Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება

საქართველოში სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, რომელმაც უკვე 53 მილიონს გადააჭარბა და მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

​საუბარი შეეხო იმ წერტილოვანი შეზღუდვების აღსრულების პროცესს, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ კუთხით, დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება.

​საბჭოს წევრებმა განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.

​ჯანდაცვის მინისტრმა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა როგორც ბინაზე მკურნალობის, ასევე კოვიდ-სასტუმროებსა და ჰოსპიტალებში დღეის მდგომარეობით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კი, ტესტირების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

​საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

​ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2447 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4957 პირი.
წაიკითხეთ სრულად