Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ონლაინ ჩართვის დროს ბავშვი ზის ვითომ სკოლაში, ამავე დროს მეორე გაჯეტი უჭირავს და იქ თამაშით არის დაკავებული,“- პედიატრი თემურ მიქელაძე ონლაინ სწავლების ნაკლოვანებებზე

„ონლაინ ჩართვის დროს ბავშვი ზის ვითომ სკოლაში, ამავე დროს მეორე გაჯეტი უჭირავს და იქ თამაშით არის დაკავებული,“- პედიატრი თემურ მიქელაძე ონლაინ სწავლების ნაკლოვანებებზე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და მოზარდებზე მის მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი:

„ეკრანი საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი იქნება ზომიერად. თუ დააკვირდებით თამაშებს, განსაკუთრებით ხმაურიან თამაშებს, ბავშვები მოდიან მოტორული ტიკებით, აღგზნებულები, გამოუძინებლები. მესმის, მშობელიც ვეღარ აკონტროლებს. დედა-მამა გადის, ბებია-ბაბუაც მუშაობს. ჩვენ დროს მეტ-ნაკლებად ბებია-ბაბუები დაკავებულები იყვნენ შვილიშვილების აღზრდით. ეს კომუნიკაცია უკვე მოიშალა. მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბავშვს მისცენ მაღალი განათლება. ეს ძირითადად ამისთვის კეთდება. ყველა მშობელს უნდა, რომ თავისი შვილისთვის მაქსიმალური გააკეთოს.“

„მინახავს, ​ონლაინ ჩართვის დროს ბავშვი ზის ვითომ სკოლაში, ამავე დროს მეორე გაჯეტი უჭირავს და იქ თამაშით არის დაკავებული. ძალიან დიდ პროცენტში ეს არის კატასტროფა. ვერც მასწავლებელი ვერ გააკონტროლებს. ჩვენი თაობის მასწავლებლები ყველა ბავშვს ერთნაირად გამოიკითხავდნენ ხოლმე კლასში. რომ დაიწყებდნენ, ორ დღეში მაინც ყველა ბავშვს გამოიკითხავდნენ. კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება 2-3 ბავშვთან ხდებოდეს კომუნიკაცია. ზოგს საერთოდ არ აინტერესებს. მასწავლებელი ცდილობს, რომ მარტივად ამოწუროს ის 45 წუთი. არიან მასწავლებლები, რომლებიც ყველა ბავშვს ერთნაირად აქტიურად რთავენ და ეს მისასალმებელია. ონლაინ დამოკიდებულების გამო ძირითადი დატვირთვა გადავიდა სკოლებზე. თუ მასწავლებელი კეთილსინდისიერად მიუდგება, ეს მისასალმებელია. შეიძლება გარკვეული პროცენტი გამოვიდეს სუპერ განათლებული, მაგრამ ამ თაობას ჩვენ დავკარგავთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ყველა ერთად არ ჩავერიეთ,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად