Baby Bag

2021 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის მინიმალური გამსვლელი ქულები

2021 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის მინიმალური გამსვლელი ქულები

გთავაზობთ 2021 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის მინიმალურ გამსვლელ ​ქულებს:

  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (VII-XII კლასები) 25 ქულა და მეტი;
  • გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • ბიოლოგიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ქიმიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ფიზიკაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ისტორიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • სამოქალაქო განათლებაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • უცხოურ ენაში (I-XII კლასები) 55 ქულა და მეტი;
  • ქართულში, როგორც მეორე ენაში (I-XII) 52 ქულა და მეტი;
  • სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (I-IX) 37 ქულა და მეტი;
  • მუსიკაში (I-IX კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • სპორტში (I-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასების) 40 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 43 ქულა და მეტი.

​ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), უცხოური ენების (I-XII კლასები), ქართულის, როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:

​ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი; ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური I-VI), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური I-VI) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური I-VI) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი;

​უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;

​ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII), იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელი 11 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;

​ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - თეორიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილი. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია
,,სკოლის დირექტორი!

(მოქმედება ხდება 90-იანი წლების ქუთაისში)

მე-9 კლასში ვიყავით. კვირა დღეს ბიჭებმა კლასელთან დავლიეთ. იქედან წამოსული, გავიარეთ პირველ სკოლასთან და დირექტორის კაბინეტის ფანჯრები ჩავამსხვრიეთ უდიდესი ქვებით. ერთი ქვა კაბინეტში შევარდა და დირექტორის მაგიდაზე დადებული მინაც ჩაამსხვრია. სკოლის დირექტორი ალეკო ბელთაძე იყო. შური ვიძიეთ უმკაცრეს დირექტორზე, რომელსაც სასწაული დისციპლინა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ავდექით და „გავამწარეთ“!

იმ ღამეს მშვიდად მეძინა. რაღაცნაირად პროტესტი სისრულეში მოვიყვანეთ და მეორე დღეს სასიამოვნო მოლოდინში ვიყავით, როცა სკოლის დირექტორი გაცოფებული იქნებოდა. თან დანაშაულის ყველა კვალი წაშლილი გვქონდა. კამერები მაშინ არ არსებობდა და ჩაბნელებული ქალაქიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა.

მეორე დღეს ალეკო ბელთაძე დილის 9 საათზე ჩვენს კლასში შემოვიდა და ზუსტად ის სამი ბიჭი გამოგვიძახა, რომლებმაც წინა ღამით მინები ჩავამსხვრიეთ. ვერ წარმოიდგენთ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა გულს, როცა პირველი სკოლის უზარმაზარ დერეფნებში მივაბიჯებდით და სამასწავლებლოს გავლით დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდით. მინები უკვე ჩასმული იყო.

დირექტორი - აბა როგორ ხართ?

- კარგად ბატონო ალეკო (ყველანი ვითომ გაოცებული ვართ)

- ბიჭებო, ცოტა დიდები რომ იყოთ, სიამოვნებით დავლევდი თქვენთან ერთად

- რაშია საქმე ბატონო ალეკო? (კიდევ ვიოცებ და მხრებს ვიჩეჩ)

- არაფერი... ძმაკაცობა მინდა თქვენთან. იცით როგორი თამადა ვარ?

- ვიცით, ბატონო ალეკო, ისიც ვიცით გალაკტიონის 300 ლექსი იცით ზეპირად

- ჰოდა ყოველ დღე, დილაობით შემოხვალთ ჩემთან და ლექსებს წაგიკითხავთ...

და ასე დავდიოდით მის კაბინეტში ერთი კვირა...ყოველ დღე. და თან გალაკტიონს გვიკითხავდა ყოველ დღე ზეპირად. ბოლოს გვეტყოდა - „ბიჭებო რაიმე ხო არ გაქვთ ჩემთან სათქმელიო?“, ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. არა არაფერი-თქო....

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვუტყდით და ბოდიში მოვუხადეთ....

მერე მასთან დავძმაკაცდით და დირექტორზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, სასწაულს მოვწევდით.
დღესაც ასე ვარ. ჩემს დირექტორზე ცუდს ვერავის ვათქმევინებ!

პ.ს. ისე სამივე ბიჭი ვინც ინციდენტში ვმონაწილეობდით, ყველანი წარმატებული გამოვედით. არ დავიღუპეთ 90-იანელებში, გადავრჩით კარგი დირექტორის წყალობით.''

ავტორი: დათო ლიკლიკაძე

წაიკითხეთ სრულად