Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

24 დეკემბრიდან სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ

24 დეკემბრიდან სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები - აღნიშნულის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

„ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით. ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას.

ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება“,- დასძინა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ბაზრობების საქმიანობას, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ბაზრობებზე ვერ იქნება დაცული ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვისთვის და სწორედ ამიტომ ბაზრობების მუშაობა ვერ განახლდება:

„მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ, რომ სამწუხროდ, იქ ვერ იქნება დაცული ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვისთვის. ამიტომ ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული. მათ შორის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე. მათ კვლავ ექნებათ დისტანციურად ვაჭრობის საშუალება. 

აგრარული ბაზრები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას ისე, როგორც ფუნქციონირებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების ყველა წესს,'' - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

წაიკითხეთ სრულად