მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა, ჩანიშნულია დამატებითი სესიები საგნების მიხედვით. აპლიკანტები გამოცდის შემდგომ ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ და თავიანთ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოხატავენ.
აზრთა გაზიარება უმეტეს შემთხვევაში სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა სხვადასხვა ჯგუფში. მოვიფიქრეთ, რომ ამ შეფასებებისა და ემოციებისთვის ერთად მოგვეყარა თავი და მასწავლებელთა ჯგუფში ჩავატარეთ გამოკითხვა, რამდენად რთული იყო ტესტი და როგორ გაართვეს თავი სამუშაოს?
გამოკითხვაში აქტიურად ჩაერთნენ და მთავარ პრობლემად შემცირებული დრო, კითხვების დახურულის ღიით შეცვლა, არაპროგრამული მასალის დავალებებში შეტანა დაასახელეს ხელოვნების მასწავლებელთა ჯგუფში.
მაიკო კვიჟინაძე წერს, რომ 1-6 ქართული და მე-7-მე-12 ქართული ჩაბარებული აქვს. წელს კომბინირებულის ქართული ძალიან მერთულაო. მზია ზურაბული იმ აპლიკანტთაგან ერთ-ერთია, რომელიც ამბობს, რომ 1-6 მათემატიკა რთული არ იყო, მაგრამ დრო არ მეყო დავალებების შესასრულებლადო. დროის სიმცირეს უჩივიან ასევე კომბინირებულის გამოცდაზე გასული მასწავლებლები. ცისმარი ბუწურაძე ამბობს, რომ დახურული კითხვები ცოტა იყო და ღია კითხვები მეტ დროს მოითხოვდა, ხოლო წელს დრო გასულ წელთან შედარებით, ერთი საათით შეამცირეს.
გამოკითხვის დროს გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის გამოცდაზე გასული მასწავლებლები ტესტის სიმარტივეს აღიარებდენ. უცხო ენის პედაგოგებსაც ემარტივათ დავალებები. ეს გამოიკვეთა გამოკითხვაში მონაწილეთა შორის.
მუსიკა, სამოქალაქო განათლება და დაწყებითი კომბინირებული იყო ყველაზე რთული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
სწორედ გამოკითხვის დროს წამოჭრილი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ ვესაუბრეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს, რომელმაც კითხვებზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა და მას უცვლელად გთავაზობთ.
რის ხარჯზე შემცირდა დაწყებითი კლასების ტესტებისთვის დავალებების შესასრულებლად განკუთვნილი დრო?
შემცირდა დრო და შემცირდა დავალებების რაოდენობაც, თუმცა ტესტი არ გამარტივებულა - სირთულე დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც წინა წლებში. მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ტესტებში მიღებული შედეგების ყოველწლიურმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დავალებების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შესაძლებელია მასწავლებელთა კომპეტენციის ობიექტურად გაზომვა. დროის შემცირება მოხდა თავად მასწავლებელთა თხოვნის გათვალისწინებითაც (მათი აზრით, ძალიან ხანგრძლივი იყო გამოცდა).
პედაგოგები ჩივიან, თითქოს, ტესტებში შეხვდათ ისეთი საკითხები, რომლებიც პროგრამაში არ იყო მოცემული. მაგ., ხელოვნებაში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
ხელოვნების ტესტში მოცემული არც ერთი საკითხი არ სცილდება პროგრამის ჩარჩოებს. ბუნებრივია, პროგრამაში ვერ იქნება მითითებული კონკრეტული ეპოქის ყველა მხატვარი და მათი ნამუშევრები, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ კონკრეტული ეპოქის ცოდნა ისე, რომ შეძლონ ესა თუ ის ავტორი მიაკუთვნონ მას. ყოველი დავალებისთვის შერჩეულია კონკრეტული ეპოქის ტიპური ნიმუში, რომელშიც ყველა თავისებურება ნათლად იკითხება. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების მასწავლებელი ზედმიწევნით ცნობდეს ეპოქას და ამ ეპოქაში მოღვაწე ხელოვანების შემოქმედებას.
თუ აპლიკანტი მიხვდა, რომ ტესტში წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალა, მაგალითად, რენესანსის ეპოქას განეკუთვნება, მან ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით უნდა იმსჯელოს და გააანალიზოს ფერწერული სურათის მხატვრული თავისებურებები - დაასახელოს დარგი, ჟანრი, მასალა, ტექნიკა და ა. შ.
შედეგები დაახლოებით როდის გახდება ცნობილი?
ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია და შედეგები ეტაპობრივად მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე. მოამზადა მელანო ებრალიძემ
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 100 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის - ესტონური გამოცდილების გაზიარებით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების გადამზადებას.
უწყების ცნობით, პროექტის პრეზენტაცია 186-ე საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ესტონეთის ელჩმა საქართველოში რინა კალიურანდმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტში ჩართული სკოლების ადმინისტრაციასა და პედაგოგებს სამომავლო გეგმები გააცნეს, მათთან დისკუსია გამართეს და ახლადაშენებული სკოლა დაათვალიერეს.
ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა ესტონეთის ელჩსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით ახალი პროექტის განხორციელებაზე.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განათლების სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი უნარებისა და ცოდნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით საქართველოში, განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ბავშვთა განათლების უფლების დაცვაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი წვდომა განათლების სფეროს სიახლეებზე და ხარისხიან, უწყვეტ განათლებაზე. სწორედ ამას ემსახურება ეს ერთობლივი პროექტიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მათი მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო და ხელი შევუწყოთ შეიძინონ ცოდნა და უნარები თვითრეალიზაციისთვის ტექნოლოგიურად სწრაფადცვალებად განვითარებულ სამყაროში.“
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო სისტემატურად მუშაობს სკოლებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ახალი სასწავლო წლისთვის აშენდა, რეაბილიტირდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა არაერთი საჯარო სკოლა, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის წამომადგენლები, მათ შორის, სამინისტროსა და სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან ესტონურ მოდელს, კერძოდ, დისტანციური სწავლების დანერგვის პრაქტიკასა და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს, დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, ხოლო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წამომადგენლები მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისა და სკოლის მენეჯმენტის მიმართულებით გადამზადდებიან. პროექტი, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის რევიზიასაც გულისხმობს.
„დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ესტონეთის მთავრობის მიერ სრულად ფინანსდება, 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ფარგლებში გადაიხედა I-IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა. 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პარტნიორობის ფარგლებში ასევე, მოეწყო სასწავლო ტური ესტონეთში, სადაც საქართველოს შერჩეული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ადგილზე გაეცნენ ესტონეთის განათლების სისტემის პოლიტიკასა და მიდგომებს სასწავლო გეგმასთან, მონიტორინგსა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული იყვნენ ესტონეთის უნივერსიტეტების სასწავლო გეგმის ექსპერტები და მეცნიერები“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.