკაძის გაეროში გამოსვლას ფილოლოგის კრიტიკა მოჰყვა

„ჩემი მეგობრების გარკვეული ნაწილი ქართულის მასწავლებელია, თანაც კარგი მასწავლებელი. მათ იციან, ქართულის მასწავლებლების მრავალრიცხოვანი არმიის დიდი იმედი რომ არა მაქვს, თორემ ამაზე, რაზეც ახლა ვწერ, ფიქრით თავს როგორ ავიტკიებდი. თან ნენე კვინიკაძის გამოსვლის გამზიარებელთა რეკორდული რაოდენობაც მაფიქრებს. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი, ვინც აზიარებენ, არ მოუსმენიათ, რას აზიარებენ და მხოლოდ პირად სიმპატიას გამოხატავენ. თუმცა ესეც საგანგაშოა, რომ ისე აზიარებენ რაღაცას, რომ არ იციან, რა არის.

გამოსვლას ვეღარ ვუყურე, ტექსტის წაკითხვა დავიწყე და გული გამიჩერდა: გამომსვლელი საყვედურობდა ქართულის მასწავლებელს, რომელმაც დაუმალა, რომ შუშანიკი ფემინისტური რომანი იყო. ვიტირო? ვერ ვიტირებ, რადგან მიხარია, კარგი მასწავლებელი რომ ჰყოლია ამ ადამიანს და სწორად უსწავლებია, რომ ცურტაველის ნაწარმოები ჰაგიოგრაფიაა.

ნენე კვინიკაძის დანაშაული (მოდით, ასე დავარქვათ, თუმცა გასაგებია, რომ ცოტა ზედმეტი მომდის) ისაა, რომ მან გაიმეორა იმ ვიღაცის შეფასება, რომელიც უვიცი იყო და არც ტერმინოლოგიაში, ვერც ჟანრის კანონებში ვერ ერკვეოდა. მე მახსოვს, პირველად ვინც თქვა და უწოდა მეხუთე საუკუნეში დაწერილ ტექსტს ფემინისტური. ისიც მახსოვს, ფრანკფურტისთვის საგანგებოდ გამზადებულ ვიდეორგოლში ცურტაველს რომ ქართველ ფემინისტ მწერალს უწოდებდნენ. პროტოფემინისტი მაინც ეწოდებინათ.

ახლა წარმოგიდგენიათ, ქართულის მასწავლებლებმა, იმის შიშით, რომელიმე მოსწავლემ ტრიბუნიდან უვიცობა არ დამაბრალოსო, შუშანიკის "სწორად" სწავლება რომ დაიწყოს, რა სავალალო შედეგს მივიღებთ?

არადა, უამრავი გზამკვლევი (გაიდი) მაქვს დამუშავებული (სხვადასხვა ჩემთვის ნაცნობ ენაზე) და, სიტყვაზე მენდეთ (გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფოტოებს ცუდად ვიღებ, თორემ, გეფიცებით, დავდებდი), უმუქესი შავით (ბოლდით) წერენ გამოცდილი და დამსახურებული ლიტერატორები, როცა მისოგინისტ ევრიპიდეს მედეას და მარკ ტვენის ჰეკლბერი ფინს ასწავლით, საქმეს მიხედეთ და ტექსტი შეასწავლეთ მოსწავლეებს, პროტოფემინიზმს და რასიზმს თავი დაანებეთო.

მრცხვენია, ამ თემაზე წერილი როგორ დავწერო, კარგი ლიტერატორები ხომ დამცინებენ. არადა, ხმაც რომ ამოსაღებია?

ხვალ და ზეგ კიდევ და კიდევ რომ გაიმეორონ სხვებმაც ეს სისულელე (დიახ, სისულელე) და მერე ვიღაც სერიოზული მკვლევარი რომ დაინტერესდეს, ნეტა, რითი ტრაბახობენ ეს ქართველებიო, ხომ მოგვეჭრება თავი, რომ გამყალბებლები ვართ? სხვა მეზობელ ერებზე კარგად ვღლიცინებთ ხოლმე, გაყალბების ოსტატები არიანო და ჩვენ რომ დიდოსტატები ვართ, ეგ არაფერი?

სულ ესაა. სანამ გამაკრიტიკებდეთ (არ ვაპირებ უარგუმენტო მოსაზრებების მოსმენას და არაფრისმომცემ დისკუსიაში ჩაბმას), ფემინიზმის ისტორიას და ლიტერატურის კარგ სახელმძღვანელოებს ჩახედეთ (მედიაწიგნიერება გამოიჩინეთ ოღონდაც და სანდო ავტორები წაიკითხეთ), ჰაგიოგრაფიის პარადიგმა გაიხსენეთ, დაფიქრდით, რა აინტერესებს ჰაგიოგრაფს, მოწამე და წმინდანი თუ გენდერი და ასაკი და მერე მესროლეთ ქვა (ამ თემაზე, სანამ ჰაგიოგრაფიაში ფემინიზმის ამომკითხველნი მაღალი ტრიბუნებიდან გააქტიურდებოდნენ, ერთხელ უკვე დავწერე და მაშინ არ დაუკლიათ ლანძღვა კომენტარებში).

ოდეს ყოფილ არს და ეგეთები არ მინდა რა (არც ის მინდა, ბრჭყალები გამოგრჩა და ნაწარმოების სათაურებს არასწორად წერო) მერვე კლასში მეც დამაზეპირებინა ეგ და კიდევ სხვა ბევრი აბზაცი და წინადადება ჩემმა ქართულის მასწავლებელმა.“

ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ფილოლოგი ​ნესტან რატიან​ი ნესტან კვინიკაძის გაეროში გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც კვინიკაძემ იმის შესახებ ისაუბრა, რომ „შუშანიკის წამება“ ფემინისტური ნაწარმოებია.

წაიკითხეთ სრულად