Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი ამინდია მოსალოდნელი? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

13 მაისს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან კვლავ მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3-4 გრადუსით დაიკლებს. 14 მაისიდან შედარებით გამოიდარებს და დათბება.

ქ. თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი მოსალოდნელია 13 მაისს, დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

წაიკითხეთ სრულად