Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

covid-19-ზე სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგების შერჩევითი ტესტირება მომავალი კვირიდან დაიწყება

covid-19-ზე სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგების შერჩევითი ტესტირება მომავალი კვირიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის, მათ შორის პედაგოგების ე.წ. რანდომული, შერჩევითი ტესტირება, ქვეყნის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება, - ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ​ავრცელებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, განათლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლევის მეთოდოლოგიაზე უკვე შეჯერებულია.

ამასთან, მისივე თქმით, კვლევა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა 16%-ს, ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება.

„შევთანხმდით მეთოდოლოგიაზე, როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლების ე.წ. რანდომული ტესტირება. შევთანხმდით რა პროცენტზე უნდა ავიღოთ მონაცემები, ვალიდური რომ იყოს კვლევა. ვფიქრობთ, რომ იმ კვირიდან დავიწყებთ, ორშაბათიდან ან სამშაბათიდან. ტესტირება ყველა სკოლაში ჩატარდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ორ კვირაში ერთხელ დაახლოებით 16 % -ს გამოვიკვლევთ, ასე შევთანხმდით. თბილისსა და რეგიონებში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებს მოვიცავთ. სკოლები მიემაგრებიან ლაბორატორიებს. მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით 26 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, ტესტირების შედეგად მიღებული მონაცემები ხომ არ იმოქმედებს სწავლების პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, გამყრელიძის თქმით, ტესტირება ტარდება იმისთვის, რომ ცნობილი იყოს მონაცემები, რა მასშტაბითაა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ვირუსის ცირკულაცია.

წაიკითხეთ სრულად