Baby Bag

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი ​დოკუმენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

დადგენილების თანხმად, ეს სქემა ვრცელდება მასწავლებლებზე (გარდა მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლებისა).

2. მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) გარე დაკვირვება – კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილის ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის დროსაც გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით ფასდება მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილი, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას, გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებსა და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით;

ე) წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. უფროსი მასწავლებლის სტატუსის შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს:

ა) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

ა) პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას;

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) გარე დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირებას) და პორტფოლიოს შეფასებას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ა) პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს;

ბ.ა) გარე დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირებას) და პორტფოლიოს შეფასებას.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას გადალახავს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, მას უფლება აქვს, მიღებული შედეგი გამოიყენოს მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პროცესში.“.

6. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;“.

7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოქმედების ვადა

ამ სქემის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებით სპეციალური მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირისათვის მომდევნო, მაღალი სტატუსის მინიჭება.“.

8. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 613 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი.“.

9. 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებული ჰქონდათ 15 კრედიტქულა (მათ შორის, საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები ნაწილობრივ ჰქონდათ დადასტურებული) და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვთ, დარეგისტრირდენ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ჩასატარებელ მასწავლებლის გამოცდაზე და ნაწილობრივ დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (ის საგანი ან/და პროფესიული კომპეტენცია, რომელიც დაგროვებული არ აქვთ 15 კრედიტქულის ფარგლებში), დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით. თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი მოცემული გამოცდის ნაწილობრივ დადასტურების შემთხვევაში დააგროვებს 19 კრედიტქულას, მას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს როგორც უფროსი მასწავლებელი.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვთ, გავიდნენ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ორგანიზებულ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

4. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.“;

დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე პერიოდში მოპოვებული ექნებათ გარკვეული რაოდენობის კრედიტქულა ან/და ნაწილობრივ (1, 4, 7 კრედიტქულაზე) ან სრულად (10 კრედიტქულაზე) დადასტურებული ექნებათ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები, უფლება აქვთ, არსებული საჭიროებიდან (უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო/დარჩენილი კრედიტქულების შესავსებად) გამომდინარე:

ა) გაიარონ ტრენინგმოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ 1-5 კრედიტქულა;

ბ) დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (მათ შორის, განმეორებით), დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.

8. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).“.

10. 39-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 15 კრედიტქულა, მათ შორის, ორი სავალდებულო აქტივობით (გარდა გარე დაკვირვებისა) ან „გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №205/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად წარდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩაეთვალათ ხარვეზის მქონედ, აღნიშნულ პირებს მოცემული ხარვეზის გამოსწორების ვადად განესაზღვროთ 2019-2020 სასწავლო წლის პერიოდი და ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, რაც დადგინდება მონიტორინგის საფუძველზე, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში მიეცემათ უფლება, გაიარონ მხოლოდ გარე დაკვირვება (როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით) და 2020 წლის 31 დეკემბრამდე წარმატებით გავლის შემთხვევაში, 2021 წლის იანვრიდან მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 2021 წლის 15 ივნისამდე წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2021 წლის 30 სექტემბრამდე. ამ პუნქტით განსაზღვრული ქმედების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება ამ სქემის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.“;

ბ) პირველ პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი, ობიექტური გარემოებების საფუძველზე, უარს განაცხადებს დისტანციური ფორმით გარე დაკვირვების გავლაზე, მას უფლება აქვს, გარე დაკვირვება გაიაროს 2021 წლის 15 ივნისამდე პერიოდში პირისპირ, ხოლო ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, დისტანციური ფორმით.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-4 პუნქტი:

„4. 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე სქემაში განაწილებული უფროსი მასწავლებელი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მოიპოვებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს.“.

11. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების მიზნით, შეფასების განხორციელებას უზრუნველყოფს 2022 წლიდან.“.

12. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 43. პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ სქემის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს 2022 წლიდან.“

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყ​არო“

შეიძლება დაინტერესდეთ

​„ჯარისკაცი განათლების სისტემაში“ - წარმატებული დირექტორის წარმატების ფორმულა

​„ჯარისკაცი განათლების სისტემაში“ - წარმატებული დირექტორის წარმატების ფორმულა

საუბარს საკუთარი ისტორიით იწყებს, იმ გზით, თუ როგორ მივიდა გადაწყვეტილებამდე - გამხდარიყო სკოლის დირექტორი. მაშინ მტკიცედ სწამდა, რომ ცვლილებების მოხდენა შეეძლო. „დავინახე და ვიგრძენი, რომ რეფორმების წარმატებით განხორციელებაში დირექტორების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმების მთავარი ღერძი ხომ სკოლაა“ - ეს სიტყვები დღეს უკვე ბევრს ნიშნავს, რადგან ის ​საქართველოს ყველაზე წარმატებულ​ი სკოლის ყველაზე წარმატებულ დირექტორს, ლენა გომართელს ეკუთვნის.

პროფესიით მასწავლებელია, გერმანისტი, რომელსაც ეს პროფესია საკუთარმა გერმანულის მასწავლებელმა შეაყვარა და სწორედ მისი ხათრით გადაწყვიტა ამ სფეროს გაჰყოლოდა. შემდეგ იყო სხვადასხვა სამსახური, უმაღლეს დაწესებულებებში, სკოლებში, რესურსცენტრში, თუმცა ჩვენი ამბავი იმ დღიდან იწყება, როდესაც ჩვენი ისტორიის მთავარმა გმირმა ქალბატონმა 2014 წელს მტკიცედ გადაწყვიტა დირექტორობა და საჩხერის N2 საჯარო სკოლის კარები შეაღო.

„ვფიქრობ, რომ დირექტორობა ძალიან საინტერესო საქმიანობაა. ამ სფეროში ადამიანს შეუძლია ყველა მხრივ რეალიზება, საკუთარი უნარების, განათლების წარმოჩენა. სკოლა გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ აღმოვაჩინოთ ლიდერები, საკუთარ თავში, პედაგოგებში და მოსწავლეებშიც. ეს სფერო მე მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეები გავზარდო პროფესიულად და დავაყენო სწორ გზაზე. ამაზე უკეთესი, რა შეიძლება მოხდეს?!“ - ამბობს ლენა გომართელი და საკუთარ წარმატებებზე დაუზარელად გვიყვება.

მისი თქმით, სკოლა საუკეთესო ასპარეზია იმისთვის, რომ თითოეული მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის ცხოვრება სიკეთისკენ შეცვალო. მართალია, თავიდან ეს პროცესი ცოტათი რთული იყო, რადგან დირექტორობა კომპლექსურ ცოდნა მოითხოვს, თუმცა მის პროფესიულ კარიერაში გამოჩნდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ და ლიდერობის სამწლიანი აკადემია, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მისი, როგორც დირექტორის ჩამოყალიბებაში.

„აკადემიაში სწავლის დროს, მივიღე ძალიან დიდი ცოდნა მართვისა და ლიდერობის კუთხით. ამ პერიოდში, თუ კი, რამე პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ, ეს სწორედ ამ აკადემიის, მისი ტრენერებისა და იმ ცოდნის დამსახურებაა, რომელსაც დაუზარებლად გვიზიარებდნენ იქ“ - ჰყვება წარმატებული დირექტორი და იმ გუნდის შექმნის პერიოდს იხსენებს, რომელმაც საქართველოს საუკეთესო სკოლა აჩუქა.

„სკოლის წარმატება გუნდზეა დამოკიდებული. ნებისმიერი პროექტი, რომელიც სკოლაში და ან მის გარეთ ხორციელდება, დირექტორისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობის შედეგია. მე არ მიცდია, რომ გარედან მომეყვანა ახალი პედაგოგები, თუმცა კი, იყო კადრების ცვლილებაც, მაგრამ ეს მოხდა ძალიან ობიექტურად და გამჭვირვალედ. მე მაქსიმალურად ვეცადე, რომ ის გუნდი, რომელიც დამხვდა სკოლაში, განმევითარებინა, მინდოდა, რომ მათი მონაწილეობით მიმეღწია წარმატებებისთვის და ეს ასეც მოხდა. მათი შესაძლებლობები შევისწავლე და ჩვენი სკოლის ყველა სამომავლო გეგმა ჩამოვაყალიბე მათ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით. წარმატებული სკოლაც ამ პრინციპზე დგას - ყველა აკეთებს თავის საყვარელ საქმეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, ხოლო წარმატებული დირექტორი კი ამ პროცესს უზრუნველყოფს და ეხმარება მათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, განვითარებასა და განხორციელებაში“.

რა თქმა უნდა, მკითხველს დააინტერესებს, თუ რითია გამორჩეული საჩხერის N2 საჯარო სკოლა და რატომ მიიღო მან საქართველოში საუკეთესო სკოლის სტატუსი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ლენა გომართელი „მსოფლიო განათლების კონკურსს“ იხსენებს, სადაც ზუსტად მსგავსი კითხვა დაუსვეს და სთხოვეს, გამოეყოთ ხუთი მიმართულება, რომელიც მათ სკოლას გამორჩეულს ხდიდა.

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. სკოლაში არსებულმა ადამიანურმა რესურსმა მე მომცა შესაძლებლობა, რომ უფრო გამეძლიერებინა უცხო ენების სწავლება და ჩვენ ახლა მოსწავლეებს ვთავაზობთ არა მხოლოდ სასწავლო მასალებს, არამედ სხვადასხვა ლიტერატურას, სავარჯიშოებს, დავალებებს, რესურსებს. უცხო ენების მიმართ მსგავმა ყურადღებამ კი ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, სხვა მიმართულებებიც გაგვეძლიერებინა და ამჯერად პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები აღმოჩნდა. STEM-ის ფარგლებში ბევრ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, ბევრი გრანტი მოვიპოვეთ და სკოლაში რობოტექნიკის კლუბიც კი დავაარსეთ. მესამე მიმართულება პროფესიულ განათლებას უკავშირდება, რომელიც სკოლის ინოვაციაა. დღეს ჩვენს სკოლაში მოსწავლეები შვიდი მიმართულებით (მზარეულის, კონდიტერის, დიზაინერის, ელექტრიკოსის, IT სპეციალისტის, დურგლისა და ექთანის საგანმანათლებლო პროგრამები) ეუფლებიან პროფესიას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მათ საკლასო ოთახებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. მეოთხე მიმართულება მშობლების განათლებას ეხება. ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც მშობელთა საჭიროებები ვიკვლიეთ და აქედან გამომდინარე, სკოლაში „მშობელთა სკოლა“ დავაარსეთ. ამ სკოლაში ჩვენ მშობლებს ვუტარებდით ტრენინგებს, ვებინარებს, შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მათ საჭიროებებზე მორგებულს. ბოლო, მეხუთე მიმართულებად უნდა დავასახელო მდგარდი განვითარების მიზნების განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები. მთავარი აქცენტი კეთდება იმ 17 მიზანზე, რომელიც 2030 წელს უნდა ჰქონდეს მსოფლიოს და რაც კი სკოლაში პროექტი ხორციელდება, ვცდილობთ, რომ სწორედ ამ მიზნებს იყოს მორგებული და მათი დანერგვისკენაა მიმართული“ - განმარტავს ლენა გომართელი.

სამომავლო მიზნებზე საუბრისას დირექტორი აქცენტს ისევ უცხო ენებსა და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაძლიერებულ სწავლებაზე აკეთებს და გვეუბნება, რომ სწორედ ამ გზით აპირებს სკოლა განვითარებას. მას არც ახალბედა დირექტორები და ის ახალგაზრდები ავიწყდება, რომლებიც ამ პროფესიაში აპირებენ შემოსვლას და მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევებს უზიარებს:

„ჩვენ ჩვენი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ ახალგაზრდებს, რომ სკოლა არის შესაძლებლობა, შესაძლებლობა, იყო წარმატებული, როგორც საშინაო, ისე, საგარეო ასპარეზზე. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, პირველ რიგში, სკოლა უნდა იყოს ძლიერი და სკოლის სიძლიერეს კი ის ახალგაზრდები განაპირობებენ, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ ამ სისტემაში. მათ არ უნდა შეეშინდეთ, კი, რთულია, ამხელა ადამიანური რესურსის მართვა, ამდენი საქმე, დამღლელია, თუმცა არა შეუძლებელი. თუ ახალგაზრდები სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ თქვენი ქვეყნის სწორ განვითარებას უწყობთ ხელს“.

ბოლოს, ჩვენი ისტორიის მთავარი შემოქმედი დასძენს, რომ ამ საქმეს, რომელსაც წლებია ემსახურება, დიდი ენთუზიაზმიც ახლავს თან და ეს დასაწყისიდანვე უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც მასწავლებლობა ან დირექტორობა მოუნდება.

„ჩვენ ვიცით, რომ განათლების სისტემაში ბევრი პრობლემაა, თუმცა თუ შენ იქნები ყოჩაღი და მონდომებული, ყველაფერს შეძლებ. მე არ მიყვარს წუწუნი, მით უმეტეს მუდმივად და სწორედ ამიტომ, არც ერთ შანსს არ ვუშვებ ხელიდან, რასაც ეს საქმიანობა მთავაზობს. ჩვენ ვმუშაობთ დაუზარელად, ვუმკლავდებით პრობლემებს და გვაქვს ბერკეტი, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები, აი ესაა ჩვენი წარმატება“ - განმარტავს ლენა გომართელი.

უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც საქართველოს საუკეთესო სკოლის ტიტულს საჩხერის N2 საჯარო სკოლა, ხოლო წარმატებული დირექტორისას - ლენა გომართელი, ატარებს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან წარმატებულ დირექტორს წინ უფრო დიდი გზა ელოდება, დიდი გეგმებითა და მიზნებით, წარმატებული გზა - „განათლების სისტემის ჯარისკაცობამდე“. 
ავტორი: მარიამ გვარამია

წაიკითხეთ სრულად