Baby Bag

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, შეფასების ორი სავალდებულო ფორმა განისაზღვრა - რა განსხვავებაა მათ შორის?

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, შეფასების ორი სავალდებულო ფორმა განისაზღვრა - რა განსხვავებაა მათ შორის?

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა - ​განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. 

რა განსხვავებაა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის? - განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში, ხოლო განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. 

უფრო კონკრეტულად: 

განმსაზღვრელი შეფასება

მისი მიზანია მოსწავლეთა მიღწევების დონის შემოწმება სასწავლო მიზნებთან შეფარდებით. მაგ. განმსაზღვრელი შეფასებაა ქულა, რომელსაც მასწავლებელი წერს გაკვეთილის დროს და რომელსაც არ ახლავს თან განმარტება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შედეგი გაუმჯობესდეს. განმსაზღვრელი შეფასება ტარდება სემესტრის ბოლოს, თემის დამთავრების შემდეგ, წლის ბოლოს და ა. შ. ისეთი სტანდარტიზებული ტესტები, როგორიცაა GRE, TOEFL და ა. შ. - არის განმსაზღვრელი შეფასების მაგალითები. მაგალითად, „რესტორნის მზარეულის მიერ საჭმლის გასინჯვა" არის განმავითარებელი შეფასება, რადგან ის სინჯავს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მისი პროდუქტი. მისი „კლიენტის მიერ საჭმლის გასინჯვა" არის განმსაზღვრელი შეფასება რადგან ის უბრალოდ ადგენს, რამდენად კარგია საბოლოო პროდუქტი. განსაზღვრებით შეფასებას „სწავლის შეფასებასაც" უწოდებენ.

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება ემსახურება მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და წარმატებების გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე, მასწავლებლის გამოხმაურებისა და კომენტარების დახმარებით, მუდმივად იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საკუთარი სწავლის გათვითცნობიერებაში ეხმარება. მასწავლებლის მიზანია: ასწავლოს მოსწავლეს, როგორ ისწავლოს (სწავლის სწავლა) და, ამავე დროს, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო საჭიროებების შესახებ, რათა დაეხმაროს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. განმავითარებელი შეფასება ემსახურება სწავლების დარეგულირებას - დაგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თითოეული მოსწავლისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენასა და პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას. განმავითარებელ შეფასებას „სწავლისათვის შეფასებასაც" უწოდებენ. განმავითარებელი შეფასების ყველაზე გავრცელებული ფორმებია წერილობითი კომენტარები, შეფასება ცხრილების (რუბრიკების) საშუალებით და სხვ.

იხილეთ ასევე:

სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის - ​განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად