Baby Bag

​„ჩემი გამარჯვება ჩემი მოსწავლეების გამარჯვებაა“ - წარმატებული პედაგოგები მინისტრის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

​„ჩემი გამარჯვება ჩემი მოსწავლეების გამარჯვებაა“ - წარმატებული პედაგოგები მინისტრის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

რამდენიმე კვირის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, ​მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 13 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა. მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 პედაგოგს მენტორის, ხოლო 2 პედაგოგს - წამყვანის სტატუსი მიენიჭა.

​MomsEdu.ge  რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარმატებულ პედაგოგებს გაესაუბრა.

ირმა ვაშაკიძე უკვე ოცი წელია, რაც სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლის. ფრანგული ენის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება და ბავშვობიდანვე ყველაზე ხშირად საკუთარ თავს მთარგმნელად ან პედაგოგად მოიაზრებდა. სკოლაში სწავლის დროს ძალიან უყვარდა ფრანგული ნაწარმოებების კითხვა და ამან უფრო მეტად გააღვივა მასში ამ ენისადმი ინტერესი და სიყვარული.

„ვფიქრობ, რომ პროფესიის დიდმა სიყვარულმა, ერთგულებამ და შრომამ განაპირობა ჩემი წარმატებები. მთავარ მიღწევად მივიჩნევ, ფრანგული ენის გაძლიერებას სკოლაში, რისთვისაც, დიდი გზა გამოვიარე, ბევრი ვიბრძოლე, თავდაუზოგავად ვიშრომე. სკოლაში ფრანგული ენის ატმოსფეროს შექმნაში დამეხმარა პროფესიული სტაჟირება საფრანგეთში, ფრანგ პედაგოგთან თანამშრომლობა, ფრანგულ კოლეჯებთან სკოლის დამეგობრება, პროექტების განხორციელება, კონკურსებში მიღწეული წარმატებები. მინისტრის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. სასიხარულო და ამასთანავე ძალიან საპასუხისმგებლოა, ვიყო 2019 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებული და მენტორი მასწავლებელი. უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავ საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ, გაწეული შრომის აღიარებისა და დაფასებისათვის“ - აღნიშნა პედაგოგმა.

მისი ხელმძღვანელობით სკოლაში უკვე სამი წელია რაც ფრანგული კლუბი ფუნქციონირებს, რომელიც მაგალითი გახდა არა მხოლოდ სკოლის, არამედ რაიონის პედაგოგებისთვის, შეექმნათ მსგავსი ენის შემსწავლელი კლუბები და უფრო ეფექტურად ემუშავათ მოსწავლეებთან.

„ჩემთვის იდეალური სკოლა, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეთა შედეგებზე ორიენტირებაა. იდეალურია სკოლა, სადაც ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა, მოსწავლეთა ინდივიდუალიზმია გათვალისწინებული. იდეალურია - ენთუზიასტი მასწავლებელი, რომლისთვისაც უმთავრესია კეთილგანწყობითი დამოკიდებულება და სიყვარული მოსწავლეებისადმი, რომელიც ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა პიროვნულ, ასევე შემოქმედებითი ზრდისათვის. იდეალურია - შრომისმოყვარე მასწავლებელი, რომელსაც ძალიან უყვარს საგანი, რომელსაც ასწავლის, რომელიც მუდამ ეძიებს და იყენებს მოსწავლის შესაძლებლობების შესაბამის ინოვაციურ მიდგომებს“.

ჩვენთან საუბარი წარმატებულმა პედაგოგმა რჩევებით დაასრულა: „პედაგოგებს მინდა ვურჩიო - უპირველეს ყოვლისა უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებისა და იმ საგანის სიყვარული და ერთგულება, რომელსაც ასწავლიან. ასევე, მუდმივად სწრაფვა სიახლეებისადმი და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე. ჰქონდეთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა და იამაყონ მასწავლებლის პროფესიით“.

„ჩემი პირველი მასწავლებლის დამსახურებაა, რომ პედაგოგობა გადავწყვიტე“ - ასე იწყებს საუბარს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებელი იამზე ფანცულაია. „პირველი კლასიდან მინდოდა პედაგოგობა. ძალიან მომწონდა ეს პროფესია და მსურდა მეც მასწავლებელი ვყოფილიყავი“.

პედაგოგი ამჟამინდელ სკოლაში 2002 წლიდან მუშაობს ბიოლოგიის მასწავლებლად. გამოცდების ჩაბარების შემდეგ მის საგნებს პირველი-მეექვსე კლასის ბუნება და მე და საზოგადოებაც დაემატა და უკვე წლებია პედაგოგის ყოველი დღე ბავშვებთან ურთიერთობით იწყება.

მისი არჩევანი, ყოფილიყო პედაგოგი, გამართლდა, რადგან მინისტრის გადაწყვეტილებამდე და წამყვანის სტატუსის მინიჭებამდე, იამზე ფანცულაია 2019 წელს ბუნებისმეტყველების საგნის საუკეთესო პედაგოგადაც დასახელდა.

„ჩემი წარმატებები ჩემი მოსწავლეების დამსახურებაა, ჩემი გამარჯვებები - მათი გამარჯვებაა. ჩემს პროფესიულ განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი იმან, რომ თავის დროზე გამოცდები მაღალ დონეზე ჩავაბარე და მომეცა თავდაჯერება, მეზრუნა უფრო მეტი თვითგანვითარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგანი, რომელსაც ასწავლი, ძალიან კარგად იცოდე. ამის გარდა, უმნიშვნელოვანესია, რომ მოსწავლეებთან და მშობლებთან დაამყარო საუკეთესო ურთიერთობა. უნდა იყო გამგები, მომთმენი, მიზანდასახული. იცით, რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება პედაგოგისთვის? - როცა მშობლებს სურს, რომ მათ შვილებს შენ ასწავლიდე, უნდათ, რომ მათი შვილების კლასში შენ შედიოდე. ეს უდიდესი მიღწევაა“.

როგორც პედაგოგი გვიყვება, მინისტრის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო: „ამას არ ველოდი არანაირად და არც მქონია პრეტენზია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც გვაძლევს წინსვლის საშუალებას. იმუშავებ - შედეგი გექნება, ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. მოსწავლეებს უყვარხარ და გაფასებენ. რა არის იმაზე უკეთესი, როცა ყოფილი მოსწავლეები მირეკავენ და მკითხულობენ, მათ თითოეულ სიტყვას ჩემთვის დიდი ძალა აქვს და ყოველთვის ძალიან მიხარია მათი დანახვა და მოსმენა. ამიტომაც ვამბობ, რომ სულ, სულ თავიდან, რომ ვირჩევდე პროფესიას, მე იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი, მე კვლავ მასწავლებელი ვიქნებოდი“.

ნადია (ნანა) დაბრუნდაშვილი უკვე 29 წელია, რაც ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პედაგოგის მიზანი პროგრამისტად მუშაობა იყო, თუმცა იმის გამო, რომ იმდროინდელი ელექტრონული გამომთვლელი მანქანები მხოლოდ დედაქალაქში იყო, მას რაიონში დაბრუნება მოუწია. „მუშაობა დავიწყე ჩემი რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში, სადაც ვასწავლიდი მათემატიკას და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ეს ის დრო იყო, როცა პერსონალური კომპიუტერები იქმნებოდა, მოსწავლეებს თვალით არ ჰქონდათ ნანახი და დაფაზე გვიწევდა მისი შემადგენელი ნაწილების დახაზვა-დახატვა. აქედან გამომდინარე, ჩემი ცხოვრებისა და მუშაობის განუყოფელი ნაწილი მათემატიკის გარდა, კომპიუტერული ტექნოლოგიებიცაა“.

სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო პედაგოგისა და მოსწავლეების ის ურთიერთობა, რომელსაც იოლად ვერავინ თმობს, რადგან ბავშვებთან მუშაობას სირთულეებთან ერთად სულ სხვა ხიბლი და მიმზიდველობა აქვს.

ნადია დაბრუნდაშვილისთვის მინისტრის გადაწყვეტილება არც თუ ისე მოულოდნელი ყოფილა, რადგან პედაგოგი უკვე წლებია თავის სფეროში წარმატებით ასპარეზობს: „ვერ მოგატყუებთ, ეს გადაწყვეტილება მართლა ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი პროფესიული მიღწევების თუ განვითარების, ასევე, მოსწავლეებთან განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას კომისიის წევრები გულდასმით გაეცნობოდნენ და შეისწავლიდნენ. მიხარია რომ ჩათვალეს, რომ მენტორის სტატუსს ღირსეულად ვიმსახურებდი“. მისი პროფესიული წარმატებების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, რომელსაც ლაიტმოტივად პედაგოგის შრომისმოყვარეობა და საკუთარი საქმისადმი სიყვარული გასდევს (მასწავლებლის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://nadiadabrundashvili.blogspot.com).

პედაგოგისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა პანდემიის პერიოდი: „ეს პერიოდი დიდი გამოწვევა იყო ყველა მასწავლებლისთვის და მივიჩნევ, რომ ამ რთულ პერიოდში შევძელი უამრავი მასწავლებლის გაერთიანება და ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად საჭირო კომპიუტერული ტექნოლოგიების ინსტრუმენტების გაცნობის, შესწავლის და გამოყენების შესწავლაში მათთვის დახმარების გაწევა და ეს პროცესი ახლაც აქტიურად გრძელდება“.

პანდემიის პერიოდში პედაგოგი სხვა მოხალისე პედაგოგებთან ერთად მასწავლებლებს ონლაინ გაკვეთილების ჩატარებისა და დისტანციური სწავლებისას წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში ეხმარებოდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა შეექმნა facebook ჯგუფი: „ონლაინ სწავლება და ტექნოლოგიები“, რომელიც უკვე მერამდენე თვეა პედაგოგებს, მშობლებსა თუ მოსწავლეებს ტექნოლოგიური პრობლემების გადაჭრაში ეხმარება.

როგორც აღნიშნავს, მისთვის იდეალური სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი კმაყოფილია. „სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც მოსწავლეს უხარია სიარული, რადგან მასზე ზრუნავენ და სიღრმისეულად ეცნობა მისთვის საინტერესო საკითხებს და ჩართულია სხვადასხვა წრეში, მშობელი ხედავს, რომ მისი შვილი უსაფრთხო გარემოშია, დაცულია და იღებს იმ ცოდნას, რომელსაც მომავალში რეალურად გამოიყენებს და მას არ დასჭირდება სკოლის გარეთ დამატებითი მასწავლებლების ძებნა, ხოლო მასწავლებელს ახარებს ის, რომ მის კლასში არიან მისი საგნით დაინტერესებული მოსწავლეები და მას შეუძლია მოსწავლეები უზრუნველყოს ყველა იმ რესურსით, რომელიც დასჭირდება ამა თუ იმ სასწავლო აქტივობის განსახორციელებლად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია ჩემი მოსწავლეების წარმატებები. ბედნიერი ვარ, როცა ყოფილი მოსწავლეები მწერენ ან მეუბნებიან ხოლმე, რომ მათი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მქონდა მათზე პოზიტიური გავლენა, მათთვის ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას და მათ წარმატებებშიც რაღაც წვლილი მიმიძღვის“.

წარმატებული პედაგოგი ახალგაზრდა პედაგოგებსაც უხვად უზიარებს რჩევებს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით: „მასწავლებლობა ნამდვილად არ არის იოლი, თქვენ მოგიწევთ ძალიან ბევრ სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობის ბავშვთან ურთიერთობა, ყველას თავისი დარდი, სიხარული, ტკივილი თუ საფიქრალი დააქვს გულით და თქვენ გეძლევათ შანსი თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალოთ, ასწავლოთ, დაამშვიდოთ, მხარი დაუჭიროთ, გზა უჩვენოთ, შეგიძლიათ სიხარულის გრძნობაც კი დაუბრუნოთ. შესაძლოა, ზოგჯერ მოსწავლის ქცევამ გული გატკინოთ, მაგრამ არასდროს იფიქროთ შურისძიებაზე, ნუ დაკარგავთ მათ ნდობას და საკუთარი ქცევით აჩვენეთ, არა მხოლოდ საგნის მცოდნე და პროფესიონალის, არამედ ადამიანობის მაგალითებიც, ამას ისინი აუცილებლად დააფასებენ. მოგიწევთ ალბათ თქვენს მიმართ გულსატკენი განცხადებების მოსმენაც, ზოგჯერ სამართლიანი საყვედურები და ზოგჯერ უსამართლო ცილისწამებებიც, მაგრამ ამან არ უნდა გაგაბოროტოთ, მთავარია, საკუთარ თავთან იყოთ მართალი და თქვენი საქმის სიყვარულით, ერთგულებით და გულწრფელობით აჩვენოთ სხვებს, სინამდვილეში რას იმსახურებთ. ბოლოს, მინდა ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა, მოსწავლეებს და მასწავლებლებს კი უახლოეს მომავალში სკოლაში უსაფრთხო დაბრუნება და საყვარელი საქმიანობის მონატრებულ საკლასო სივრცეში გაგრძელება“.

მასწავლებლობა რთული საქმეა, რომელიც დიდ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ძალიან სასიხარულოა, რომ ამ პროფესიაში მოიძებნებიან ისეთი უშიშარი ადამიანები, რომლებიც ამ გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდებიან და რაც მთავარია, მათ გაწეული შრომა უფასდებათ, რომელიც თავის მხრივ, საკმაოდ დიდი მოტივაცია და სტიმულია დანარჩენი პედაგოგებისთვისაც, რომლებიც ამ პროფესიას დაუღალავად ემსახურებიან. 

ავტორი: მარიამ მაშა გვარამია 

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო ​წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

დეტალები მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შესახებ

დეტალები მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შესახებ

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მასწავლებლის სახლი აქვეყნებს. 

1. მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის“ მიზნები:

მასწავლებლის მაძიებლობის მიზანია მასწავლებლობის მაძიებლის პროფესიული ცოდნის გაღრმავება, მასწავლებლის უნარ-ჩვევების შეძენა ან/და  განვითარება და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული საგნობრივი ვაკანსიების შევსება კომპეტენტური და კვალიფიციური კადრებით.

2. პროგრამის ბენეფიციარები:

ა) მასწავლებლობის მაძიებელი, პირი რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ბ) პირი, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არ იყო ჩართული.

3. მაძიებლობის პროგრამის შემადგენლობა

მაძიებლობის პროგრამა შედგება 2 კურსისგან აკადემიური კურსი და პედაგოგიური პრაქტიკის კურსი (ორივე კურსის გავლა სავალდებულოა) და მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მაძიებელმა 2 წლის განმავლობაში უნდა დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია.

4. „მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის“ გავლის საფეხურები

მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის გავლის საფეხურებია:
ა) რეგისტრაცია;
ბ) აკადემიური კურსი (ონლაინ);
გ) პედაგოგიური პრაქტიკის კურსი;
დ) აღიარება (დადასტურება).

5. მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის ხანგრძლივობა

1. მასწავლებლობის მაძიებელს შესაძლებლობა აქვს გაიაროს გრძელვადიანი ან მოკლევადიანი (ინტენსიური) კურსი.
2. მასწავლებლობის მაძიებელი კურსზე რეგისტრაციისას ირჩევს კურსის ხანგრძლივობას მოკლევადიან ან გრძელვადიან კურსს და ამის შესაბამისად პროგრამაში საკუთარი მუშაობის გრაფიკს;

ა) გრძელვადიანი კურსი გულისხმობს ორ წელს და 20 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი შემდეგი

5 მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ოთხი ფოკუსირებული დაკვირვება): 

1.სასწავლო გარემო;
2.სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა; 
3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 
4. მეტაკოგნაცია და მაღალი სააზროვნო უნარები; 
5.უკუკავშირი. 

20 გაკვეთილის ჩატარების ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს, ვინც კურსის ხანგრძლივობად აირჩევს ერთ წელზე მეტ ვადას.

ბ) მოკლე კურსი გულისხმობს მინიმუმ 4 თვეს და 10 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი შემდეგი 5
მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ორი ფოკუსირებული დაკვირვება): 
1.სასწავლო გარემო;
2.სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა; 
3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 
4. მეტაკოგნაცია და
მაღალი სააზროვნო უნარები; 
5.უკუკავშირი. 

10 გაკვეთილის ჩატარების ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს ვინც კურსს გაივლის 4 თვიდან ერთ წლამდე.

6. საბოლოო შეფასება/აღიარება

1. მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის საბოლოო შეფასებას (აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასება) ახდენს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

2. მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის შედეგებს ადასტურებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

7. მასწავლებლობის მაძიებლის პედაგოგიური კურსის განმავლობაში წარმოსადგენი დოკუმენტები

1. მასწავლებლობის მაძიებელმა შემაჯამებელ ელექტრონულ პორტფოლიოში, თვითშეფასების საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს პროგრამის განმავლობაში მის მიერ შექმნილი საუკეთესო ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ პროგრამის სწავლის შედეგებით განსაზღვრულ კომპეტენციებს. თითოეულ ნაშრომს თან უნდა ახლდეს რეფლექსია განხორციელებულ აქტივობაზე.

2. შემაჯამებელი ელ. პორტფოლიოს ფარგლებში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) თემატური გეგმა, გაკვეთილის გეგმა, გეგმის შესაბამისი ჩატარებული გაკვეთილის ტუტორის დაკვირვების ანგარიში, ჩატარებულ გაკვეთილის რეფლექსია.
ბ) სსსმ მოსწავლის უნარების შეფასების დასკვნა / ანგარიში და შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ან დიფერენცირებული მიდგომის ამსახველი დოკუმენტაცია.
გ) კლასგარეშე აქტივობის (პროექტული მუშაობა/კლუბური მუშაობა/საწრეო მუშაობა და სხვა) გეგმა და რეფლექსია განხორციელებული აქტივობის შესახებ,
დ) თვითშეფასების კითხვარი, კურსის რეფლექსია, კვირის რეფლექსია, სამოქმედო გეგმის ანგარიში,
ე) თვითგანვითარებაზე ზრუნვა და სხვა.

”მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის“ აკადემიური და პრაქტიკული კურსის შინაარსი აკადემიური კურსი მასწავლებლობის მაძიებლობის აკადემიურ კურსს ახორცილებს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აკადემიური კურსის განსახორციელებლად საჭიროა ცენტრმა წინასწარ განსაზღვროს თემატიკა. 

აკადემიური კურსი წარიმერთება ონლაინ რეჟიმში - ვიდეო ლექციების სახით. აკადემიური კურსი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მაძიებელი, კურსის ბოლოს, დააგროვებს ზღვრული რაოდენობის - 75% -ს და მეტს. Edex სისტემის პლატფორმაზე ჩაშენებულია აკადემიური კურსი - ონლაინ ლექციები, რომელიც მოიცავს სკოლაში შესასრულებელ პრაქტიკულ დავალებებს ტუტორის ფასილიტაციით. 

პორტალის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია ცენტრი (მაძიებლობის პროგრამა).
აკადემიური კურსის შინაარსი # აკადემიური კურსის შინაარსი

1 სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება
2 პოზიტიური სასწავლო გარემო
3 ინკლუზიური განათლება
4 მასწავლებლის პროფესიული განვითარება და ეთიკა
5 სწავლა სწავლების სტრატეგიები

”მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის“ აკადემიური კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეიძენს შემდეგ დარგობრივ კომპეტენციებს:
დარგობრივი კომპეტენციები:

1. კომპეტენცია - ცოდნა და გააზრება
I.კომპეტენციის სფერო - პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება მასწავლებლი იცნობს სასწავლო პროცესში დიფერენცირებული მიდგომების ძირითად პრინციპებს;
იცის, როგორ შექმნას მოსწავლისთვის მამოტივირებელი სასწავლო გარემო - ფიზიკური, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური გარემო ინკლუზიური,სწავლისა და მოსწავლეებისადმი კეთილგაწყობილი სასწავლო გარემო.
იცის კლასის მართვისა და კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიები.
იცის სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორები და აცნობიერებს თანამშრომლობითი გარემოს მნიშვნელობას საკუთარი პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
II.კომპეტენციის სფერო - მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება

2.1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა მასწავლებელი იცნობს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას;
იცის ზოგადი განათლების ჩარჩო დოკუმენტებზე დაყრდნობით მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა.
იცის საგანმანათლებლო ბეჭდური და ICT რესურსების მოძიება, შექმნა და სასწავლო პროცესში მიზნობრივად გამოყენება.
იცის პიროვნების განვითარებისა და განათლების ძირითადი თეორიები, აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვის და წარმართვისას.
იცნობს მოსწავლეებში საბაზისო აკადემიური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითრების ძირითად მიდგომებს.
იცის სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი, მოსწავლეზე ორიენტირებული სტრატეგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები;
იცის სწავლა/სწავლების მეთოდები, ტექნოლოგიები და სტრატეგიები, მათი გამოყენების შესაძლებლობები.
იცის მდგრადი განვითარების მიზნები და პრინციპები;
აცნობიერებს მდგრადი განვითარების პრინციპების სწავლების მნიშვნელობას პიროვნების ჩამოყალიბებაში, სოციალური და ბუნებრივი გარემოსადმი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის აღზრდაში.
აცნობიერებს კლასგარეშე საქმიანობის როლსა და მნიშვნელობას მოსწავლეთა მოტივაციის, სწავლის და მრავალმხრივი განვითარებისათვის.

2.2. სასწავლო პროცესის შეფასება

იცის მოსწავლის შეფასება (მ.შ. სსსმ მოსწავლის) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით;
იცის შეფასების ტიპები, პრინციპები და მეთოდები. იცის როგორ გააანალიზოს შეფასების შედეგები.
იცის შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებისა და რუბიკების შედგენის ძირითადი პრინციპები.
III.კომპეტენციის სფერო - პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა იცის პროფესიული განვითარების ძირითადი პრინციპები, ფორმები და გზები.
იცნობს განათლების მეცნიერებებში თანამედროვე ტენდენციებსა და კვლევებს.
იცნობს განათლების მეცნიერების კვლევის მეთოდებს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს.
იცის პრაქტიკის კვლევის სპეციფიკა, წარმართვის თავისებურებები და აცნობიერებს კვლევის შედეგების გამოყენების მნიშვნელობას საკუთარი პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

2. დამოკიდებულებები და ღირებულებები:

აცნობიერებს განათლების ინკლუზიურობისა და მოსწავლეთა მოტივაციის მნიშვნელობას პოზიტიური,უსაფრთხო/კონფლიქტებისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნისთვის; აცნობიერებს მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან, თემთან თანამშრომლობის მნიშვნელობას უსაფრთხო (ფიზიკური, სოციალური და ემოციური)
სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის.
აცნობიერებს, რომ ზოგადი განათლების ჩარჩო დოკუმენტები და განათლების მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნა მისი პედაგოგიური საქმიანობის ამოსავალია; მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლე, როგორც პიროვნება; სწამს, რომ დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, მის პიროვნულ და კოგნიტურ განვითარებას, ასევე მათ ინტეგრაციას სასკოლო საზოგადოებაში.
ორიენტირებულია უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, სხვადასხვა გზით სიახლეების ათვისებასა და მათ პრაქტიკაში დანერგვაზე;აცნობიერებს კვლევაზე დაფუძნებული სასკოლო პრაქტიკის სრულყოფის მნიშვნელობას.
პედაგოგიური პრაქტიკის კურსი
პედაგოგიური პრაქტიკის კურსი ხორციელდება სკოლაში. მაძიებელს სკოლა უნიშნავს ტუტორს რომელიც მაძიებელს უწევს მუდმივ დახმარებას და მხარდაჭერას.

პრატიკული ნაწილი შედგება:

1. აკადემიური კურსის განმავლობაში მიცემული დავალებების სასწავლო პრაქტიკაში გადატანა
2. გრძელი კურსის შემთხვევაში 20 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი შემდეგი 5 მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ოთხი ფოკუსირებული დაკვირვება): 

1.სასწავლო გარემო; 
2.სოციალურ- ემოციური მხარდაჭერა; 
3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 
4. მეტაკოგნაცია და მაღალი სააზროვნო უნარები; 
5.უკუკავშირი და მოკლე (ინტენსიური) კურსის შემთხვევაში 10 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება

ტუტორი შემდეგი 5 მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ორი ფოკუსირებული დაკვირვება): 

1.სასწავლო გარემო; 
2.სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა; 
3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 
4. მეტაკოგნაცია და მაღალი სააზროვნო უნარები; 
5.უკუკავშირი

მაძიებელს სკოლაში ევალება

ა) თანამშრომლობს ტუტორთან მაძიებლის ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრასა და ინდივიდუალური პროგრამის
შემუშავებაში.
გ) ესწრება და აკვირდება ტუტორის და სხვა მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, მონაწილეობს გაკვეთილებისა
და პროფესიული ლიტერატურის განხილვაში.
დ) გეგმავს საჩვენებელ გაკვეთილებს და ითვალისწინებს ქოუჩის რეკომენდაციებს.
ე) ქმნის მაძიებლის პროფესიულ საქაღალდეში განსათავსებელ დოკუმენტებს და ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

”მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის“ პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეიძენს შემდეგ დარგობრივ კომპეტენციებს:

კომპეტენცია - პრაქტიკული და სხვადასხვა უნარები
კომპეტენციის სფერო - პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება
შეუძლია შექმნას დადებითი სასწავლო გარემო მოსწავლეების ინდივიდუალური, სპეციალური საჭიროებების, მათი კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით და ხელი შეუწყოს კლასში თითოეული მოსწავლის ინტეგრაციას და მათ მოტივაციას;
შეუძლია უსაფრთხო თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნა თითოეული მოსწავლის პიროვნული, სოციალური-ემოციური და კოგნიტური განვითარებისთვის;
შეუძლია ქცევის სირთულეების მქონე მოსწავლისთვის სასწავლო გარემოს ორგანიზება ფსიქოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
შეუძლია კლასის მართვა, კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების გაანალიზება და ადეკვატური რეაგირება;
შეუძლია მოსწავლეებთან, მშობელთან, კოლეგებთან, თემთანეფექტური კომუნიკაცია კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარებისათვის;
შეუძლია მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა შესაბამისი სტრატეგიებისგამოყენებით,მათი ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინებით.
შეუძლია მოსწავლეებთან, კოლეგებთან, თემთანეფექტური კომუნიკაცია და საქმიანი თანამშრომლობა;
შეუძლია მშობელთა (სხვა კანონიერ წარმომადგენლებთან) ჩართულობის ხელშეწყობა მოსწავლეთა გააზრებულად სწავლებისთვის.
II.კომპეტენციის სფერო - მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება

2.1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა

შეუძლია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის პრიორიტეტებისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმების შემუშავება;
შეუძლია გაკვეთილის დაგეგმვა ყველა კომპონენტისა და მათ შორის კავშირების გათვალისწინებითდაგეგმვისას შეუძლია შიდასაგნობრივი და საგანთა შორისი კავშირების გათვალისწინება;
შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით შეუძლია სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება.
შეუძლია მოიძიოს, შეარჩიოს, შექმნას და გამოიყენოს დამხმარე რესურსები და ICT ტექნოლოგიები სასწავლო გეგმის მიზნებისა და კონკრეტული კლასის მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით.
შეუძლია პიროვნების, განვითარებისა და განათლების თეორიების ცოდნის ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში;
შეუძლია მოტივაციის გაძლიერების სტრატეგიების ეფექტიანად შერჩევა მოსწავლეთა ინდივიდუალურ პროგრესზე დაკვირვებითა და მათი ინტერესების გათალისწინებით.
შეუძლია მოსწავლეებში საბაზისო აკადემიური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობა მათი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათალისწინებით.
შეუძლია, მიზნობრივად გამოიყენოს სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები.
სწავლების პროცესში შეუძლია მდგრადი განვითარების პრინციპების სასწავლო თემებში ინტეგრირება.
შეუძლია კლასგარეშე საქმიანობების (საკლუბო, საწრეო, სასწავლო და სოციალური პროექტების) დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

2.2. სასწავლო პროცესის შეფასება

შეუძლია მოსწავლეთა შეფასების მეთოდების მიზნობრივი გამოყენება თითოეული მათგანის მიღწევისა და პროგრესის შესაფასებლად;
შეუძლია განმავითრებელი შეფასების ეფექტიანად გამოყენება თითოეული მოსწავლის კოგნიტური და პიროვნული განვითარებისთვის.
შეუძლია შეფასების სქემების და რუბრიკების შედგენა, მათზე დაყრდნობით მოსწავლეთა ობიექტური შეფასება.

III.კომპეტენციის სფერო - პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
თვითშეფასების, კოლეგებისაგან, დირექციისაგან, მოსწავლეებისაგან, მშობლებისაგან მიღებული უკუკავშირისა და მოსწავლეთა საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შეუძლია საკუთარი პრაქტიკის კომპლექსური, თანმიმდევრული და კრიტიკული ანალიზი - ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და პროფესიული განვითარების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
აქვს უნარი, მოიძიოს და გამოიყენოს განათლების მეცნიერებაში ახალი ცოდნა, ტენდენციები და თანამედროვე კვლევები საკუთარი პროფესიული განვითარებისა და სასკოლო პრაქტიკის სრულყოფისთვის.
შეუძლია კველევების დაგეგმვა, შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნა/მოძიება, განხორციელება ან/და მოსწავლეების კვლევით პროექტებში ჩართვა.
სასკოლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზეშეუძლია პრობლემის/საჭიროების იდენტიფიცირება, ანალიზი, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მათი ეფექტიანობის შეფასება.

დემონსტრირების სპეციფიური კრიტერიუმები:

I.კომპეტენციის სფერო - პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება შემუშავებული საგაკვეთილო გეგმა დიფერენცირებული დავალებებით;
დაგეგმილი არასაგაკვეთილო ან საგაკვეთილო აქტივობა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში განსხვავებულობის/კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას და დაეხმარება სხვადასხვა სტერეოტიპული დამოკიდებულების გამკლავებაში.
სასკოლო პრაქტიკის პორტფოლიო, რომელშიც რეფლექსიაში აღწერილია სტუდენტის მიერ გამოყენებული კლასის მართვისა და კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები, გაანალიზებული და შეფასებულია მათი ეფექტიანობა.
აქტივობა სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე.

II.კომპეტენციის სფერო - მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება

2.1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა

ზგემ-ზე და ესგ-ზე დაყრდნობით შემუშავებული გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე. სტუდენტის შექმნილი სასწავლო რესურსი, ინსტრუქცია რესურსის სარგებლიანობასა და მოხმარებაზე ასახული გაკვეთილის გეგმაში;
მიზნების შესაბამისად მოძიებული და შერჩეული დამხმარე ბეჭდური და ელექტრონული რესურსები ასახული გაკვეთილის გეგმაში.
განხილული შემთხვევები (ე.წ. ქეისები), რომლებშიც ჩანს პიროვნების, განვითარებისა და განათლების თეორიების ცოდნის შესაბამისი გამოყენება. ასევე, სასკოლო პრაქტიკის რეფლექსია, რომელშიც გაანალიზებულია, როგორ მოახდინა სტუდენტმა თეორიების ცოდნის გადატანა პრაქტიკაში.
გაკვეთილის გეგმა/არასაგაკვეთილოაქტივობა.
გაკვეთილის გეგმა, სასკოლო პრაქტიკის რეფლექსია.
შექმნილი აქტივობები და დაგეგმილი პროექტები სასკოლო პრაქტიკის პროცესსაან სააუდიტორიო მეცადინეობის ფარგლებში.
სტუდენტის მიერ დაგეგმილი, განხორციელებული და გაანალიზებული კლასგარეშე ღონისძიებები სასკოლო პრაქტიკის პროცესსაან სააუდიტორიო მეცადინეობის ფარგლებში.

2.2. სასწავლო პროცესის შეფასება

გაკვეთილის გეგმებში წარმოგენილი შეფასების მეთოდები, რომლებიც ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის შეფასების სპეციფიკას სასკოლო პრაქტიკის პროცესსა ან სააუდიტორიო მეცადინეობის ფარგლებში;
პრაქტიკის/სააუდიტორიო სწავლების ფარგლებში მოსწავლის ნაშრომზე გაცემული განმავითარებელი უკუკავშირი.
სტუდენტის შემუშავებული შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები, მათზე დაყრდნობით შეფასებული მოსწავლეთა ნაშრომები.

III.კომპეტენციის სფერო - პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

სასკოლო პრაქტიკის პროცესში თვითშეფასების, კოლეგებისაგან, მენტორისაგან, ლექტორისაგან, მიღებული უკუკავშირის საფუძველზე საკუთარი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება და პროფესიული განვითარების ორიენტირების დაგეგმვა.
სტუდენტის კვლევით ნაშრომში გამოყენებული თანამედროვე კვლევები.
სტუდენტის მიერ წარმოებული კვლევის ანგარიში/მოსწავლეებისთვის დაგეგმილი კვლევითი პროექტი.
სტუდენტის მიერ წარმოებული კვლევის ანგარიშები;სამაგისტრო ნაშრომი.

”მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის“ გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეიძენს ზოგად კომპეტენციებს:

ანალიზისა და სინთეზის უნარი - შეუძლია რთული, არასრული და წინააღმდეგობრივი მონაცემების კრიტიკულად შეფასება, მათი დამოუკიდებელი ანალიზი. ანალიზის შედეგების გასაგებად გადმოცემა და შემდგომ მათი გამოყენება. შეუძლია სხვადასხვა მონაცემის გაანალიზება, შეჯამება, ინტეგრაცია, დასკვნის გამოტანა. მიღებული შედეგების ანალიზისას მტკიცებულებების და/ან საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა;
ინფორმაციის მართვა - შეუძლია სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება, დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და მისი კრიტიკულად შეფასება. პროფესიული საქმიანობისას აქვს მოძიებული ინფორმაციის გამოყენების უნარი;
პრობლემის გადაჭრა / გადაწყვეტილების მიღება; - დამოუკიდებლად შეუძლია კომპლექსური პრობლემების განსაზღვრა, ჩამოყალიბება, მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა;
რესურსების მიზნობრივი გამოყენება - იცნობს და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყენებს დამატებით რესურსებს საკუთარი სპეციალობის ფარგლებში;
ჯგუფში მუშაობის უნარი - აქვს ჯგუფში მუშაობის უნარი, როგორც რიგით წევრს, ასევე - ლიდერს. შეუძლია ამოცანების მკაფიოდ ფორმულირება, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება;
კონფლიქტური და ფორსმაჟორული სიტუაციების მართვა;
კომუნიკაციის უნარი- აქვს დაკვირვების, მოსმენის, კითხვების დასმის, აგრეთვე, არავერბალური კომუნიკაციის უნარი.;
შეხვედრებში მონაწილეობა, თავისი მოსაზრებების ზეპირსიტყვიერად და წერილობით გადმოცემა;
სწავლის/ცოდნის მუდმივი განახლების უნარი - შეუძლია სასწავლო-საინფორმაციო რესურსების სრული სპექტრის გამოყენება,
საკუთარი სწავლის პროცესის მართვა. აცნობიერებს ცოდნის განუწყვეტელი განახლების აუცილებლობას. აქვს საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ობიექტურად შეფასებისუნარი;
ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი - კოლექტივში პრაქტიკული მუშაობის ჩვევები, პროფესიული სუბორდინაციის/ადაპტაციის უნარი, ახალი ტექნოლოგიების ათვისებისუნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი - აქვს დროის ორგანიზების, პრიორიტეტების შერჩევის, ვადების დაცვისა და შეთანხმებული სამუშაოს შესრულების უნარი. შეუძლია თავის საქმიანობასთან დაკავშირებული რესურსების სწორად დაგეგმვა. პასუხს აგებს შესრულებულ სამუშაოზე და შეუძლია მისი შეფასება და კრიტიკა.
მაძიებლის პორტფოლიოში განსათავსებელი დოკუმენტები

მასწავლებლობის მაძიებელმა შემაჯამებელ ელექტრონულ პორტფოლიოში, თვითშეფასების საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს პროგრამის განმავლობაში მის მიერ შექმნილი საუკეთესო ნაშრომები (მტკიცებულებები), რომლებიც ადასტურებენ პროგრამის სწავლის შედეგებით განსაზღვრულ კომპეტენციებს. თითოეულ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს რეფლექსია განხორციელებულ აქტივობაზე. შემაჯამებელი ელ. პორტფოლიოს ფარგლებში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მტკიცებულებები:

1. გაკვეთილის გეგმა, კლასგარეშე აქტივობების გეგმა, თვითშეფასება, ტუტორის/დირექტორის ანგარიში, სამოქმედო გეგმის ანგარიში, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, ჩატარებული გაკვეთილების, კლასგარეშე აქტივობების კურსის, კვირის რეფლექსიები.

წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურდებდეს შემდეგ კომპეტენციებს:

 სწავლებისას საგნობრივი ცოდნის ეფექტიანად გამოყენების უნარი;
 მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული თემატური და გაკვეთილის გეგმების შექმნის უნარი;
 თითოეული მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური თუ კოგნიტური განვითარებისთვის ხელშემწყობი
მამოტივირებელი გარემოს შექმნის უნარი;
 სასწავლო რესურსების (მათ შორის ციფრულის) შექმნის / მოძიებისა და მიზნობრივად გამოყენების უნარი;
 მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 სწავლების სტრატეგიების მიზნობრივად გამოყენების უნარი;
 მოსწავლეთა შეფასებისას განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მეთოდებისა და შესაბამისი
ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენების უნარი;
 პროფესიული ეთიკის დაცვის უნარი;
 ჩატარებული გაკვეთილის გაანალიზებისა და შეფასების უნარი.

2. სსსმ მოსწავლის უნარების შეფასების დასკვნა / ანგარიში და შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურდებდეს შემდეგ კომპეტენციებს:
 თანამშრომლობა სპეციალურ მასწავლებელთან და მასთან კონსულტაციით ან/და შესაბამისი სპეციალისტების
ჩართულობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების
იდენტიფიცირება და შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების უნარი;
 განხორციელებული აქტივობების გაანალიზებისა და შეფასების უნარი.

3. კლასგარეშე აქტივობის (პროექტული მუშაობა/კლუბური მუშაობა/საწრეო მუშაობა და სხვა) გეგმა და რეფლექსია

განხორციელებული აქტივობის შესახებ. წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურდებდეს შემდეგ კომპეტენციებს:
 მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათალისწინებით კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვის,
განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის შეფასების უნარი.
 მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან (სხვა კანონიერ წარმომადგენლებთან), კოლეგებთან პოზიტიური კომუნიკაციისა
და საქმიანი თანამშრომლობის უნარი;

4. თვითშეფასების კითხვარი და პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. თვითშეფასება უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეთა შედეგების ანალიზს, კოლეგა სტუდენტის / სტუდენტების, ლექტორების, პრაქტიკის ხელმძღვანელი მასწავლებლების უკუკავშირს. წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურდებდეს შემდეგ კომპეტენციას:

 საკუთარი პრაქტიკის კომპლექსური, თანმიმდევრული და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე შეუძლია საკუთარი
ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა
და განხორციელების უნარი.
 მასწავლებლის პროფესიაში უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობის გაცნობიერება;
 კოლეგებთან გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობის გაცნობიერება;
შემაჯამებელ პორტფოლიოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას გამოყენებული იქნება შეფასების
სტანდარტიზებული ინსტრუმენტები.
წაიკითხეთ სრულად