Baby Bag

ქართველი მასწავლებელი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა

ქართველი მასწავლებელი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართველი პედაგოგი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა. ზეინაბ მურჯიკნელი მსოფლიოს იმ 10 მასწავლებელს შორისაა, რომლებიც PASCH პრემიის მფლობელები არიან.
პარტნიორი სკოლების პროგრამა (PASCH) 2008 წელს შემუშავდა და მასში მსოფლიოს 2000-ზე მეტი სკოლაა ჩართული. პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 35 ქვეყნიდან 483 ადამიანის მიერ 62 კანდიდატურა დასახელდა.
PASCH ჯილდოს ის ადამიანები იღებენ, რომლებიც გერმანულს როგორც მეორე ენას ასწავლიან და მოსწავლეებს ინტერკულტურულ ღირებულებებს უზიარებენ.

ზეინაბ მურჯიკნელს 25 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე შეხვდა და ორგანიზაციის სახელით საჩუქრები გადასცა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მასწავლებლების უმეტესობამ ისე მოინდომა, რომ მართლა გადააჭარბა იმ ცუდ მოლოდინს, რაც სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას ჰქონდა''

,,მასწავლებლების უმეტესობამ ისე მოინდომა, რომ მართლა გადააჭარბა იმ ცუდ მოლოდინს, რაც სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას ჰქონდა''

როგორ წარმოაჩინეს ჩვენმა მასწავლებლებმა თავი ამ კრიზისულ სიტუაციაში? - ,,ახალი განათლების'' აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ უპასუხა. 

მისი თქმით, მასწავლებლების უმეტესობამ ისე მოინდომა, რომ მართლა გადააჭარბა იმ ცუდ მოლოდინს, რაც სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას ჰქონდა:

,,სხვათა შორის, ბევრის გასაკვირად, ჩვენი მასწავლებლები თავს კარგად ართმევენ დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესებს და, ზოგადად, იშვიათად იპოვით დღეს მასწავლებლით უკმაყოფილო ადამიანს. ეს არ ეხება მხოლოდ დედაქალაქის ან დიდი ქალაქების სკოლების პედაგოგებს, რაიონშიც მიწევს ჩასვლა და კარგად ვიცნობ ვითარებას – მასწავლებლების უმეტესობამ ისე მოინდომა, რომ მართლა გადააჭარბა იმ ცუდ მოლოდინს, რაც სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას ჰქონდა. ბუნებრივია, როცა მხარდაჭერას გრძნობენ სამინისტროსგანაც – ხელფასებმა მოიმატა, პენსიაში გასული მასწავლებლები დააფასეს, არავინ არის ჩასაფრებულ პოზიციაში, ასე ვთქვათ „გამოჭერაზე“, პირიქით, ყველა მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, – ასეთ გარემოში ადამიანები ადეკვატურად იქცევიან და აჩვენეს კიდეც ეს მასწავლებლებმა.

ვერავინ დაასახელებს ქვეყანას, სადაც 100 პროცენტით ასრულებენ ადამიანები მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მაგრამ, ძალიან მიხარია, რომ ის ცუდი მოლოდინები, რომელიც საზოგადოების ნაწილში მაინც არსებობდა, არ გამართლდა. ყველაფერი პირიქით მოხდა. ნეტავ, განახათ როგორი ხალისით ატარებენ გაკვეთილებს და, რაც მთავარია, თანამშრომლობის/გაზიარების/კოლეგიალობის საოცარი მუხტი გაჩნდა. საერთოდ, ეს ფსიქოლოგიური მომენტია, გაჭირვების დროს ადამიანები უფრო შეიკვრებიან ხოლმე და უფრო უფრთხილდებიან ერთმანეთს – ასეთი თანადგომის და თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი აჩვენეს მასწავლებლებმა, რაც, თავისთავად, საქმეშიც გამოჩნდა, ეს ყველაზე კარგია, რაც მოხდა.

ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს ასეთი ორგანიზებულობისთვის, საკუთარი საქმის ერთგულებისა და გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის. მინდა დავარწმუნო, რომ მასწავლებლის სახლის თითოეული თანამშრომელი მაქსიმუმს გააკეთებს მათ მხარდასაჭერად!'' - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ. 

წაიკითხეთ სრულად