Baby Bag

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან.

სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს არეგისტრირებს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. სკოლები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით.

შეიძლება დაინტერესდეთ

უცხოური ენის გამოცდა რა დონეზე მოეთხოვება მასწავლებელს?

უცხოური ენის გამოცდა რა დონეზე მოეთხოვება მასწავლებელს?
უცხოური ენის გამოცდა რა დონეზე მოეთხოვება მასწავლებელს? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.

ცენტრის წარმომადგენლების თქმით, გამოცდაზე მოწმდება ინგლისური ენის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა, კერძოდ, მისი ენობრივი კომპეტენცია ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული B2 (საშუალოზე მაღალი) ენობრივი კომპეტენციის ფარგლებში. მასწავლებელს უნდა შეეძლოს:
  • წაიკითხოს შესაბამისი სირთულის ინფორმაციული, შემეცნებითი ან პროფესიული შინაარსის ტექსტი და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე ფაქტობრივი ინფორმაცია. გამოიყენოს დავალების შესაბამისი კითხვის სტრატეგიები.
  • მოისმინოს შესაბამისი სირთულის ტექსტი (გაბმული ტექსტი ან ინტერვიუ). გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე ფაქტობრივი ინფორმაცია. გამოიყენოს დავალების შესაბამისი მოსმენის სტრატეგიები.
  • დაწეროს სამოტივაციო წერილი და თხზულება. მკაფიოდ, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად გადმოსცეს საკუთარი აზრი მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. ზუსტად და თანმიმდევრულად დაიცვას დავალების მოთხოვნები. წერისას გამოხატოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია, მოიყვანოს არგუმენტები. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.
  • ილაპარაკოს ბუნებრივად, დაუბრკოლებლად და არგუმენტირებულად მოცემული თემატიკის გარშემო. საუბრისას გამოხატოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.


წაიკითხეთ სრულად