Baby Bag

განათლების სამინისტრო მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მასწავლებელთა გამოცდები, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდები 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიმართება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა.

„ცვლილება შეეხება იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე. მათ უფლება ეძლევათ, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე აიმაღლონ მასწავლებლის სტატუსი.

გარდა ამისა, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებული ჰქონდათ 15 კრედიტქულა (მათ შორის, საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები ნაწილობრივ ჰქონდათ დადასტურებული) და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და დაგროვებული 15 კრედიტქულა 19 კრედიტქულამდე შეივსონ.

სქემაში შესული ცვლილებები უფროს მასწავლებლებსაც შეეხება. კერძოდ, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში მათ მიეცემათ უფლება, გაიარონ მხოლოდ გარე დაკვირვება (როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით). 2020 წლის 31 დეკემბრამდე გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2021 წლის იანვრიდან მიენიჭებათ, ხოლო 2021 წლის 15 ივნისამდე წარმატებით გავლის შემთხვევაში - 2021 წლის 30 სექტემბრამდე.

ასევე, აღსანიშნავია, რომ თუკი უფროსი მასწავლებელი 2020-2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე მოიპოვებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარ​ო“

1-ლი დეკემბრიდან გარე დაკვირვება მხოლოდ დისტანციური ფორმატით განხორციელდება - მასწავლებლის...
​ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან - 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქ...
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულე...
მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„ესაა ის ცვლილებები, რომლ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის ჩვენი ვაი-პედაგოგიკა. სანამ ეს არ დამთავრდება საქართველოში, გაიზრდებიან მოძალადე ბავშვები,“- თამარ გაგოშიძე

„ეს არის ჩვენი ვაი-პედაგოგიკა. სანამ ეს არ დამთავრდება საქართველოში, გაიზრდებიან მოძალადე ბავშვები,“- თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში ბულინგისა და ჩაგვრის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პრობლემას სკოლა და ოჯახი ერთად უნდა დაუპირისპირდეს:

„მასწავლებელს, რომელსაც ცხოვრება არ უხარია, აქვს შეხება ბავშვთან და ეს გავლენას ახდენს ბავშვზე. არც იმას აღარ უხარია ცხოვრება. ძალიან შორიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ არ გვაქვს ერთი მიზეზი. ჩაგვრა კომპლექსური რამ არის. როდესაც ჩაგვრის ფაქტი მოხდება, ​მშობელი უნდა გაერკვეს, რა ხდება. მშობელს უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მასწავლებელთან. ეს მჭიდრო კონტაქტი არ ნიშნავს დაპირისპირებას. სამწუხაროდ, ჩვენ თანამშრომლობა არ ვიცით, არ ვიცით ფაქტებზე დაფუძნებული ურთიერთობა. წინასწარ უკვე განწყობილი მიდიხარ საჩხუბრად, არ გაინტერესებს იქ რა ხდება. ბავშვისთვის შეთავაზება, რომ შენ თვითონ გაარკვიე და შენს თავს თვითონ მიხედე, არ გამოდის, სამწუხაროდ.“

თამარ გაგოშიძის თქმით, საქართველოში პედაგოგიკა არ არსებობს, რაც სავალალო შედეგების მომტანია:

​პედაგოგიკა ამოღებულია ჩვენს ქვეყანაში. არავინ არ იცის, როგორ გაზარდოს ბავშვი. არც მასწავლებელმა არ იცის პედაგოგიკა, ძალიან ვწუხვარ. პედაგოგიკა არ არის ძალადობა ბავშვზე, არც ჩხუბია, არ ყვირილია. პედაგოგიკა არის დადებითი მაგალითები ბავშვისთვის. ჩვენ რას ვასწავლით ოჯახსა და სკოლაში ბავშვს?! ის უნდა იყოს პირველი, უნდა გადაუაროს ყველას, უნდა გახდეს მინისტრი, მდიდარი, გავლენიანი, უნდა ჰყავდეს გავლენიანი მეგობრები. რას გრძნობს ეს ბავშვი? ჩვენ ეს არ ვიცით.“

„მშობლები შვილებს ყოველ წუთში სურვილს არ უნდა უსრულებდნენ. ეს გრძელდება გარდატეხის ასაკის ჩათვლით. საქართველოში მშობელი თვლის, რომ ბავშვი არ უნდა გაანერვიულოს, ბავშვმა არ უნდა იდარდოს. იგულისხმება, რომ მოთხოვნილების დაკმაყოფილების გამო არ უნდა იდარდოს. მშობლები ყველაფერს უსრულებენ შვილს. რატომ არ გვაქვს პედაგოგიკა? მე ყველაფერს ვუსრულებ ჩემს შვილს, რადგან მეშინია, რომ არ დაიჩაგროს. ბავშვმა მითხრა, კანფეტი მიყიდე, მეც მაშინვე უნდა ვუყიდო. ​ბავშვის ტვინი ჩარჩოს დადებას არ სწავლობს. ბავშვი ნებელობას სწავლობს აღზრდის შედეგად. მე, მშობელი კი ვუსრულებ ყველა მოთხოვნილებას ბავშვს, ვცდილობ, ცივი ნიავი არ მივაკარო, მაგრამ ცხოვრების, ეგზისტენციის უფლებას არ ვაძლევ დამოუკიდებლად. ის არის ჩემი მონა და ამავე დროს თავისი მოთხოვნილებების მონა. მე ყველა მოთხოვნილებას ვუსრულებ, მაგრამ იმ წესით უნდა იცხოვროს, რომელიც მე მინდა. ეს არის ჩვენი ვაი-პედაგოგიკა. სანამ ეს არ დამთავრდება საქართველოში, გაიზრდებიან მოძალადე ბავშვები,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად