Baby Bag

„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებსა და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ“

„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებსა და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და მასწავლებლების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის პროცესში პედაგოგების ჩართულობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის.

მიხელ ჩხენკელი: „მასწავლებლების ღვაწლი განსაკუთრებით აღსანიშნავია პანდემიის დროს, განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნების პროცესში.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ.

მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყო პედაგოგებისთვის ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა და მათი გადამზადება დისტანციური სწავლებისათვის. ასევე ზოგადი და პროფესიული მასწავლებლებისთვის ჩატარდა 130 ვებინარი, რომელშიც 20 ათასზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ტრენინგი „დისტანციური სწავლება Microsoft-ის სერვისების გამოყენებით“ 16 000-მდე მასწავლებელმა გაიარა.

2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა. ამასთან, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა.“

აღსანიშნავია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის, გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკაა, ზოგადი განათლების სისტემა გახდეს დეცენტრალიზებული, სკოლებს ჰქონდეთ მეტი ავტონომია. იცვლება სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, რაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს მოჰყვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლება მიიღონ. ასევე, 2021 წელს დაგეგმილია საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია და ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსის დანერგვა დიასპორის წარმომადგენლებისათვის.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების განვითარებაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე. მათ შორის, „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებასა და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენის პროცესის მიმდინარეობაზე. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ასეთი ბავშვებისთვის შეიქმნა განსხვავებული კურიკულუმი, რომლის პილოტირება 2021 წელს დაიწყება.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სკოლებში თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმის – “Minecraft Education Edition”-ის დანერგვაზე, რომლის საპილოტე პროექტში საქართველოს მასშტაბით 100-მდე მასწავლებელი და V-X კლასების 1500-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

მიხეილ ჩხენკელმა სკოლის სახელმძღვანელოების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უკვე დასრულდა გრიფირების პროცესი VIII კლასის სახელმძღვანელოებისთვის, IX კლასის სახელმძღვანელოების გრიფირება კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მუშავდება „ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკის“ დოკუმენტი და 2021 წელს იგეგმება თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ელექტრონული რესურსების შემუშავება/დანერგვა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სკოლის ეფექტიანი მართვის განვითარების მიზნით, სამინისტრომ დირექტორის ახალი სტანდარტი შეიმუშავა და ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო რეგულაციებით სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომების დანერგვაზე.

რაც შეეხება სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, წელს მანდატურის სამსახური დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდა. ძალადობისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს როგორც დისტანციურ, ასევე, არადისტანციურ რეჟიმში. ამასთან, სკოლის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების 24-საათიანი ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, ხოლო 2021 წლიდან მანდატურის სამსახური დაიწყებს სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვასა და სოციალური მუშაკების დამატების პროცესსაც.

შეიძლება დაინტერესდეთ

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილებათა თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი − გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

აღნიშნული მსგავსად გავრცელდება 2025-2026 სასწავლო წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად