Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება მასწავლებლების გადამზადების ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული სწავლების ახალი მეთოდის შედეგების გათვალისწინებით.

„ეს საპილოტე პროექტი, რომელიც თითქმის დასრულებულია, გაზაფხულიდან კიდევ 50 სკოლაში შევა და ეტაპობრივად უკვე ყველა სკოლაში გავრცელება. პედაგოგების გადამზადება სწორედ ახალ მეთოდზე იქნება მორგებული. შესაბამისად ამას სჭირდება გარკვეული განახლებები. ეს უნდა იყოს ორი მიდგომით, ერთი, პროგრამების განახლებით ცვლილებები იმ კუთხით, რომელიც უნდა იყოს აზროვნებითი უნარების განვითარებაზე მიმართული და ამის პარალელურად, იქნება პედაგოგების ახალი კადრების, ახალგაზრდების ამ სისტემაში შემოყვანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

განათლების მინისტრის თქმით, ამავე მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, იმისათვის, რომ ახალი პროგრამით დააინტერესონ ახალგაზრდა პედაგოგები და პარალელურად ხელი შეუწყონ ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში ამ დროისთვის სკოლებში მყოფ პედაგოგებს.

„პედაგოგების კუთხით თუ იგივე მიდგომები არ შევცვალეთ, ძალიან რთულია სისტემის ცვლილებაზე საუბარი. ამიტომ. ეს უნდა მოხდეს პარალელურად, უნდა შეიცვალოს მიდგომები, უნდა მოხდეს თანამედროვე მოთხოვნების შემოტანა ამ სისტემაში. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ბავშვი, ეს არის მაღალი ხარისხის განათლება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

წყარო: 1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლებისთვის ორდღიან სემინარზე რეგისტრაცია გამოცხადდა

მასწავლებლებისთვის ორდღიან სემინარზე რეგისტრაცია გამოცხადდა

გამოცხადდა რეგისტრაცია ორდღიან სემინარზე „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის".

„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მეშვიდე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.

პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

სემინარი გაიმართება 2019 წლის 17-18 ოქტომბერს, თბილისში. სემინარს დაესწრება პირველი 10 მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას.

მოთხოვნები:

* მონაწილეობის მსურველს პედაგოგს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული;

* მონაწილეობის მსურველი პედაგოგი სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას ან გეოგრაფიას;

* მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს თბილისის საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებელი;

რეგისტრაციის ბოლო ვადა 13 ოქტომბერი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის".


წაიკითხეთ სრულად