Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება მასწავლებლების გადამზადების ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული სწავლების ახალი მეთოდის შედეგების გათვალისწინებით.

„ეს საპილოტე პროექტი, რომელიც თითქმის დასრულებულია, გაზაფხულიდან კიდევ 50 სკოლაში შევა და ეტაპობრივად უკვე ყველა სკოლაში გავრცელება. პედაგოგების გადამზადება სწორედ ახალ მეთოდზე იქნება მორგებული. შესაბამისად ამას სჭირდება გარკვეული განახლებები. ეს უნდა იყოს ორი მიდგომით, ერთი, პროგრამების განახლებით ცვლილებები იმ კუთხით, რომელიც უნდა იყოს აზროვნებითი უნარების განვითარებაზე მიმართული და ამის პარალელურად, იქნება პედაგოგების ახალი კადრების, ახალგაზრდების ამ სისტემაში შემოყვანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

განათლების მინისტრის თქმით, ამავე მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, იმისათვის, რომ ახალი პროგრამით დააინტერესონ ახალგაზრდა პედაგოგები და პარალელურად ხელი შეუწყონ ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში ამ დროისთვის სკოლებში მყოფ პედაგოგებს.

„პედაგოგების კუთხით თუ იგივე მიდგომები არ შევცვალეთ, ძალიან რთულია სისტემის ცვლილებაზე საუბარი. ამიტომ. ეს უნდა მოხდეს პარალელურად, უნდა შეიცვალოს მიდგომები, უნდა მოხდეს თანამედროვე მოთხოვნების შემოტანა ამ სისტემაში. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ბავშვი, ეს არის მაღალი ხარისხის განათლება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

წყარო: 1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ესა თუ ის სამსახური, დამსახურებულად უნდა მიიღოს და არა ნაცნობობით​“

„ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ესა თუ ის სამსახური, დამსახურებულად უნდა მიიღოს და არა ნაცნობობით​“

„ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა არის ის, რომ ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ესა თუ ის სამსახური, დამსახურებულად მიიღოს და არა ნაცნობობით​,“ - ასე გამოეხმაურა Momsedu.ge-სთან საუბრისას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას, რომ საჯარო სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიები თვალის ახვევაა - დირექტორებს წინასწარ, ნაცნობობით ჰყავთ არჩეული კადრები

„როდესაც ვაკანსია ცხადდება, ჩვენ ვხედავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დარეგისტრირდა. ადრე არ იყო ასე. როდესაც სკოლა აცხადებდა ვაკანსიას, ვერ ვგებულობდით, ვინ შეიტანა განცხადება. დირექტორი იტყოდა, რომ მხოლოდ ერთი გამოცხადდა და ის აიყვანა.

შარშან ვაკანსიების ჩამონათვალში დავამატეთ ახალი ფუნქცია და უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ სკოლაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე დარეგისტრირებული ადამიანები ვნახოთ. ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა არის ის, რომ ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ესა თუ ის სამსახური, დამსახურებულად მიიღოს და არა ნაცნობობით.

ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ეს არის მერიტოკრატიული საზოგადოება. ბანალურ რამეს ვიტყვი - ყველაფერს აიტანს ადამიანი ჩაგვრის გარდა. მე შეიძლება დაბალი ხელფასი მქონდეს, მაგრამ ჩაგვრას არ გაპატიებ.

როგორც იცით, ზაფხულში ვაკანსიის შესარჩევი გასაუბრება ჩატარდა. მასწავლებლის სახლი მაქსიმალურად იყო ჩართული, რომ სკოლებს ოპტიმალური გადაწყვეტილება მიეღოთ. ჩვენი თანამშრომლები რეგიონებში ვიყავით და ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობდით. ასე იქნება ამ წლის ზაფხულშიც,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ ​Momsedu.ge​-სთან საუბრისას.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წ​ყარო“.
წაიკითხეთ სრულად